სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მწარმოებელი გერმანული კომპანია MAN TRUCK & BUS-ი საქმიანობას ახალი კონცეფციით – NEW MAN-ით განაგრძობს. მსოფლიო ბრენდი თერთმეტმილიარდიანი ბრუნვით და უწყვეტი განვითარების სტრატეგიით, დასახულ მიზნებს გეგმურად მიჰყვება.
ავტომწარმოებლის ახალი ხედვა, გაზრდილი კონკურენციისა და კრიზისული ვითარების პირობებში, კომპანიის მდგრადობისა და შემდგომი განვითარების წინაპირობადაა მიჩნეული. ეს მიდგომა გერმანული ბრენდის დილერებზე საერთაშორისო მასშტაბით ვრცელდება. მათ შორის არის კავკასიის რეგიონი, სადაც გერმანულ ბრენდს ოფიციალურად TEGETA TRUCK & BUS-ი წარმოადგენს.
ახალი ელექტროსატვირთო, ახალი სრულად ელექტრიფიცირებული ავტობუსი Lion’s City 10 E, ელემენტები ნიურენბერგიდან, ევროპული ტური ელექტრობუსით – ამ სიახლეებით იყო გაჯერებული 2022 წელი MAN Truck & Bus-ისთვის. კომპანიამ ელექტროსატვირთოების წარმოების დაწყება რამდენიმე თვის წინ დააანონსა, პროცესი სტარტს 2024-ში აიღებს.
ბრენდის განვითარებას ფეხდაფეხ მიჰყვება MAN-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი ამიერკავკასიაში. 16 წლის წინ დაწყებული თანამშრომლობა ქართულ ბაზარს გასცდა და დღეს უკვე მთელ რეგიონს ფარავს. მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო Tegeta Truck & Bus-ისთვის. კომპანიამ პარტნიორებს განახლებული სატვირთოები MAN TGS და MAN TGX წარუდგინა. სატვირთო ავტომობილები გერმანული მწარმოებლის ამბიციური პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელზედაც MAN-ის 2100 თანამშრომელი მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ახალი MAN TGX “Inernaional Truck of the Year” სტატუსის მფლობელია. ეს არის სატრანსპორტო ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, რომელიც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გაიცემა.
„MAN-ი იძლევა დასაყრდენ ხარისხს, ტექნიკას, რომელიც არის სანდო, რომელსაც სერვისის კუთხით მხარდაჭერას უწევს „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ გამოცდილი და საუკეთესო სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ამ მიმართულებით ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთი პირველები ვართ. MAN-ის ახალი მოდელების წარდგენაც ამის დასტურია. უფრო მაღალი ტვირთამწეობა, ეკონომიურობა, შემცირებული ნეგატიური ზეგავლენა გარემოზე – ამ სიახლეებს სთავაზობს MAN-ი თავის პარტნიორებს, ჩვენ კი – ადგილობრივ ბაზარს. სატვირთო ავტომობილების ეს განახლება მწარმოებლის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე იყო და ამ მოდელებით სარგებლობა Tegeta Truck & Bus-ის პარტნიორებს საქართველოში უკვე შეუძლიათ”, – ამბობს Forbes-თან საუბარში Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი, ბექა ბერიძე.
მუდმივი მოძრაობის პირობებში, გამოწვევებისა და გლობალური რყევების მიუხედავად, Tegeta Truck & Bus-ში მიაჩნიათ, რომ სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით ბაზარზე მათი პოზიციები მყარია. თუმცა მიღწეულით არ კმაყოფილდებიან და გერმანული ბრენდის მიერ შემუშავებულ სიახლეებთან ერთად წელს და მომდევნო პერიოდისთვის დასახული სტრატეგიის მიხედვით, მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული სამშენებლო ტექნიკისა თუ უნაგირა-საწევარების შეთავაზებას უფრო აქტიურად გეგმავენ.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიაში 2021-22 წლებს პანდემიამდელი გაყიდვების მაჩვენებლების აღდგენისა და გადაჭარბების პერიოდად თვლიან. ამ მიზნის მისაღწევად Tegeta Truck & Bus-ში მომხმარებელს მასზე ორიენტირებულ პირობებს სთავაზობენ და, შედეგად, მათ უპირობო ნდობასაც იმსახურებენ.
„უკანასკნელი რამდენიმე წელი მძიმე და რთულად პროგნოზირებადი აღმოჩნდა. წელს უკრაინაში დაწყებულმა ომმა ბაზრის კონიუნქტურა შეცვალა. შეჩერდა წარმოებები. მაგალითად, ელექტროგაყვანილობის ნაწილები დასავლეთ უკრაინაში არსებულ ქარხნებში იქმნებოდა. სამხედრო კონფლიქტის გამო, ქარხნები პრაქტიკულად გაჩერდნენ, ასევე გახანგრძლივდა საწარმოო ვადებიც. ბაზარმა დასტაბილურება მხოლოდ მესამე კვარტალიდან დაიწყო, თუმცა მოლოდინი, რომ 2022 წელს ქვეყანაში ავტომობილების ბაზარი გასულ წელთან შედარებით 15-20%-ით გაიზრდებოდა, არ გამართლდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ წელს ადგილობრივი ბაზრის 60%-ზე მეტს დავფარავთ და კორპორაციულ და საცალო სეგმენტში გაყიდვებსაც გავზრდით, რაც ცალსახად 2021 წლის მაჩვენებლების გაუმჯობესებას ნიშნავს“, – ამბობს Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი ბექა ბერიძე.
მნიშვნელოვანია კომპანიის წვლილი მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაშიც. ხუთწლიან ჭრილში საერთო გაყიდვებში ტენდერებს 20%-მდე წილი უჭირავს. სხვადასხვა დროს Tegeta Truck & Bus-მა, ტენდერის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტი MAN-ის 12- და 10-მეტრიანი ავტობუსებით, ასევე დედაქალაქი და სხვადასხვა მუნიციპალიტეტი გერმანული ბრენდის თვითმცლელებით, ნაგავმზიდებითა და სხვა ტექნიკით უზრუნველყო. თუმცა კომპანია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას არ დასჯერდა, ძალები მეზობელ სახელმწიფოშიც წარმატებით მოსინჯა და ერევნის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.
კომპანიამ MAN-ის ბრენდის 100-მდე ავტობუსის მიწოდებისა და შემდგომი ტექნიკური გამართულობის პასუხისმგებლობა აიღო. 12-მეტრიანი, CNG-ის ძრავაზე მომუშავე, ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი უკვე საქართველოშია, სადაც ტექნიკურ შემოწმებას გაივლის და დეკემბრის ბოლოსთვის ერევანში გაიგზავნება.
თანამედროვე სტანდარტების ტექნიკასთან ერთად Tegeta Truck & Bus-ი კორპორაციულ თუ საცალო მომხმარებელს მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. სხვადასხვა რეგიონში მოწყობილ სერვისცენტრებში MAN-ის სპეციალისტების მიერ გადამზადებული მექანიკოსები სამშენებლო, სატვირთო თუ სხვა სახის ტექნიკის მფლობელებს კომპეტენტურ მომსახურებას სთავაზობენ.
დღეისთვის კომპანია 100-მდე სამუშაო ადგილს ქმნის. პროფესიონალი კადრების მომზადება/გადამზადებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიას – ,,თეგეტა აკადემიას“.
„კომპანიის მუდმივ განვითარებას, ხარისხისა და ნდობის შენარჩუნებას, დიდი ძალისხმევა და მთავარი დასაყრდენი – პროფესიონალთა გუნდი სჭირდება. ამის საშუალებას კი სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ტრენინგცენტრი – „თეგეტა აკადემია“ გვაძლევს. ამგვარად, კომპანია არა მხოლოდ მის მოთხოვნას, არამედ ზოგადად ბაზარზე კვალიფიციური კადრების მომზადებას და პროფესიული განათლების პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს.
MAN-ის CSR პოლიტიკის კვალდაკვალ Tegeta Truck & Bus-ი ამ მიმართულებითაც აქტიურია. 2021 წლიდან კომპანია რაგბის კლუბ „სოხუმის“ სპონსორი გახდა, რითაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობა დაისახა მიზნად. ასევე კომპანია აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯთან”, რომელიც შშმ ბავშვების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. საქართველოში MAN-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი მათთვის განკუთვნილი ტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობაზეა პასუხისმგებელი.
ბევრი აქვთ კომპანიაში მოსაყოლი ქალთა გაძლიერების შესახებაც. Tegeta Truck & Bus-ის და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მოძრაობა ცვლილებებისთვის“ ხელშეწყობით ქართულ საატომობილო სფეროს პირველი მექანიკოსი ქალები შეუერთდნენ და დღემდე ,,თეგეტა ჰოლდინგის“ ცენტრალურ სერვისცენტრში წარმატებით განაგრძობენ საქმიანობას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თუ კომერციული მიმართულებით, Tegeta Truck & Bus-ი მომდევნო წელსაც ამბიციური გეგმებით ხვდება.
2023-ში კომპანიაში MAN-ის 100 ერთეული ახალი ტექნიკის გაყიდვას პროგნოზირებენ, რაც ქვეყანაში გერმანული ბრენდის ხარისხისა და სტანდარტების კიდევ უფრო მეტად დამკვიდრებას ნიშნავს.