ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის წარმატებით დახურვასთან ახლოსაა. როგორც რომანო წერს, ამჟამად კლუბი კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ქართველი მეკარე „წითლებს“ 2025 წელს შეუერთდება.
გავრცელებული ინფორმაციით, „ლივერპული“ „ვალენსიასთან“ მოლაპარაკებებს გადახდის პირობებსა და გარიგების სტრუქტურასთან დაკავშირებით აწარმოებს. როგორც ირკვევა, ინგლისელები მამარდაშვილის სანაცვლოდ ესპანელებს 35 მილიონ ევროს გადაუხდიან. შეთანხმების ერთ-ერთი პირობა კი კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში, მომავალი წლის ივნისამდე, გიორგის „ვალენსიაში“ იჯარით დარჩენაა.
ინგლისელებს გიორგი მამარდაშვილით ბრაზილიელი ალისონ ბეკერის ჩანაცვლება სურთ, რომელიც „ლივერპულს“ სწორედ 2025 წლის ზაფხულში დატოვებს. აღსანიშნავია, რომ გიორგის იჯარით კლუბში წასაყვანად მზაობას „ბორნმუთი“ გამოთქვამდა, თუმცა ქართველი მეკარე ამ წინადადებას არ დასთანხმდა და მსგავსი პირობით „ვალენსიაში“ დარჩენა ამჯობინა.
შეგახსენებთ, 18 ივლისს Transfermarkt-ის მიერ მონაცემების განახლების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა (ამ სტატუსს პორტუგალიელ დიოგუ კოშტასთან ინაწილებს). ამ დროისთვის მისი საბაზრო ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარში, „ვალენსიის“ მიერ გიორგი მამარდაშვილის შეძენის პერიოდში, ქართველის საბაზრო ღირებულება 3 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. ესპანურმა კლუბმა მამარდაშვილის იჯარის დასრულების შემდეგ „დინამო თბილისისგან“ ფეხბურთელის შესყიდვა გადაწყვიტა და მის სანაცვლოდ სულ რაღაც 850 ათასი ევრო გადაიხადა.
ქართველი მეკარის საბაზრო ფასის მნიშვნელოვანი ზრდა მის მიერ EURO 2024-ზე ნაჩვენებ შთამბეჭდავ შედეგებს უკავშირდება. მამარდაშვილმა ტურნირზე ყველაზე მეტი, 29 მოგერიება დააგროვა.