Meta Platforms-ის განცხადებით, კომპანია „ტექსტური განახლებებისთვის“ განკუთვნილი სოციალური მედიის ახალი პლატფორმის შექმნაზე მუშაობს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ეს უკანასკნელი Twitter-ისთვის კონკურენციის გაწევს შეეცდება.
ზემოხსენებული სიახლე თავდაპირველად ინდურმა Moneycontrol-მა გაავრცელა. მისი ცნობით, ახალი პლატფორმა, კოდური სახელწოდებით P92, Instagram-ის განშტოების სახით ჩამოყალიბდება და მასში შესვლა სწორედ ამ უკანასკნელის საავტორიზაციო მონაცემებით იქნება შესაძლებელი.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა Platformer-მა, რომელმაც Facebook-ის მშობელი ორგანიზაციისგან შეტყობინება მიიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია „იკვლევს დამოუკიდებელ დეცენტრალიზებულ სოციალურ ქსელს ტექსტური განახლებების გასაზიარებლად“.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი აპლიკაცია თავსებადი იქნება ActivityPub-თან – დეცენტრალიზებულ პროტოკოლთან, რომელსაც Twitter-ის ალტერნატივა Mastodon-ი იყენებს.
როგორც ვარაუდობენ, P92 გამოიყენებს Instagram-ზე უკვე არსებულ მონაცემებს, როგორიცაა სახელები, პროფილის ფოტოები, მიმდევრები და ა.შ., როგორც მომხმარებლებისთვის, რომლებიც დარეგისტრირდებიან დეცენტრალიზებულ პლატფორმაზე, ასევე მათთვის, ვინც რეგისტრაციას არ გაივლის.