Moncler-ი იტალიურ ბრენდ Stone Island-ს ყიდულობს

Moncler-ი იტალიურ ბრენდ Stone Island-ს ყიდულობს

ზამთრის და სათხილამურო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია Moncler-ი სპორტული ტანსაცმლის ბრენდის Stone Island-ის შესყიდვის შესახებ აცხადებს. ინფორმაციას რუსული Forbes-ი ავრცელებს.

“ეს არის ორი იტალიური ბრენდის გაერთიანება, რომელთაც ერთი და იგივე ღირებულება, ერთი და იგივე მკაცრი მენეჯმენტი და ინოვაციებისკენ სწრაფვა გააჩნია“, – განაცხადა იტალიელმა მილიარდერმა რემო რუფინიმ, რომელიც Moncler-ს ხელმძღვანელობს და რომლის ქონებაც Forbes-ის მონაცემებით, $3.1 მილიარდს შეადგენს.

გარიგების მიხედვით, Stone Island-ი 1.15 მილიარდ ევროდაა შეფასებული. პირველ ეტაპზე Moncler-ი შეიძენს კომპანიის დაახლოებით 50%-ს მისი მფლობელი კარლო რივეტისგან, ხოლო 19.9%-ს ოჯახის სხვა წევრებისგან. შემდეგ ეტაპზე კი Moncler-ი შეიძენს დარჩენილ 30%-ს, რომელსაც სინგაპურში დაფუძნებული ფონდი Temasek-ი ფლობს.

შესყიდვა, როგორც მოსალოდნელია, 2021 წლის პირველი ნახევრისთვის დასრულდება.

შეგახსენებთ, 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Moncler-ის ყიდვა სურდა ფრანგი მილიარდერის ფრანსუა-ანრი პინოს კომპანია Kering-ს, რომელიც ფლობს Gucci-ს, Saint Laurent-ს და Balenciaga-ს, თუმცა, მოგვიანებით Kering-მა შესაძლო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია უარყო.