მასკი: Roadster-ის მიწოდებას Tesla მომავალი წლიდან დაიწყებს

მასკი: Roadster-ის მიწოდებას Tesla მომავალი წლიდან დაიწყებს

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, კომპანია Roadster-ის სპორტული ელექტრომობილების მიწოდებას მომავალი წლიდან ისახავს მიზნად.

„დღეს ჩვენ რადიკალურად გავზარდეთ ახალი Tesla Roadster-ის დიზაინის მიზნები“, – განაცხადა მასკმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში და დასძინა, რომ Roadster-ის საწარმოო დიზაინზე მუშაობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, მისი წარდგენაც ამავე წელს იგეგმება.

Tesla-მ ბატარეებზე მომუშავე ოთხადგილიანი Roadster-ის წარმოების იდეა საზოგადოებას 2017 წლის ბოლოს გაუმხილა. სპორტული ელექტრომობილის გამოშვების თარიღად კი კომპანიამ 2020 წელი დაასახელა.

მასკმა 2021 წელს Roadster-ის გამოშვება 2023 წლამდე გადაავადა, გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების მოტივით. 2023 წელს კი მილიარდერმა განაცხადა, რომ Tesla დიდი ხნის დაგვიანებული ახალი თაობის სპორტული მანქანის წარმოებას 2024 წელს დაიწყებდა.