მილიარდერმა ილონ მასკმა, ChatGPT-თან კონკურენციის გაწევის მიზნით, საკუთარი ხელოვნური ინტელექტის ბოტი წარადგინა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მტკიცებით, პროტოტიპი ChatGPT 3.5-ს რამდენიმე კრიტერიუმში უკვე აღემატება.
AI-ბოტი, სახელწოდებით Grok-ი, მასკის xAI-კომპანიის პირველი პროდუქტია და ამჟამად აშშ-ის მომხმარებელთა შეზღუდულ ჯგუფთან ტესტირების პროცესშია. კომპანიის ვებგვერდის ინფორმაციით, Grok-ი სოციალურ ქსელ X-ის (ყოფილი Twitter-ის) მონაცემებზე დაყრდნობითაა შემუშავებული და, შესაბამისად, უკეთაა ინფორმირებული უახლესი მოვლენების შესახებ, ვიდრე ალტერნატიული ბოტები სტატიკური მონაცემების ნაკრებით.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მასკი იმ პეტიციის ხელმომწერთა შორის იყო, რომლებიც, უსაფრთხოების საერთო პროტოკოლის შემუშავების მიზნით, ხელოვნური ინტელექტის მოდელების განვითარების დროებით შეჩერებას ითხოვდნენ. „პეტიციას ხელი მოვაწერე, თუმცა ვიცოდი, რომ ის უშედეგო იყო. უბრალოდ მსურდა, დროებით შეჩერების რეკომენდატორთა შორის ვყოფილიყავი“, – განაცხადა X-ისა და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას AI-ის ზედამხედველობის შესახებ, რომელიც უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის სტანდარტების დაწესებას ისახავს მიზნად. ტექნოლოგიასთან დაკავშირებული რისკები განიხილეს ამ სფეროს ლიდერებმა და მეცნიერებმა გასულ კვირას გამართულ, გაერთიანებული სამეფოს „ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების სამიტზე“.
Grok-ზე მასკის კომპანიაში სულ რაღაც 2 თვეა, რაც მუშაობენ, ტესტირების ეტაპის შემდეგ კი ის X Premium+-ის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ამბიციებში X-ის „ყველაფრის აპად“ გადაქცევა შედის და Grok-იც ამ მიზნის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. მართალია, xAI ცალკე კომპანიაა, თუმცა ის მჭიდროდ ითანამშრომლებს X-თან, Tesla-სთან და მილიარდერის სხვა ბიზნესებთან.