Mercedes-ი ელექტრომობილების საწარმოებში მილიარდობით დოლარის ინვესტირებას იწყებს

Mercedes-ი ელექტრომობილების საწარმოებში მილიარდობით დოლარის ინვესტირებას იწყებს

გერმანული საავტომობილო ჟურნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Mercedes-ი ჩინეთში, გერმანიასა და უნგრეთში საკუთარი საწარმოების მოდერნიზებისათვის მილიარდობით დოლარის მოცულობის ინვესტირებას იწყებს. ელექტრომობილების წარმოებაზე მასობრივად გადასვლის წინ ავტომწარმოებელი საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე ფიქრობს და საწარმოების მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვის შემცირება სურს.

შეგახსენებთ, რომ პარალელურად ევროკავშირი გამონაბოლქვების გამოყოფის სამიზნე რიცხვის შემცირებაზე მუშაობს, რაც სამგზავრო ავტომობილების მიერ სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში წარმოქმნილ ნახშირორჟანგის შემცირებაზე ფოკუსირდება. გარდა ამისა, პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანება 2035 წლიდან წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვის აკრძალვის შეთანხმებაზეც მუშაობს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Mercedes-ის ინვესტიციას გრძელვადიანი მიზნები აქვს.

კომპანიის განცხადებით, ბრენდი სრულად ელექტროწარმოებაზე გადასასვლელად მიმდინარე ათწლეულის დასასრულისათვის მზად იქნება. გამოყოფილი ინვესტიციებით პირველი გერმანული საწარმოს მოდერნიზება იგეგმება. ამავე საწარმოში კომპანია 2024 წლისთვის ახალი პლატფორმის გამოშვებაზე მუშაობს. თუმცა ამ ქარხანაში წარმოებული მოდელების რაოდენობა 7-დან 4-მდე შემცირდება.

სულ მცირე რამდენიმე მილიარდი დოლარი გერმანიაში მდებარე სამ საწარმოში სამღებრო სისტემების მოდერნიზებისათვის დაიხარჯება. მოდერნიზაციის მთავარი მიზანი წყლისა და ენერგიის მოხმარებისა და სამღებრო სისტემების მიერ გაზის მოხმარების შემცირებაა.