„მადრიდის რეალი“ ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასსა და კაპიტალის საინვესტიციო კომპანია CVC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. სამეფო კლუბის სარჩელი მათ შორის გაფორმებულ $3.2 მილიარდიან ხელშეკრულებას ეხება.
„მადრიდის რეალის“ განცხადებით, მათ მიერ წამოწყებული სამართლებრივი ქმედებების მიზანია შეაჩეროს დაგეგმილი ხელშეკრულების დამტკიცება, რომელსაც მხარი ლა ლიგის წევრებმა უნდა დაუჭირონ.
თავის მხრივ, ლიგის წარმომადგენლები თვლიან, რომ გასულ კვირას გაფორმებული ხელშეკრულება (Boost La Liga), რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარებასა და თანამედროვე პროექტებს დააფინანსებს, გააძლიერებს ესპანურ კლუბებს და საშუალებას მისცემს ფეხბურთელების ხელფასებისთვის გათვალისწინებული თანხა გაზარდონ.
მიუხედავად ამისა, ესპანეთის წამყვანი კლუბები, „მადრიდის რეალი“ და „ბარსელონა“ ხელშეკრულების წინააღმდეგები არიან. კონტრაქტი კაპიტალის საინვესტიციო კომპანია CVC-ის სამომავლო სატელევიზიო უფლებებში 10%-იან წილს გულისხმობს.
ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი „მადრიდის რეალის“ სარჩელს ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა და სამეფო კლუბის პრეზიდენტის მიერ მუქარის შემცველი მეთოდების გამოყენება დაგმო. CVC-ის განცხადებით, კლუბის მიერ წამოწყებული სამართლებრივი ქმედებები სრულიად უსაფუძვლოა, თუმცა იმედს იტოვებს, რომ ლა ლიგის წევრები მხარს დაუჭერენ ხელშეკრულებას, რომელიც ყველა მხარისთვის მომგებიანია.
რაც შეეხება კატალონიურ კლუბს, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ გარიგება კლუბის უფლებების მომდევნო ნახევარი საუკუნით დაგირავებას ნიშნავს და მხარს არ უჭერს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ხელშეკრულება ლეო მესის შენარჩუნებაში დახმარებოდა.