Microsoft-მა Apple-ისგან ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსი გადაიბარა

Microsoft-მა Apple-ისგან ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსი გადაიბარა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატარიფო გეგმის გამოცხადების შემდეგ, Apple-ის აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ამავე მიზეზით საფონდო ბირჟაზე ვარდნის გამო, შემცირდა კიდევ ერთი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის აქციების ღირებულებაც. თუმცა Apple-ის შემთხვევაში კლება უფრო მკვეთრი აღმოჩნდა, რის შედეგადაც მას მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსის დათმობა და Microsoft-ისთვის გადაცემა მოუწია.

iPhone-ის მწარმოებლის აქციების ფასმა ბოლო ოთხი სავაჭრო სესიის განმავლობაში 23%-იანმა ვარდნა განიცადა, ბოლო ერთ დღეში კი თითქმის 5%-ით შემცირდა. შედეგად, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.590 ტრილიონამდე დაეცა. ერთდღიან ჭრილში თითქმის 1%-ით იკლო Microsoft-ის აქციების ღირებულებამ, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.635 ტრილიონს გაუტოლდა.

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის გლობალური სატარიფო გეგმის გავლენით, ბაზარზე ვარდნის ტენდენცია ზოგადად აღინიშნება, Apple-ი ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდა. ამის მიზეზი კი iPhone-ის მწარმოებლის ჩინეთზე დამოკიდებულებაა. შეგახსენებთ, ტრამპმა ჩინეთისთვის ჯამში 104%-იანი იმპორტის გადასახადის დაწესება გადაწყვიტა. შექმნილ ვითარებაში, ანალიტიკოსები Apple-ის პროდუქტებზე ფასის ზრდას პროგნოზირებენ.

რაც შეეხება Microsoft-ს, ის საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ლიდერის პოზიციას 2024 წლის დასაწყისში იკავებდა, თუმცა Apple-მა ტიტული მალევე დაიბრუნა. ამჟამად კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს შორის სხვაობა $45 მილიარდია.