მორალური საფრთხის ჰერცოგები

მორალური საფრთხის ჰერცოგები

ედერალური რეზერვის დაბალტარიფიანი რელიგიის წყალობით, დიდმა კომპანიებმა ბოლო ათწლეული ვალების ხვრეპაში გაატარეს, ზოგმა – საკმაოდ თავზე ხელაღებულად. მაგრამ გაკოტრებისკენ სვლის ნაცვლად, დღეს ისინი მთავრობის დახმარებით ისარგებლებენ.

როცა 2013 წლის დეკემბერში აღმასრულებელმა დირექტორმა დაგ პარკერმა American Airlines- ში პილოტის ადგილი დაიკავა, ცა თითქოს მოწმენდილი იყო.  

მის U.S. Airways-ს, როგორც იქნა, ხელში ჩაეგდო მსხვილი პარტნიორი, რისთვისაც გაკოტრებულ American-თან გაერთიანებას დასთანხმდა. ახალმა კომპანიამ, ქვეყნის უმსხვილესი ავიახაზების რანგში (გლობალურ მეტოქეთა შორის მხოლოდ სამი შიდა ავიახაზი შემორჩენოდა), სტარტი მოკრძალებული ვალით აიღო.

ფინანსური კრიზისი კარგა ხნის წინ იყო დაძლეული, ეკონომიკა გუგუნებდა, მოგზაურობის სფერო კი თითქოს ახალ ოქროს ხანაში შედიოდა. American-ის მსგავსი ავიახაზები ბილეთების დინამიკური ფასების ხელოვნებას დაუფლებოდნენ და ყოველ ფრენაზე თითქმის ყოველი ადგილი დაკავებული იყო, რასაც შემოსავალი და ეფექტიანობა მაქსიმუმამდე აჰყავდა. 2014-ის დასაწყისისთვის „ახალი American”-ის დაბადებით გახარებული პარკერი მოწადინებული იყო, Wall Street-ისთვის გული გაეკეთებინა. „გარწმუნებთ, რომ რასაც ვაკეთებთ, ჩვენი მეწილეებისთვის ღირებულების მაქსიმიზებას ემსახურება“, – თქვა მან ინვესტორებთან სატელეფონო საუბრის დროს.

მომდევნო ექვსი წლის მანძილზე პარკერმა აქტიურად დაიწყო ფულის სესხება: კაპიტალურ ბაზრებს, არც მეტი, არც ნაკლები, 18-ჯერ მიმართა, რათა, ვალის სახით, $25 მილიარდი მოეზიდა. ფული, სხვა რამეებთან ერთად, ახალი თვითმფრინავების საყიდლად და American-ის საპენსიო ვალდებულებების გასამყარებლად გამოიყენა. არაერთი გადასახადი დამატებითი ბარგისთვის, გაზრდილი სივრცეები სკამებს შორის, ფრენისას შეთავაზებული წასახემსემლები, სასმელები და სხვ. დაეხმარა კომპანიას, საბუღალტრო ბალანსის ჯამური მაჩვენებელი $175 მილიარდამდე გაებერა 2014- 2019 წლების ერთობლივ მოგებათა სახით. დანაპირები შეასრულა და 2014-ში პარკერმა მეწილეებისთვის რეგულარული დივიდენდების გაცემა დაიწყო (რაც American-მა პირველად გააკეთა ბოლო 34 წელიწადში) და ავიახაზების მილიარდობით აქციის გამოსყვიდვას შეუდგა.

„იმაზე მეტი ნაღდი ფულის ფლობა, ვიდრე კომპანიას სჭირდება, არაა ჩვენი მეწილეების კაპიტალის გამოყენების კარგი გზა“, – გახლდათ მისი მსჯელობა. ეს მუსიკად ჩაესმათ ჰეჯ- ფონდებს, რომელთაც მრავლად მოეყარათ თავი American-ის აქციებთან. თვით Berkshire Hathaway-ს უორენ ბაფეტმაც კი იყიდა კომპანიის ულუფა. გაკოტრებიდან გამოსული კომპანიის აქციებმა თითქმის მყისვე დაიწყეს ზრდა და პარკერის თანამდებობაზე ყოფნის პირველ წელს მათი ფასი გაორმაგდა. მენეჯერული დიდოსტატობის გამო, პარკერს წლიური კომპენსაცია – $10 მილიონზე მეტი – ერგო ჯილდოდ.

ახლა სწრაფად გადავახვიოთ წინ 2020-ის აპრილისკენ. SARS-CoV-2-ის სახელით ცნობილმა გადამდებმა დაავადებამ ძირს დასცა მოგზაურობის ინდუსტრია. American Airlines-ი უგროშოდაა დარჩენილი – ნაწილობრივ, პარკერის ექსტრავაგანტური ხარჯვის გამო. აშშ- ის მთავრობა თანახმაა, მას $5.8 მილიარდი შეაწიოს გრანტებისა და დაბალპროცენტიანი სესხების სახით, ეს კი უმსხვილესი თანხაა მთავრობის ფინანსური დახმარების $25-მილიარდიანი პაკეტის ინდუსტრიაში. ჰეჯ- ფონდის არაერთმა ინვესტორმა გაყიდა თავისი წილები, ასევე მოიქცა Berkshire Hathaway-ც. American-ის აქციები დღეს იმ $12 მილიარდის მესამედს თუ უტოლდება, რაც პარკერმა ჯერ მარტო გამოსყიდვებზე დახარჯა.

ბოლოდროინდელი წარმატებული პერიოდების მიუხედავად, American-ის საბუღალტრო ბალანსი სამარცხვინოდ გამოიყურება. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პარკერმა $7 მილიარდზე მეტი დაამატა წმინდა დავალიანების სახით, დღეს კი წმინდა დავალიანების მიმართება შემოსავალთან 45%-ს შეადგენს – დაახლოებით ორმაგს 2014-ის მიწურულთან შედარებით. American-ის თქმით, ის გეგმავს, „აგრესიულად“ დაფაროს სესხი, რაწამს ბიზნესი ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება.

ვალით დატვირთული American Airlines-ი გამონაკლისი როდია ქვეყნის უმსხვილეს კორპორაციებს შორის. სხვა თუ არაფერი, მისი ფინანსური გიმნასტიკა, შესაძლოა, მთელი ქვეყნის კომპანიათა საბჭოებში „რეცეპტების წიგნი“ ყოფილიყო. წლიდან წლამდე ფედერალური რეზერვის მიერ ეკონომიკის ლიკვიდურობით გაბერვის კვალდაკვალ, შეერთებული შტატების ზოგი ყველაზე დიდი ფირმა – Coca-Cola, McDonald’s-ი, AT&T, IBM-ი, General Motors-ი, Merck-ი, FedEx-ი, 3M-ი და Exxon-ი – დაბალპროცენტიანი სესხების ხარჯზე ქეიფობს მათმა უმეტესობამ იმაზე მეტი ისესხა, ვიდრე სჭირდებოდა და ხშირად ამ თანხებს მეწილეებს უბრუნებდა გამოსყიდვებისა და დივიდენდების სახით. არც შესყიდვათა სერიებისთვის დაუკლიათ. მათმა ქმედებებმა S&P 500-ის ინდექსი საოცარ ნიშნულზე აიყვანა (წლიურად, საშუალოდ, 13.5%-ით 2010-დან 2019-ის ჩათვლით), რასაც მზარდად ძვირფასი გასამარჯელოები მოჰყვა სათავეში მყოფი აღმასრულებელი დირექტორებისთვის. გადამწყვეტი მოწყალების დარტყმა პრეზიდენტ ტრამპის საგადასახადო შემცირება იყო 2017-ში, რამაც კიდევ უფრო მეტი ჰელიუმი დაუმატა ამ კორპორაციული ვალების ბუშტს.

Forbes-ის გამოძიების თანახმად, რომელმაც S&P 500 Index-ის 455 კომპანია გააანალიზა – ბანკებისა და ნაღდი ფულით მდიდარი ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების გარდა, როგორიც Apple-ი, Amazon-ი, Google-ი და Microsoft-ი არიან – ბიზნესებმა, საშუალოდ, თითქმის გაასამმაგეს თავიანთი წმინდა დავალიანება ბოლო ათი წლის განმავლობაში და დაახლოებით $2.5 ტრილიონი დაამატეს საბუღალტრო ბალანსს სასესხო კაპიტალისა და სააქციო კაპიტალის მიმართების სახით. ანალიზი აჩვენებს, რომ გასულ ათწლეულში შემოსავლის ზრდიდან მიღებულ ყოველ დოლარზე კომპანიები თითქმის ერთ დოლარს ამატებდნენ ვალის სახით. S&P 500- ის ფირმათა უმეტესობა აქციათა ფასების ზრდის ტენდენციის მქონე ბაზარზე, შემოსავლიდან მიღებული ყოველი დოლარისთვის სულ რაღაც 20 ცენტით შევიდა წმინდა დავალიანების სახით; დღეს ამ რიცხვმა 38 ცენტზე ისკუპა.

მაგრამ ახლა, როცა კორონავირუსის პანდემია მთელ მსოფლიოში აკოჭლებს ვაჭრობას, ამერიკული კორპორაციები ავბედითი რეალობის წინაშე დგანან: შემოსავლები აორთქლდა, მაგრამ მათი გამანადგურებელი ვალები არსად წასულა.

ერთი წლის წინ ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა განგაშის ზარი ჩამოჰკრა, თუმცა მისი ხმა აღზევებადი საფონდო ბირჟის გრგვინვაში თითქმის არავის გაუგია. „არა მხოლოდ ვალის მოცულობაა დიდი, – თქვა პაუელმა გასულ მაისს, – არამედ ბოლო პერიოდის ზრდა ვალის უფრო სარისკო ფორმაშია თავმოყრილი. …დაბალრისკიანი ობლიგაციებისთვის ლამის რეკორდული წილადები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა… ფენომენი, რომელიც „სამმაგი-B უფსკრულის“ სახელით არის ცნობილი“. პაუელი იმას გულისხმობდა, რომ არაერთი კომპანიის ობლიგაციათა უმეტესობის სტატუსი უვარგის სტატუსს სახიფათოდ უახლოვდებოდა: „ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტები და რეგულაციები ამ რისკზე დღესვე უნდა ფოკუსირდნენ, სანამ კარგი დროა საამისოდ”.

პაუელი შეეშვა ქადაგებას. კორპორაციული გადაუხდეულობის მასშტაბური პერსპექტივების შემხედვარემ, 23 მარტს, ფედერალურმა რეზერვმა იმგვარი საკრედიტო შესაძლებლობების შესახებ განაცხადა, რაც კორპორაციული ობლიგაციების ბაზარს წაუკრავდა ხელს. ორი კვირის შემდეგ ცენტრალურმა ბანკმა გააოგნა Wall Street-ი, როცა თქვა, რომ ღია ბაზარში შევიდოდა და იყიდდა როგორც უვარგის ობლიგაციებს, ისე წილებს ბირჟაზე მბრუნავი ფონდების მაღალუკუგებიან ობლიგაციებში.

მოკლედ, ფედერალური რეზერვი დღეს, გადასახადების გადამხდელთა $75 მილიარდის ხელშეწყობით, $750 მილიონს გამოყოფს, რათა მსხვილ კომპანიებს პანდემიასთან გამკლავებში დაეხმაროს… ეს ყველაფერი მისი $2.3-ტრილიონიანი სამაშველო პაკეტის ნაწილია.

„მყიდველისა და გამსესხებლის იმედად ვართ დარჩენილები, რაც ტკივილს ოდნავ მაინც ამსუბუქებს, მაგრამ თავისუფალი ბაზრის როლს ცვლის, – ჩიოდა Oaktree Capital-ის მილიარდერი თანადამფფუძნებელი ჰოვარდ მარქსი 14 აპრილს, მემორანდუმში. – როცა ხალხს აქვს განცდა, რომ მთავრობა მათ თავიანთი ქმედებების უსიამოვნო შედეგებისგან დაიცავს, ამას „მორალური რისკი“ ჰქვია. ხალხი და ინსტიტუციები ტკივილისგან დაცულები არიან, მაგრამ მძიმე გაკვეთილების ფასად“.

კორპორაციული ვალის უვარგისი ობლიგაციების გაკვეთილი ნათელია: ჯანდაბასაც წაუღია გადასახადის გადამხდელები, ფედერალური ონკანი ბოლომდეა გახსნილი. Refinitiv-ის თანახმად, ჯერ მარტო ბოლო ორ თვეში, არც მეტმა, არც ნაკლებმა, 392 კომპანიამ $167 მილიარდი გამოსცა ობლიგაციებისა და ბანკნოტების სახით, მათ შორის, სამმაგი B-ების რეკორდული ოდენობა, და კიდევ უფრო მეტი ვალი დაახვავეს, რის დაფარვასაც, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ. როგორც 2 მაისს, Berkshire-ის მეწილეთა ყოველწლიურ შეხვედრაზე უორენ ბაფეტმა აღნიშნა: „ყველა იმ ადამიანმა, ვინც მარტის მიწურულს და აპრილში ობლიგაციები გამოსცა, მადლობის წერილი უნდა გაუგზავნოს ფედერალურ რეზერვს“.

ამერიკის წამყვანი კორპორაციული მოქალაქეები – კომპანიები, რომელთაც თითქმის ყველა საპენსიო ანგარიშში შეხვდებით – ვალზე დამოკიდებულები არ გამხდარან და სიტუაციას მარტოები გაუმკლავდნენ. ამას გარკვეული ხელის წაკვრა დასჭირდა, განსაკუთრებით Wall Street-ის ყველაზე შორსმჭვრეტელი მონაწილეების მხრიდან. აიღეთ, მაგალითად, McDonald’s-ი, რომელსაც აშშ- ის თითქმის ყველა ქალაქში თავისი რესტორნები აქვს და რომლის საკულტო ოქროსფერი თაღებიდან სწრაფ, ეკონომიურ საკვებს სთავაზობენ მილიარდობით მომხმარებელს.

ეს ყველაფერი 2008-ის კრიზისამდე დაიწყო, როცა მილიარდერი ინვესტორი ბილ ეკმენი ამ ჩიკაგოში დაფუძნებული ბურგერების ბეჰემოტის შეფუცხუნებას შეუდგა და ითხოვდა, რომ კომპანიის მფლობელობაში არსებული 9,000 პუნქტის უმეტესობა დამოუკიდებელი ოპერატორებისთვის გადაეცა, რათა გამოესყიდა $12.6 მილიარდი აქციების სახით. McDonald’s-მა წარმატებით გაუწია მათ წინააღმდეგობა ჰეჯ- ფონდის აქტივისთვის, მაგრამ ეკონომიკის ფეხზე წამოდგომის დროს მისი ზრდა შეჩერდა.

2014-იდან დაწყებული, McDonald’s-ის აღმასრულებელი დირექტორი, დონ ტომპსონი კრედიტის აქტიურ გამოყენებას შეუდგა აქციათა გამოსყიდვის მიზნით. ერთი წლის თავზე ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ისტერბრუკმა გააძლიერა ტომპსონის სტრატეგია და კომპანიის მიერ ოპერირებული რესტორნები მეფრანშიზეებს მიჰყიდა – ზუსტად ისე, როგორც ეს ეკმენს უნდოდა. დღეს მსოფლიოში არსებულ 38,695 McDonald’s-ს მცირე ანტრეპრენიორები ამუშავებენ, რომლებიც გასამართ- სარემონტო ხარჯებს ფარავენ და მშობელ კომპანიას ქირასა და ლიცენზიის ჰონორარს უხდიან ამ უკანასკნელის შენობათა ოპერირების, მისი აღჭურვილობისა და მისი საკვების გაყიდვის პრივილეგიათა სანაცვლოდ.

ახალი და „აქტივებშემსუბუქებული“ McDonald’s-ი აღარ განკარგავს მოუქნელად კომპლექსურ აქტივებს; ნაცვლად ამისა, ის მეფრანშიზეებისგან თანხებს იღებს და ათობით მილიარდის ვალზე ზის. 2014-დან 2019-ის ჩათვლით, McDonald’s-მა დაახლოებით $21 მილიარდი გამოსცა ობლიგაციებისა და ბანკნოტების სახით. ამასთან, მან $35 მილიარდზე მეტის აქციები გამოისყიდა და $19 მილიარდის დივიდენდები გასცა, მეწილეებს კი $50 მილიარდზე მეტი გადაუხადა, რაც გაცილებით აღემატებოდა მის იმდროინდელ მოგებას ($31 მილიარდს).

Wall Street-ი კმაყოფილი დარჩა. McDonald’s-ი ჰეჯ-ფონდების რჩეულად იქცა, მისი აქციები კი, სულ მცირე, გაორმაგდა ისტერბრუკის თანამდებობაზე ყოფნის დროს – 2015-დან 2019-ის ჩათვლით. ხუთი წლის მანძილზე ამ უკანასკნელმა მსუყე ჯილდოც მიიღო: $78 მილიონი.

ასე იყო თუ ისე, McDonald’s-ის საბუღალტრო ბალანსზე დამატებული რისკი დრამატული გამოდგა. 2010-ში კომპანიის ვალი მხოლოდ 38 ცენტს შეადგენდა წლიური გაყიდვებიდან მიღებულ თითო დოლარზე, მაგრამ 2019-ის მიწურულისთვის, როცა სამსახურებრივ რომანთან დაკავშირებული ცნობების გავრცელების ფონზე ისტერბრუკი თანამდებობიდან გაუშვეს, კომპანიის წმინდა დავალიანება უკვე $1.58-ს უტოლოდებოდა შემოსავლის ერთ დოლარზე.

დღეს მისი წმინდა დავალიანება $33 მილიარდს შეადგენს, რაც თითქმის ხუთჯერ მეტია, ვიდრე ფინანსურ კრიზისამდე იყო. მისი ობლიგაციები, 2015- ის A-რეიტინგის შემდეგ, სამმაგ- B-დ არის შეფასებული, ანუ მათ მხოლოდ ორი საფეხური აშორებს უვარგისის სტატუსს.

ახლა, როცა პანდემიის გამო მისი რესტორნები თითქმის ცარიელია, McDonald’s-ის აქციების ფასი თავიდან ლამის 40%-ით დავარდა. მიუხედავად ამისა, ფედერალური რეზერვის ჩარევის წყალობით, McDonald’s-ის ვალი, რომელიც დასაწყისში დოლარზე 78 ცენტამდე დაცემულიყო, აქციების ფასთან ერთად წამოდგა ფეხზე კომპანიის მიერ დამატებითი $3.5 მილიარდის სწრაფად მოზიდვის კვალდაკვალ. McDonald’s-ის მტკიცებით, მან, ჯამში, მძლავრი საბუღალტრო ბალანსით შეადგა კრიზისში ფეხი. ამას წინათ მან აქციათა გამოსყიდვის პროცესი შეაჩერა.

ასეა თუ ისე, გასაოცარი სიმართლე ის გახლავთ, რომ ბურგერების გიგანტის კრედიტი, რეალურად, მოკრძალებულია მის ერთ- ერთ ყველაზე მთავარ მეტოქესთან, $5.6-მილიარდიან (შემოსავლით) Yum Brands-თან შედარებით, რომელიც Pizza Hut-ს, Taco Bell-სა და KFC-ს ფლობს. მას მერე, რაც 2015- ში Yum Brands-ის მართვის სადავეები გრეგ ქრიდმა გადაიბარა, ჰეჯ- ფონდის აქტივისტმა მენეჯერებმა, Corvex Management-ის კიტ მეისტერმა და Third Point-ის დენიელ ლობმა სერიოზული პოზიციები დაიკავეს. ამავე წლის ოქტომბრისთვის მეისტერი Yum-ის დირექტორთა საბჭოში შედიოდა, მისი დანიშვნიდან რამდენიმე დღეში კომპანიამ განაცხადა, რომ „მზად იყო, მეწილეთათვის მნიშვნელოვანი ოდენობის კაპიტალი დაებრუნებინა“ და Yum China-ს განყოფილება, რომელიც კომპანიის მოგებათა 39%-ზე იყო პასუხისმგებელი, დამოუკიდებელ ერთეულად ექცია.

მომდევნო წლის განმავლობაში ქრიდმა $5.2 მილიარდი ისესხა $7.2 მილიარდის აქციათა გამოსყიდვისა და დივიდენდების დაფინანსების მიზნით. Yum-მა ე.წ. ჩვეულებრივი აქციების თითქმის 31% დააბრუნა და, როგორც მოსალოდნელი იყო, აქციათა ფასი, 2019-ის ბოლოსთვის, $100-მდე გაორმაგდა.

Yum-ის მენეჯმენტი აბუჩად იგდებს იმ იდეას, რომ ფედერალური რეზერვი მათ რაიმე მხრივ დაეხმარა. „ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ფედერალური რეზერვის ჩარევის შესახებ მაღალუკუგებიან ბაზარში ან ჩვენს უნარში $600 მილიონის ტოლფასი მაღალუკუგებიანი ობლიგაციების გაცემისა“, – ამბობს კომპანია.

McDonald’s-ის მსგავსად, კომპანიის მფლობელობაში არსებული არაერთი პუნქტი Yum-მაც დამოუკიდებელ მეფრანშიზეებს მიჰყიდა. კაპიტალურ ბაზრებსა და ფედერალური რეზერვის გულუხვობაზე წვდომის გარეშე, მათი მომავალი ბუნდოვანია. Yum-ი თავის ფრანშიზთა ზოგიერთ მფლობელს 60-დღიან საშეღავათო პერიოდს აძლევს, რათა მას სალიცენზიო ჰონორარები გადაუხადონ. დევიდ გიბსი, რომელმაც ქრიდი აღმასრულებელი დირექტორის რანგში იანვარში ჩაანაცვლა, სპეკულირებდა, რომ აპრილის ბოლოს, საჭირო თუ გახდებოდა, კომპანია ფრანშიზებზე კონტროლს აიღებდა და მათ გაყიდდა.

ცხადია, ზოგი თვლის, რომ კრედიტით განხორციელებული დე ფაქტო გამოსყიდვები საჯარო ბაზარზე მბრუნავი ისეთი კომპანიებისა, როგორიც McDonald’s-ი და Yum-ია, სინამდვილეში, წინდახედული ქმედებები იყო, თუ გავითვალისწინებთ ფედერალური რეზერვის ათწლიან „იოლი ფულის” მიდგომას სავალუტო პოლიტიკისადმი. „როგორც კორპორაციული ფინანსების საკითხი, უპასუხისმგებლობას ემიჯნებოდა სააქციო კაპიტალით ასეთი ჭარბი დაფინანსება იმის ფონზე, რომ [სესხი] დაუჯერებლად იაფი იყო“, – ამბობს Arena Investors- ის დენ ზვირნი. სენტ- ლუისის ფედერალური რეზერვის თანახმად, 2019-ის ბოლოსთვის, არაფინანსური ბიზნესვალების ოდენობამ $10 ტრილიონი შეადგინა, ანუ 64%-ით გაიზარდა ათწლეულის დასაწყისის შემდგომ. „[ე.წ.] რაოდენობრივი შემსუბუქების ყოველი გროში ფედერალური რეზერვის მხრიდან ითარგმებოდა კორპორაციული ვალის თანასწორ თამაშში, რომელიც აქციათა გამოსყიდვაზე წავიდა, რამაც, თავის მხრივ, S&P 500-ის აქციათა ოდენობა ბოლო ოც წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოიყვანა, – ამბობს ეკონომისტი დევიდ როზენბერგი. – ეს ისტორიული მასშტაბის ვალის ბუშტი იყო. …და მაინც, ეს თითქოს არავის ადარდებდა, რაკიღა იოლი ფულის შოვნის საშუალება არსებობდა“.

ასეა თუ ისე, კორპორაციული თავზეხელაღებულობისთვის ჯილდო რომ არსებობდეს, ცოტა თუ შეძლებდა ძლევამოსილ Boeing-თან კონკურენციას – საჰაერო სივრცისა და თავდაცვის ყველაზე დიდ მწარმოებელთან მსოფლიოში და ერთადერთ ყველაზე დიდ ექსპორტიორთან ქვეყანაში. ერთ დროს ინდუსტრიული გამომგონებლობის სიამაყე, Boeing-ი, ფინანსური ინჟინერიის საცდურმა მოაქცია ჰიპნოზის ქვეშ.

2013-იდან მოყოლებული, ამ ჩიკაგოში დაფუძნებულმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ჭკვიანური იქნებოდა, მოგებიდან მიღებული, სულ მცირე, ყოველი გროში მეწილეებისთვის მიეცა. მან $64 მილიარდი თამამად გახარჯა – $43 მილიარდი შესყიდვების სახით და $21 მილიარდი დივიდენდების სახით – და მხოლოდ მცირე დანაზოგი გააკეთა აღმასრულებელი დირექტორის, დენის მიულენბურგის თაოსნობით, რათა ერთგვარი ბუფერი შეექმნა ინდუსტრიის ისეთი მოსალოდნელი რისკების წინააღმდეგ, როგორიც საწარმოო სირთულეები, სამუშაო ძალის უთანხმოებები და რეცესებია.

როცა ხუთ თვეში მისმა ორმა თვითმფრინავმა, 737 MAX-მა, კატასტროფა განიცადა და ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ 2019-ში ავიაცია მიწაზე ჩამოსვა, Boeing-ის აგრესიული ფინანსური პოლიტიკა სააშკარაოზე გამოვიდა და კომპანია იძულებული გახდა, ვალის ბაზრებისთვის მიემართა საგანგებო ვითარებისთვის აუცილებელი ნაღდი ფულისათვის. Boeing-ი, რომელსაც, ფაქტობრივად, არავითარი ვალი არ ჰქონია 2016-ში, 2019 წელი $17 მილიარდის ტოლფასი წმინდა დავალიანებით დაასრულა. ამ მარტს კომპანია სრულად დაეყრდნო $13.8 მილიარდის საკრედიტო ხაზს, რათა საჰაერო მგზავრობის დამიწების პროცესს გამკლავებოდა, Standard & Poor’s-მა კი მისი საკრედიტო რეიტინგი დაბალრისკიანი ობლიგაციების ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ჩამოაქვეითა.

Boeing-ი ფინანსური დახმარების მიღებასთან დაკავშირებით კეკლუცობდა. თავდაპირველად მთავრობას $60 მილიარდი სთხოვა საჰაერო სივრცის ინდუსტრიისთვის. მაგრამ აპრილის მიწურულს ფინანსურმა დირექტორმა გრეგ სმიტმა ინვესტორებს უთხრა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი ნაბიჯებს დგამდა მისი ლიკვიდურობის მხარდასაჭერად და რომ Coronavirus Aid-ი, Relief and Economic Security (CARES) Act-ი მას დაეხმარებოდა გადასახადების გადახდის შეყოვნების მიმართულებით. Boeing-მა, ასევე, დაფინანსების ალტერნატივათა განხილვაც დაიწყო ხაზინიდან და ფედერალური რეზერვიდან. „მიგვაჩნია, რომ მთავრობის ხელშეწყობა კრიტიკული მნიშვნელობის იქნება, რათა ჩვენს ინდუსტრიას ლიკვიდურობაზე ჰქონდეს წვდომა“, – თქვა Boeing- ის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ კალჰუნმა 29 აპრილს. მომდევნო დღეს Boeing- მა $25-მილიარდიანი ობლიგაციების შეთავაზება ჩაუშვა, რითაც პირდაპირი ფინანსური დახმარების საჭიროება აღმოფხვრა. ამ ობლიგაციებზე (რომლებიც 2060-მდე გამოუსყიდვად ობლიგაციებს მოიცავს) ჭარბი მოთხოვნა გაჩნდა; ინსტიტუციურმა ინვესტორებმა, რასაკვირველია, ჩათვალეს, რომ Boeing-ის ფეხზე წამოდგომა ეროვნული მნიშვნელობის საკითხი იყო მთავრობისთვის.

თუ მეწილეთათვის ნაღდი ფულის უკან გაცემა Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორის აკვიატება იყო, შოუბიზნესის სფეროში შესყიდვათა მეშვეობით გიგანტად ქცევა რენდალ სტივენსონის საფირმო ნიშანი გახლდათ AT&T-ის აღმასრულებელ დირექტორად 13-წლიანი მსახურობის მანძილზე. ერთ დროს Ma Bell-ად მოხსენიებული 143 წლის სათაყვანებელი კომპანიის სათავეში მოსვლისთანავე, სტივენსონმა $200 მილიარდზე მეტი დახარჯა – მეტწილად, DirecTV-სა და Time Warner-ის შესყიდვაზე, სხვა რამეებთან ერთად, მაგრამ ფული აქციათა გამოსყიდვებზეც და ამ ტელეკომუნიკაციების კომპანიის $2-ის ტოლფას წლიურ დივიდენდზეც ფლანგა. საბოლოო ჯამში, სტივენსონმა $100 მილიარდის ახალი წმინდა დავალიანება დაიკისრა. „AT&T ყველაზე დავალიანებული არაფინანსური კომპანიაა, რაც კი რამ სამყაროში არსებობს“, – ამბობს ტელეკომუნიკაციების სფეროს ანალიტიკოსი კრეიგ მოფეტი.

ჰეჯ- ფონდის მეწილე Elliott Management-ი ორ სიტყვას იმეტებს სტივენსონის ახირებულ ქცევაზე, ისიც – ცალყბად: „ცხადი გახდა, რომ AT&T-მ DirecTV წრფივი სატელევიზიო ბაზრის აბსოლუტური პიკის დროს იყიდა“, – აღნიშნა Elliott-მა $67-მილიარდიანი შესყიდვის თაობაზე 2019 წლის სექტემბერში საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში. რაც შეეხება იმ $109 მილიარდს, სტივენსონმა რომ Time Warner-ზე დახარჯა, „AT&T-ს კვლავაც ჩამოსაყალიბებელი აქვს მკაფიო სტრატეგიული მიზეზი, რის საფუძველზეც AT&T-ს Time Warner-ის ფლობა სჭირდება“.

Elliott-ი, რომელიც კარგა ხანია, კორპორაციული გალიების ნჯღრევით არის ცნობილი, თვლის, რომ სტივენსონის ყველაზე ცუდი გარიგება $39-მილიარდიანი რბოლა გახლდათ T-Mobile- ისთვის 2011-ში. „შესაძლოა, ყველაზე დამაზიანებელი გარიგება ის იყო, რომელიც არ შედგა“, – აღნიშნა Elliott-მა იმავე წერილში და კორპორაციული რესურსების ერთწლიანი ფლანგვა იგულისხმა, რაც, ბოლოს, AT&T-ის გარიგებიდან გამოსვლით დაგვირგვინდა და რამაც T-Mobile-ი აიძულა, გარიგების დარღვევის გამო რეკორდული $6 მილიარდი გადაეხადა. „[AT&T-მ] სიცოცხლისუნარიან მეტოქეზე მოახდინა კაპიტალიზება წლების განმავლობაში“, – ნათქვამი იყო Elliott-ის წერილში.

Elliott-ი და სხვა ინვესტორები უდავოდ გაბითურებულად გრძნობდნენ AT&T-ის მხრიდან თავს. Boeing-ისგან განსხვავებით, რომლის მიერ შთანთქმულმა ვალმა და გამოსყიდვებმა მისი აქციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, AT&T-ის აქციები ერთ ადგილას გაყინულიყო წლების მანძილზე. რაც ამ ვალზე დამოკიდებულ დუეტს აქვს საერთო, ისაა, რომ ფინანსურად, სულ მცირე, საკუთარი „ცისფერკოჭა“ წარსულის აჩრდილებად იქცნენ.

რამდენადაც 2020-ის პანდემია ნამდვილი შოკი იყო გლობალური ეკონომიკისთვის, ვალების ხარჯზე ქეიფის კატასტროფული შედეგები კორპორაციული გიგანტებისთვის, შესაძლოა, მხოლოდ დასაწყისი იყოს. ლანდშაფტი იმ კომპანიებითაა დაბინძურებული, რომელთაც თვითდაზიანებები მიიყენეს. დროში გაწელილმა რეცესიამ შეიძლება, კრედიტით ხარბად ნაკვები ზოგიერთი ფირმა გადახდისუუნარო გახადოს, მით უფრო, თუ საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება და ხაზინის მულტიტრილიონდოლარიანი გეგმა, სახელად „გადაარჩინე ეკონომიკა ნებისმიერ ფასად“, იმავეს უზამს ინფლაციას.

გასული ათწლეულის განმავლობაში Altria-მ – Marlboro-ს სიგარეტების გამყიდველმა – თავისი წმინდა დავალიანება $10 მილიარდიდან $26 მილიარდამდე გაზარდა, ოპერაციული ფულადი ნაკადის უმეტესობა დივიდენდებსა და აქციათა გამოსყიდვებზე დახარჯა, ხოლო $15 მილიარდი – მცირეუკუგებიან წილებზე Juul Labs-სა და კანაფის კომპანია Cronos Group-ში. სიგარეტის გამყიდველის წმინდა დავალიანება დღეს $1.31-ს შეადგენს წლიური შემოსავლიდან მიღებულ ერთ დოლარზე, არადა, 2010-ში ეს მაჩვენებელი 58 ცენტი იყო.

თავისი 118-წლიანი ისტორიის მანძილზე მინესოტურმა 3M-მა – N95-ის ნიღბების, Post-It-ის ჩასანიშნი ფურცლებისა და Scotch-ის წებოვანი ლენტის მწარმოებელმა – მეტწილად თითქმის უკრედიტოდ გაიტანა თავი. მაგრამ 2010-იდან დღემდე, მისი წმინდა დავალიანება 17-ჯერ გაიზარდა – ლამის $18 მილიარდამდე ან კი შემოსავლის 55%-მდე. თებერვალში, Standard & Poor’s-მა ჩამოაქვეითა 3M-ის ობლიგაციები და ის ერთ- ერთ პირველ გამცემად იქცა, ვინც ე.წ. გაუყინავი ობლიგაციების ბაზრების ათვისება დაიწყო მარტის მიწურულს.

მისურიში დაფუძნებული $10-მილიარდიანი (შემოსავლებით) O’Reilly Automotive-ი – ავტონაწილებით მოვაჭრე – საფონდო ბირჟის ერთ-ერთი რჩეული გახლდათ ბოლო ათწლეულში. ამ ოჯახის მიერ მართულმა ბიზნესმა იაფი სესხი 2010-იანებში აღმოაჩინა, რომელიც $12 მილიარდის აქციათა გამოსასყიდად და თავისი ბრუნვაში გაშვებული აქციების თითქმის ნახევრის გასაუქმებლად გამოიყენა. ათი წლის მანძილზე მისი ვალი თითქმის 12-ჯერ გაიბერა – $4 მილიარდამდე. 25 მარტს O’Reilly-მ $500 მილიონი კიდევ ერთხელ ისესხა – ისე, ყოველი შემთხვევისთვის.

General Dynamics-ს, რომელიც Navy-ის გემებით, Gulfstream-ის რეაქტიული თვითმფრინავებითა და სამთავრობო კონტრაქტებით არის ცნობილი, მცირე ოდენობის ვალი ჰქონდა 2010-ში, მაგრამ მას მერე, რაც 2013-ში ფიბი ნოვაკოვიჩი გახდა აღმასრულებელი დირექტორი, კომპანიამ დაახლოებით $13 მილიარდი გამოისყიდა აქციების სახით, დივიდენდების სახით კი $6 მილიარდი გადაიხადა და გასული წელი $11 მილიარდის წმინდა დავალიანებით დახურა.

IBM-ი წლების მანძილზე გამოსყიდვების ჩემპიონად გვევლინება; 2010-იდან 2019-ის ჩათვლით, თავისუფალი ფულადი ნაკადის 90% მეწილეებს გადაუხადა და მათ $125 მილიარდი დაუბრუნა. კომპანიის ვალი, მათ შორის, მომხმარებელთა დაფინანსების ჩათვლით, წმინდა შემოსავლის 17%-დან 70%-მდე გაიზარდა და $52 მილიარდი წმინდა დავალიანების სახით ამჟამად ბრუნვაშია გაშვებული.

ვალის დიდ ქეიფში Berkshire Hathaway-ც კი ჩაება. 2013-ში ბაფეტი მილიარდერ ჟორჟე პაულუ ლემანის მიერ თანადაფუძნებულ კერძო სააქციო კაპიტალის ბრაზილიურ ფირმასთან გაერთიანდა, რათა $28 მილიარდად – H.J. Heinz-ი, ორი წლის შემდეგ კი $47 მილიარდად Kraft Foods-ის ეყიდა. შედეგად მიღებული კომპანია ისეთი ნოსტალგიური ბრენდებით დაიტვირთა, როგორიცაა Jell-O, Velveeta და Oscar Mayer-ი, ისევე როგორც $30-მილიარდიანი ვალით. $143 მილიარდის სანაცვლოდ, Unilever-ის დაპატრონების წამოწყების შემდეგ, რასაც, გავრცელებული ცნობებით, დამატებითი $90 მილიარდი დასჭირდებოდა სესხის სახით, საკვების მასიურ კონგლომერატში ბიზნესმა გაფუჭება იწყო.

Kraft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2017-ის თებერვლის პიკური $118 მილიარდიდან $38 მილიარდზე ჩამოვიდა, ხოლო Berkshire Hathaway-ს აქციები, რომლებიც მის საბუღალტრო დავთრებში $13.8 მილიარდადაა გაწერილი, დღეს სულ რაღაც $10 მილიარდად ბრუნავს. თებერვალში როგორც S&P-მ, ისე Fitch-მა, Kraft-ის ობლიგაციები უვარგისად ცნო. ასეა თუ ისე, Kraft Heinz-ი ამტკიცებს, რომ მისი საბუღალტრო ბალანსი და მოთხოვნა მის ბრენდებზე მძლავრია.

ნავთობის სამყაროში, ამასობაში, ბევრი უკვე ისე ავად გრძნობს თავს, რომ ფედერალური რეზერვის გულუხვობით ხეირსაც კი ვეღარ ახერხებს. Occidental Petroleum-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვიკი ჰოლაბმა, 2016-ში თანამდებობის დაკავების შემდეგ, წმინდა დავალიანება თითქმის გაახუთმაგა – $36 მილიარდამდე, რაშიც არ ითვლება ის $10 მილიარდი, ე.წ. პრივილეგირებული დაფინანსების სახით ბაფეტისგან რომ აიღო. Anadarko Petroleum-ის $55-მილიარდიანი შესყიდვის საქმე გასულ აგვისტოს მოვიდა სისრულეში – მცირე ხნით ადრე ნავთობის ფასების ყველაზე საზიზღარ ვარდნამდე 1980-იანების შემდეგ, რაც ამ წლის დასაწყისში რუსეთისა და საუდის არაბეთის მიერ ბაზრებზე ნავთობის მარაგების უხვი ჩაღვრით იყო სტიმულირებული. ახლა (ამ ნომრის გამოცემის მომენტისთვის), როცა West Texas Intermediate-ის ნედლი ნავთობი თითქმის $30- ად ფასობს ბარელზე, ისეთი პირი უჩანს, რომ Occidental-ს რესტრუქტურირება მოუწევს ან, სულაც, გაკოტრებისკენ წავა.

თუმცა, თუ Occidental-ს გაკოტრების საშუალებას მისცემენ, ის ალბათ გამონაკლისი იქნება. აშშ- ის მთავრობას არა აქვს იმის ფუფუნება, ამდენი კომპანიის ბედის კარნახის ნება მხოლოდ ბაზრის ძალებს რომ დართოს. მოვაჭრეებმა Neiman Marcus-მა, J.Crew-მ and JCPenney-მ უკვე გაკოტრებულად გამოაცხადეს თავი. ფედერალურმა რეზერვმა მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია, რომ გლობალური ეკონომიკური უბედურების თავიდან აცილების საცდელად – უბედურებისა, რომელიც მსოფლიოს დიდი დეპრესიის მერე არ ახსოვს – საჯარო ბაზარზე მბრუნავ ქვეყნის ყველაზე მსხვილ კომპანიებს ის, ფაქტობრივად, ზედმეტად დიდებად მიიჩნევს საიმისოდ, კრახის საშუალება რომ მისცეს. „ფედერალურმა რეზერვმა და ხაზინამ, საკრედიტო რისკის სოციალიზებით, პრაქტიკულად ახალი მორალური საფრთხე შექმნეს“, – წერდა Guggenheim Partners-ის ინფორმაციული დირექტორი სკოტ მინერდი.

BlackRock-ი ფედერალური რეზერვის საბუღალტრო ბალანსის ექსპანსიას პროგნოზირებს „გამაოგნებელი“ $7 ტრილიონით წლის ბოლოსთვის.

გარკვეული თვალსაზრისით, ფედერალური რეზერვის ქმედებები ჰგავს მცდელობას, მავნე დამოკიდებულება იმავე სუბსტანციის დოზების გაზრდით განკურნოს, რომელსაც „წამალდამოკიდებული“ მოიხმარს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.