მილიარდერების ქონებამ მთავრობის დახმარების პროგრამების წყალობით რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

მილიარდერების ქონებამ მთავრობის დახმარების პროგრამების წყალობით რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ამერიკული Forbes-ი UBS-ის და PwC-ის ახალ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ პანდემიის მიუხედავად, მილიარდერების ქონებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ბოლო ათწლეულის განმავლობაში და 10.2 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, აპრილიდან ივლისის ჩათვლით, მილიარდერთა ჯამური ქონება 27%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მათი ჯამური ქონება აპრილის ბოლოს 8 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

გამოცემის მიხედვით, მილიარდერთა ქონების ზრდაში დიდი მონაწილეობა მიიღო მთავრობის მასტიმულირებელმა პროგრამებმა, რომლებიც ეკონომიკის აღდგენას ისახავს მიზნად.

“მარტის ბოლოს, მთავრობების მიერ გამოყოფილმა დიდმა ფინანსურმა რესურსმა ფინანსური ბაზრების აღდგენა განაპირობა“, – აღნიშნულია UBS-ის და PwC-ის ახალ ანგარიშში.

Goldman Sachs-ის კვლევების მიხედვით კი, აქციების დაახლოებით ნახევარს სწორედ მდიდრები ფლობენ და როდესაც აქციებზე ფასები მატულობს, მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის შედეგების შემამსუბუქებელი პაკეტის ფარგლებში დაახლოებით 133-მა დიდმა კომპანიამ $5 მილიარდამდე ფინანსური რესურსი მიიღო აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტისგან.

ხოლო, ივნისის თვის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში, დაახლოებით 16 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ფინანსური რესურსი გადაეცა სწორედ მილიარდერების მფლობელობაში არსებულ კომპანიებს.

UBS-ის და PwC-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მილიარდერებმა მხოლოდ $7.2 მილიარდი დახარჯეს COVID-19-ისთვის განკუთვნილი დონაციისათვის, რაც მათი მიღებული სიმდიდრის მხოლოდ 0.3%-ია.

Forbes-ი წერს, რომ მსგავსი სტატისტიკის ფონზე მილიარდერებმა უნდა გაიმეტონ და მეტი დახარჯონ დონაციაზე.