მადრიდის სამიტის შემდეგ NATO-მ შემაჯამებელი დეკლარაცია გაავრცელა

მადრიდის სამიტის შემდეგ NATO-მ შემაჯამებელი დეკლარაცია გაავრცელა

მადრიდში გამართული სამიტის შემდეგ, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა შემაჯამებელი დეკლარაცია გაავრცელა, რომელშიც შეჯამებულია, როგორც NATO-ს წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

დოკუმენტში კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ NATO თავდაცვითი ალიანსია, რომელიც არცერთი სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამასთანავე, ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულებას ურყევად დაიცავენ.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ჰუმანიტარული კატასტროფისთვის სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, რომელიც, ასევე, NATO-ს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების მთავარ საფრთხედაა მიჩნეული.

რაც შეეხება სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, პირველ რიგში, ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების საკითხზე მიღებული კონსენსუსი უნდა აღინიშნოს. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, სკანდინავიური სახელმწიფოების ალიანსში გაწევრიანებას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწინააღმდეგებოდა. „ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება მათ უფრო დაცულს, NATO-ს უფრო ძლიერს, ევრო-ატლანტიკურ ზონას კი – უფრო დაცულს გახდის“, – ვკითხულობთ დეკლარაციაში.

ამასთანავე, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა განაცხადა, რომ ომში მყოფი უკრაინის პოლიტიკურ და ქმედით მხარდაჭერას განაგრძობს, რომლის ფარგლებში ევროპული ქვეყანა არალეტალური თავდაცვითი სამხედრო საშუალებებით მომარაგდება, ხოლო უკრაინის კიბერშენაერთები გაძლიერდებიან. აღსანიშნავია, რომ უკრაინის მხარდაჭერას NATO ომის შემდეგაც გეგმავს.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ – „თავდაცვითი ინოვაციების აქსელერატორის“ დაფუძნებაა, რომელიც NATO-ს წევრი სახელმწიფოების ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.

აღსანიშნავია, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოების მიერ გავრცელებულ დეკლარაციაში საქართველოც არის ნახსენები, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკურ სამიტზე სპეციალურად იყო მიწვეული. NATO-მ განაცხადა, რომ ალიანსი საქართველოს, ბოსნიას და ჰერცეგოვინას და მოლდოვას პოლიტიკურ და ქმედით მხარდაჭერას განაგრძობს. „მათთან ერთიანობისა და სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერების, უნარების განვითარების და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის მხარდაჭერის კუთხით ვითანამშრომლებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.