Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,064 ერთეული შეადგინა. ეს 2024 წლის მარტთან შედარებით 1.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
თუმცა, ტრანზაქციების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 16.7%-ით, 234 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც დიდწილად ფასების ზრდამ განაპირობა.
ახალ პროექტებში წლიურ ჭრილში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების 4.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობა გაზრდილია, როგორც პირველად, ასევე, მეორეულ ბაზარზე. Colliers Georgia-ს განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ, რაც ზუსტი სურათის აღქმას ართულებს.
რაც შეეხება ძველ პროექტებს, 2024 წლის მარტთან შედარებით, გასულ თვეში მაჩვენებელი 15.5%-ით შემცირდა.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მარტში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურ ჭრილში 11.6%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში კი, შესაბამისად, 10.2%- და 0.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 27.7%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 7.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ქალაქის ცენტრში კი – 21%-იანი. „ამხელა ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ტრანზაქციები გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას“, – აღნიშნავს Colliers Georgia.
ამავე პერიოდში, ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 11.6%-ით გაიზარდა.