მიკროფინანსირების ფილოსოფია

მიკროფინანსირების ფილოსოფია

5000-ზე მეტი ერთგული მომხმარებელი, სესხის სახით გაცემული 44 მილიონი ლარი და მკაფიო ხედვა, რომლის მეშვეობითაც მისო “მიკრო ბიზნეს კაპიტალი” (MBC) ქართულ საფინანსო ბაზარზე ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ ჩამოყალიბებას გეგმავს.

მიკროსაფინანსოების შესახებ საზოგადოებრივი აზრი დღეს არცთუ ისე სახარბიელოა, რისი მიზეზიც თავად ამ ორგანიზაციების უმეტესობის საქმიანობაა. შემოსავლების დადასტურების გარეშე აღებული ძვირად ღირებული სესხების მომსახურება ათასობით ადამიანმა ვერ შეძლო, რასაც მათი “გაშავება” მოჰყვა. ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მისო-ები საფინანსო ბაზრის ყველაზე უპასუხისმგებლო მოთამაშეები არიან.

თუმცა სინამდვილეში ეს ბიზნესმოდელი განსხვავდება იმისგან, რაც მიკროფინანსირების არსს წარმოადგენს, რაც პირველ რიგში მცირე ბიზნესის დასაწყებად ან გასაფართოებლად სანდო და ხელმისაწვდომი კრედიტის უზრუნველყოფაა. ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე არსებობს კომპანია, რომელიც მისო-ების შესახებ არსებული წარმოდგენის შეცვლას და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანიის თვალსაჩინო მაგალითის შექმნას ცდილობს.

MBC-ის მისია მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაა – მათი კეთილდღეობის, ვისაც აქვს მცირე ბიზნესის დაწყების იდეა და ამისთვის ფინანსები ესაჭიროება. კომპანია, რომელმაც საფინანსო საქმიანობა 2013 წლიდან დაიწყო, დღეს ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხუთეულშია და 150 ადამიანს ასაქმებს.

“მიკრო ბიზნეს კაპიტალის” გენერალურ დირექტორს გია პეტრიაშვილს საფინანსო სექტორში საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის 1993 წელს ქვეყნის ერთ-ერთი პირველი კომერციული ბანკის, “ბაზისბანკის” დამფუძნებელია. “მიკრო ბიზნეს კაპიტალი” მან და მისმა პარტნიორებმა 2012 წელს დაარსეს. პეტრიაშვილი ფიქრობს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, როგორც ათიათასობით ადამიანისთვის საფინანსო სექტორთან ურთიერთობის პირველ საფეხურს, გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მოსახლეობის წინაშე.

მიკროფინანსირების განვითარების შემდგომი საფეხური ფრიდრიხ რაიფაიზენს უკავშირდება, რომელმაც აგროკოოპერატივებსა და საკრედიტო კავშირებს დაუდო საფუძველი. რაიფაიზენის სახელობის ბანკი დღეს ევროპის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. პეტრიაშვილის თქმით, ბანგლადეშელი პროფესორის მოჰამად იუნუსის მიერ დაფუძნებული “გრამინ ბანკი” კარგად აჩვენებს, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც კომპანიას მკაფიოდ აქვს განსაზღვრული საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.

“ყველას ეგონა, რომ იუნუსის ბანკი საქველმოქმედო ორგანიზაცია იყო, ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ 1990-იანი წლების მიწურულს ის ბანგლადეშის მთავრობის მრჩეველი გახდა, ხოლო 2006 წელს მან, ასიათასობით ადამიანის სიღარიბიდან ამოყვანის გამო, ნობელის პრემიაც დაიმსახურა. ეს სწორედ ამ პროექტის შედეგად, რომელიც გამართლებული იყო როგორც კომერციულად, ასევე სოციალურად. ამიტომ მიკროფინანსირების ტრადიციული გაგება სწორედ მცირე ბიზნეს- და აგროსესხების გაცემაა და არა სამომხმარებლო მიზნობრიობის სესხებისა, ანუ ის, რაც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში “ტრადიციული” გახდა”,- ამბობს პეტრიაშვილი და მიიჩნევს, რომ რეგულაციების თანამიმდევრული ნაბიჯების შედეგად, ეს ბაზარი მის ტრადიციულ სახეს დაუბრუნდება – რაც, მცირეშემოსავლიანი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მეწარმეობის ხელშეწყობაში მდგომარეობს.

დღეისთვის მიკროსაფინანსო ბაზარზე კონკურენცია მაღალია, ბაზრის მოთამაშეთა რიცხვი 70-მდეა. იმის მიუხედავად, რომ ამ სექტორს მიკროფინანსირება ჰქვია, მასში კომერციული ბანკებიც არიან ჩართული. გია პეტრიაშვილი ამბობს, რომ ასეთი კონკურენციის პირობებში წარმატების ცალსახა რეცეპტის თქმა რთულია, თუმცა შეუძლია დაასახელოს სამი მიმართულება, რომლებიც MBC-ის კონკურენტებისგან გამოარჩევს, ესენია:

● საბანკო პროდუქტების ადაპტირება მიკროსაფინანსო სექტორთან და საბანკო სფეროში არსებული ტექნოლოგიების მიკროსაფინანსო სექტორზე მორგება. ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მომხმარებლისთვის სასესხოს გარდა, სხვა ფინანსური სერვისების შეთავაზების შესაძლებლობა;
● ქართული მიკროსაფინანსო ბაზარისთვის ახალი პროდუქტის – საკრედიტო ბარათის შეთავაზება. საკრედიტო ბარათი არა ფიზიკურ პირზე, არამედ ბიზნესზე იქნება გათვლილი და მეწარმეებს 2000 ლარის ფარგლებში შეეძლებათ მისი მეშვეობით სერვისებისა და პროდუქციის შეძენა;
● დისტანციური მომსახურების სხვადასხვა ფორმით დანერგვა.

MBC-ს ახალგაზრდა დირექტორთა საბჭო უძღვება. კომპანიის საკრედიტო მიმართულებას გიორგი ღვალაძე უდგას სათავეში. მისი თქმით, საკრედიტო ბარათის – “ბიზნესბარათის”შექმნა MBC-ის გრძელვადიანი ხედვის ნაწილია, რათა კომპანია არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემაზე ორიენტირდეს.

კითხვაზე, თუ რა უპირატესობა აქვს მცირე ბიზნესისთვის საკრედიტო ბარათის მომსახურებით სარგებლობას, გიორგი ღვალაძე პასუხობს, რომ პირველ რიგში ამ სერვისის მომხმარებლებისთვის ეს იქნება შესაძლებლობა, სწრაფი ლიკვიდური ფულით დააკმაყოფილონ მათი ბიზნესსაჭიროებები. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საკრედიტო ბარათი დამწყებ ბიზნესებს არაუზრუნველყოფილი სესხის გაცნობისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობასაც მისცემს.

MBC-ს კიდევ ერთი ახალ პროექტი აქვს დაწყებული, ეს სტარტაპ-სესხებია – “ჩვენ გვინდა, რომ ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეებს მოვუხმოთ და მოვუწოდოთ, დაიწყონ ბიზნესი MBC-სთან ერთად. ამ მიმართულებით განსხვავებული სასესხო პროდუქტი შევქმენით. მიმართულების განვითარებაში ასევე ფინანსური მრჩეველი დაგვეხმარება. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი ამოცანა, რადგანაც ეს არ არის ის ნაბიჯები, რომლებითაც მიკროსაფინანსოები გამოირჩევიან, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტის განხორციელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება”.

“მიკრო ბიზნეს კაპიტალი” ლოიალური კლიენტების წახალისებაზეც ფიქრობს. საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორი ამბობს, რომ მსესხებელი, რომელიც ბოლო 12 თვის განმავლობაში დროულად ემსახურებოდა კრედიტს, უკვე მეთორმეტე თვეს უკან იბრუნებს გადახდილი საპროცენტო სარგებლის 10%-ს. “ეს არის იმის გამოხატულება, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით და ვაფასებთ ჩვენი კომპანიისადმი მათ ლოიალობასა და კეთილსინდისიერებას”, – ამბობს გიორგი ღვალაძე.

“მიკრო ბიზნეს კაპიტალს” 13 ინვესტორი ჰყავს. ამასთანავე, ორგანიზაციის პარტნიორია ოთხი კომერციული ბანკი, რომლებისგანაც ის ლარის რესურსს მოიზიდავს. MBC-ის ფინანსური დირექტორი თათია ჯაჯანაშვილი გვეუბნება, რომ ორგანიზაციის მიზანია, პარტნიორობა დაამყაროს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და მათგან შეღავათიანი ფულადი რესურსი მიიღოს: “ვიმედოვნებთ, რომ 2019 წელი იქნება ის პერიოდი, როდესაც კომპანია მნიშვნელოვნად გაზრდის საერთაშორისო ინვესტორების წილს თავის პორტფელში. ერთ-ერთი მათგანი არის Incofin-ი, რომელთანაც მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე ვართ და უკვე ველოდებით კონტრაქტის გაფორმებას”.

ორგანიზაციის ყველა ფინანსური მაჩვენებელი საჯარო და ხელმისაწვდომია, კომპანიის აუდიტი 2017 წელს დიდი ოთეულიდან ერთ-ერთმა ჩაატარა.

MBC-ის აქტივების ზრდის მაღალი ტემპის შესახებ რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ნინო დევდარიანი გვესაუბრება. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ კომპანიას 2017 წელს საკმაოდ მაღალი – 18%-იანი ზრდა ჰქონდა, ეს განვითარება იყო კარგად გაანალიზებული და სტაბილური. ის ასევე დასძენს, რომ “ორგანიზაციას აქვს ნათელი წარმოდგენა, რომ ჩვენ ამ ბაზარზე საკუთარ თავს მოვიაზრებთ გრძელვადიანი პერსპექტივით. ეს ნიშნავს, რომ გრძელვადიანი წარმატება ჩვენი მომხმარებლების კეთილდღეობაზეა დამოკიდებული”.

კითხვაზე, თუ დამატებით რა პასუხისმგებლობებს გრძნობს MBC არა მარტო მისი მსესხებლების, არამედ მთელი საზოგადოების წინაშე, ორგანიზაციის საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი ეთერ ჩაჩიბაია გვპასუხობს, რომ ეს პასუხისმგებლობა პირდაპირ არის ასახული კომპანიის CSR, ანუ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლიანობის პრინციპებში.

MBC რამდენიმე დღის წინ გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივაში ჩაერთო. ეს არის საერთაშორისო ქსელი პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესებისთვის, რომელიც მსოფლიოს 135 ქვეყნიდან 9000-ზე მეტ კომერციულ და არაკომერციულ კომპანიას აერთიანებს და მისი მიზანი მდგრადი და ინკლუზიური კერძო სექტორის ხელშეწყობაა.

MBC ასევე მიკროსაფინანსო სექტორში მომხმარებელთა დაცვის ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ქსელის, “სმარტის” კამპანიის მონაწილეა, რომელიც, თავის მხრივ, 4700-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს. კამპანიის უმთავრესი დანიშნულება მომხმარებლისთვის გამჭვირვალე, ღირსეული და გონივრული ფინანსური მომსახურების შეთავაზებაა. MBC სრულად იზიარებს “სმარტ კამპანიის” შვიდ ძირითად ფასეულობას და მომავალში მომხმარებელთა დაცვის სერტიფიკატის მოპოვებასაც გეგმავს.

MBC 2018 წელს გაწევრიანდა “პრო ბონო” ქსელში, რომლის ფარგლებშიც კომპანიას საშუალება ეძლევა, დახმარება გაუწიოს და გამოცდილება გაუზიაროს სამოქალაქო ორგანიზაციებს. წელსვე კომპანიამ კონსულტაცია გაუწია სოციალურ საწარმო “მუსთერაპიულ ცენტრს”, რომელიც ქვეყანაში პირველი ინოვაციური ცენტრია, სადაც შშმ ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის დანერგილია ფსიქო-რეაბილიტაციური სერვისი მუსთერაპიული მომსახურებით. ამასთანავე, MBC იაშვილის ბავშვთა კლინიკის ონკოლოგიური განყოფილების პაციენტებისთვის სპეციალური “ჯამბაზების თერაპიის” დაფინანსებასაც ახდენდა.

MBC-ის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ყველას, ვინც საფინანსო სფეროში დამატებითი განათლების მიღებას გადაწყვეტს, კომპანია განათლების ხარჯების 50%-ს დაუფინანსებს.

MBC-ის ხუთწევრიანი დირექტორთა საბჭოდან სამი – ქალია. კომპანიაში ფიქრობენ, რომ დღეს ქართულ საფინანსო სექტორში ქალები მაღალ თანამდებობებზე ჯერ კიდევ არასათანადოდ არიან წარმოდგენილნი და ამ მხრივ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსაც მიესალმებიან.

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, MBC-ის ვალების ჩამოწერის პროგრამის შესახებაც ვკითხეთ. გია პეტრიაშვილის თქმით, კომპანია ამ კამპანიაში მონაწილეობას მიიღებს: “ჩვენი კომპანიის ფარგლებში განვიხილავთ ინიციატივას, რომ ნაცვლად იმისა, რომ ეს პორტფელი გავყიდოთ, საახალწლოდ ჩვენ თავად გამოვაცხადოთ შეღავათი და ნაცვლად გაყიდვისა, ჩვენ თავად ჩამოვწეროთ ასეთი ტიპის მსესხებელთა დავალიანებები”.

ამასთანავე, MBC აცხადებს, რომ კომპანია მზადაა, თავად გაუნულოს ხანდაზმული დავალიანებები სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს. “ჩვენ ამის დემონსტრირებით გვინდა წარმოვაჩინოთ, რომ მხარს ვუჭერთ იმ წამოწყებებს, რომლებიცჭარბვალიანობის მოგვარებასთანაა დაკავშირებული. იცით, რომ ცალკე აღებული ვალების პატიების პროგრამა ჭარბვალიანობის პრობლემას ვერ გადაწყვეტდა, თუ არ იარსებებდა მეორე მხრიდან ახალი მოთხოვნები და წესები, რომლებითაც მოხდება მოსახლეობის დაკრედიტება. თქვენ იცით, რომ ცვლილებები უკვე შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანები, ვინც უპასუხისმგებლო და არაკეთილსინდისიერი გამსესხებლებისა და ფინანსური განათლების ნაკლებობის გამო, აიღეს ისეთი სესხები, რომელთა მომსახურებაც ვერ შეძლეს, მომავალში ფაქტობრივად ვერ შეძლებენ ასეთი ვალდებულებების აღებას. ასეთი შესაძლებლობა აღარ ექნებათ არც სესხის ამღებებს, არც სესხის გამცემებს. შესაბამისად, ამ ვითარებაში აზრი აქვს ასეთი ამნისტიის გამოცხადებას. სხვა შემთხვევაში ამ ნაბიჯს აზრი არ ექნებოდა”,- ამბობს გია პეტრიაშვილი.

კითხვაზე, თუ სად ხედავს MBC-ს 5-10 წლის შემდეგ, გია პეტრიაშვილი გვპასუხობს, რომ წინასწარ პროგნოზების გაკეთება რთულია, რასაც ბაზარზე რეგულაციური კუთხით დაგეგმილი ცვლილებებიც ართულებს, თუმცა, პეტრიაშვილის აზრით, ასეთ ვითარებაში MBC-ის ამბიციაა, იყოს ქვეყნის უმსხვილესი მიკროსაფინანსოების სამეულში. “ის ჯარისკაცი არ ვარგა, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს, ამიტომ ჩვენი ორიენტირები და ჩვენი სამიზნეები ყველაზე მაღალია”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *