ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის თანამფლობელობაში არსებულმა ყაზახურმა ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-მ Kolesa Group-ის 39.76%-იანი წილის შეძენასთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმა.
გარიგების ღირებულება $88.5 მილიონს (დაახლოებით 39 მილიარდი ტენგე) შეადგენს. ცნობილია, რომ გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელდება. შესყიდვის პროცედურების გეგმის მიხედვით წარმართვის შემთხვევაში, გარიგება 2023 წლის მესამე ან მეოთხე კვარტალში დაიხურება.
სიახლის შესახებ Kaspi.kz-ის მიერ 24 ივლისს გამოქვეყნებული II კვარტალისა და 2023 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიშგებიდან გახდა ცნობილი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიხეილ ლომთაძე დარჩება Kolesa Group-ის უმსხვილეს აქციონერად, თუმცა ტრანზაქციის გზით კომპანიაში მისი აქციების 11%-ს Kaspi.kz-ს ტრასტს გადასცემს. როგორც ლომთაძის მიმართვაშია აღნიშნული, ამის გარდა, ის Kolesa Group-ის აქციების 48.42%-ს ფლობს. ამგვარად, Kaspi.kz-ი კომპანიის საკონტროლო წილის მფლობელი გახდება, რაც მას თავის ფინანსურ ანგარიშგებაში Kolesa Group-ის შედეგების გაერთიანების საშუალებას მისცემს.
Kaspi.kz-ი Kolesa Group-ს სწრაფად მზარდ და მოგებიან კომპანიას უწოდებს. მისივე მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში კომპანიის შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 302%-ით გაიზარდა – 60.7 მილიარდ ტენგემდე, წმინდა მოგება კი 82%-ით – 13.45 მილიარდ ტენგემდე.
Kolesa Group-ი ფლობს ონლაინ განცხადებების ვებგვერდებს Kolesa.kz (მანქანები) და Krisha.kz (უძრავი ქონება) ყაზახეთში. გარდა ამისა, უზბეკეთში კომპანია ფლობს ვებსაიტს ავტომობილებზე განცხადებებისთვის – Avtoelon.uz.
ამასთანავე, Kaspi.kz-ს აქვს პროექტები აზერბაიჯანში – Turbo.az (მანქანები), Tap.az (მარკეტპლეისი), Bina.az (უძრავი ქონება).
ცნობისთვის გეტყვით, რომ Forbes-ის შეფასებით, მიხეილ ლომთაძის ქონება მოცემული დროისთვის $4.3 მილიარდს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ის მილიარდერების რეიტინგში ამჟამად 679-ე ადგილზეა.