სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელი მსოფლიოში, McDonald’s-ი, კომპანიის რუსულ ბაზარზე შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. ქვეყანაში სავაჭრო ნიშნის ბოლოდროინდელი განახლების მიზანი მხოლოდ კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების დაცვაა, – ნათქვამია McDonald’s-ის უკრაინის ოფისის მიერ X-ზე გაზიარებულ განცხადებაში.
26 აპრილს სოციალურ ქსელებში McDonald’s-ის რუსეთში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. ამას წინ უძღოდა რუსულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები, რომელთა თანახმად, კორპორაციამ 2024 წლის დეკემბერში რუსეთში სავაჭრო ნიშნების ხელახალი რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეიტანა.
„ინტელექტუალური საკუთრება ჩვენს ყველაზე ძვირფას აქტივებს შორისაა. McDonald’s-ი რეგულარულად აახლებს თავისი სავაჭრო ნიშნების საკუთრების უფლებებს მთელ მსოფლიოში, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ის აღარ ოპერირებს. ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი ბრენდის დასაცავად და მესამე მხარის ბიზნესების ან ფიზიკური პირების – განსაკუთრებით რუსეთში – მიერ ჩვენი სავაჭრო ნიშნების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა კომპანიამ.
McDonald’s-მა განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი რუსეთის ბაზრიდან გასვლა კომპანიის კორპორაციულ პრინციპებს ასახავდა და განაცხადა: „ჩვენ ამ ღირებულებების ერთგულები ვრჩებით“.
შეგახსენებთ, McDonald’s-მა რუსეთის ბაზარი 2022 წლის მაისში დატოვა, უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პასუხად. მან ქვეყანაში საკუთარი ბიზნესი გაყიდა და ერთ-ერთი პირველი მსხვილი საერთაშორისო კომპანია გახდა, რომელმაც რუსეთის აგრესიის დაგმობის ნიშნად მსგავსი ნაბიჯი გადადგა.