კვლევითი კომპანია Canalys Research-ის ანგარიშის თანახმად, Microsoft Corp-ის გადაწყვეტილება, შეწყვიტოს Windows 10-ის საოპერაციო სისტემის მხარდაჭერა, 240 მილიონ ერთეულ პერსონალურ კომპიუტერს უსარგებლოდ აქცევს. ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი რაოდენობით პოტენციურ ნარჩენს შექმნის, რომლის უტილიზაციაც პრობლემა იქნება.
Canalys Research-ის პროგნოზით, უფუნქციოდ დარჩენილი პერსონალური კომპიუტერების წონა 480 მილიონი კილოგრამი იქნება, რაც 320,000 ერთეული ავტომობილის ეკვივალენტურია. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციული სისტემის მხარდაჭერის გარეშე პერსონალური კომპიუტერები ფუნქციონირების გაგრძელებას რამდენიმე წლით კიდევ შეძლებენ, კვლევითი კომპანია ვარაუდობს, რომ უსაფრთხოების განახლებების არმქონე კომპიუტერებზე მოთხოვნა მაინც დაბალი დარჩება.
რამდენიმე კვირის წინ Microsoft-ის მიერ გაცხადებული გეგმის თანახმად, კომპანია Windows 10-ის უსაფრთხოების განახლებებით მომარაგებას 2028 წლის ოქტომბრამდე განაგრძობს. თუმცა რა იქნება ამ მომსახურების წლიური ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია. ცნობისათვის, Microsoft-ი Windows 10-ის საოპერაციო სისტემის მხარდაჭერას 2025 წლის ოქტომბრიდან შეწყვეტს. საოპერაციო სისტემის მომდევნო თაობა დიდი ალბათობით ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი, რაც პერსონალური კომპიუტერების ბაზრის დონეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
Microsoft-ს უფუნქციოდ დარჩენილი პერსონალური კომპიუტერების გადამუშავების შესახებ რაიმე სახის ინიციატივაზე განცხადება არ გაუვრცელებია. ცნობისათვის, პერსონალური კომპიუტერების პროცესორებში არსებული მყარი დისკების გადამუშავებით ელექტრომობილების ძრავებისთვის საჭირო რესურსები მიიღება.