გუშინ, 25 მარტს, მინსკში გამართულ ცერემონიაზე ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის პრეზიდენტის პოსტზე ფიცი მეშვიდე ვადით დადო. ცერემონიის დროს ლუკაშენკომ ისაუბრა მათზე, ვინც „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“ უწოდებს და განაცხადა, რომ ბელარუსში დემოკრატიის ხარისხი უფრო მაღალია ვიდრე მათთან, ვინც საკუთარ თავს დემოკრატიის მოდელად მოიაზრებს.
„ჩვენს „დიქტატურაზე“ მსოფლიოს ნახევარი ოცნებობს“, – თქვა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ხელისუფლებაში სამ ათწლეულზე მეტია, იმყოფება. შეგახსენებთ, ქვეყანაში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს გაიმართა, რომელსაც ლუკაშენკოს პოლიტიკურმა ოპონენტებმა მკაცრად ორკესტრირებული და ფარსი უწოდეს.
ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ლუკაშენკომ ხმების თითქმის 87% მოიპოვა. ოპოზიციის წევრები კი, რომლებიც მის აზრს არ იზიარებდნენ, დააპატიმრეს ან საზღვარგარეთ გადაასახლეს.
ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან მართავს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობს, რომელიც, თავის მხრივ, ხელისუფლებაში (ძირითადად პრეზიდენტის პოსტზე) უკვე საუკუნის მეოთხედია იმყოფება. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალში ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვს ნება დართო, ქვეყნის ტერიტორია უკრაინაში შეჭრისთვის გამოეყენებინა, მოგვიანებით კი რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნაწილით წვრთნებსაც უმასპინძლა.