ფოტო: AP; Getty Images
ილონ მასკის მიერ OpenAI-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვები სასამართლოში გრძელდება. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ხელოვნური ინტელექტის კომპანიასა და მის აღმასრულებელ დირექტორს „მოგებიანობის“ სტატუსის გამო უჩივის. ორი მილიარდერის სასამართლო პაექრობამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიზიდა.
შესაბამისად, საზოგადოება დაინტერესებულია მათ მიერ სასამართლო სხდომებზე გაკეთებული განცხადებებითაც. სემ ალტმანმა სასამართლო მოსმენის პირველ დღეს ილონ მასკის შესახებ განაცხადა, რომ მას, როგორც OpenAI-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს თავდაპირველად კომპანიის 90%-იანი წილი სურდა. ამასთან, მასკი ამბობდა, რომ შესაძლოა მისი გარდაცვალების შემთხვევაში კომპანიაზე კონტროლი საკუთარი შვილებისთვის გადაეცა.
გარდა ამისა, სემ ალტმანმა განაცხადა, რომ ილონ მასკმა „კვლევითი ლაბორატორიის მართვა კარგად არ იცოდა“ და თანამშრომლებისთვის სხვადასხვა სტატუსის მინიჭებით კომპანიის მკვლევრების ნაწილის დემოტივაცია გამოიწვია.
ხელოვნური ინტელექტის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დამატებით აღნიშნა, რომ მასკს თავის დროზე OpenAI-ის „მოგებიანი“ მიმართულების ინვესტორობაც შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ არ სურდა ისეთ კომპანიაში ინვესტირება, რომელზე კონტროლიც არ ექნებოდა.
ილონ მასკის ბრალდებაზე, რომ სემ ალტმანმა „საქველმოქმედო კომპანია მოიპარა“, განაცხადა, რომ თავად „ბატონი მასკი მის [საქველმოქმედო კომპანიის] ლიკვიდაციას შეეცადა, თანაც ორჯერ“.
სანაცვლოდ ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიის დაფუძნების პერიოდში სემ ალტმანმა და სხვებმა ის დაარწმუნეს, რომ კომპანია ფუნქციონირებას „არამოგებიანი“ სტატუსით გააგრძელებდა. თუმცა კომპანიის „მოგებიანმა“ მიმართულებამ „არამოგებიანი“ საქველმოქმედო ორგანიზაციის წილის დიდი ნაწილი შეისყიდა. „ვფიქრობ, რომ არ შეიძლება „არამოგებიანი“ კომპანია „მოგებიანად“ გარდაქმნა“, – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ილონ მასკმა აღიარა, რომ მის მიერ აღებული $1-მილიარდიანი საინვესტიციო ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია, რადგან „გუნდის მიმართ ნდობა დაკარგა“. საბოლოო ჯამში მასკმა $38 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა თქვა, რომ ამ მოცულობის ინვესტიციის განხორციელების გამო „სულელია“. „ჩემ გარეშე OpenAI არ იარსებებდა“, – განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ სემ ალტმანი OpenAI-ში $2-მილიარდიან წილს ფლობს. სასამართლო პროცესზე მისი აქამდე უცნობი ინვესტიციების შესახებ დეტალებიც გასაჯაროვდა, რის შემდეგაც ალტმანის ქონების შეფასებამ $4 მილიარდს გადააჭარბა. მასკის ადვოკატმა სემ ალტმანს იმ კომპანიების შესახებ ჰკითხა, რომლებშიც მას პირადი წილი აქვს და რომლებიც ამავე დროს OpenAI-სთან თანამშრომლობენ. მათ შორის კი ალტმანმა Helion Energy, Cerebras-ი, Reddit-ი და Stripe-ი დაასახელა.
















