კორონავირუსით გამოწვეულმა ეპიდემიამ საქართველოს ეკონომიკას სამი ძირითადი საფრთხე შეუქმნა: მოსახლეობის შემოსავლების შემცირება, ლარის კურსის დაცემა და ქვეყნის სახელმწიფო ვალის ზრდა.
2020 წელი ლარის კურსის გამყარებით დაიწყო. პირველ იანვარს ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.87 იყო. 26 თებერვალს, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, ლარის კურსი 2.79 იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების პირველივე ფაქტიდან მოსახლეობაში გარკვეული პანიკა დაიწყო, ლარის კურსი 9 მარტამდე 2.77-მდე გამყარდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ 2020 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის პოზიტიურად დაიწყო, განსაკუთრებით – საგარეო შემოსავლების კუთხით. იანვარში, 2019 წლის იანვართან შედარებით, საქართველოს ექსპორტი 10%-ით, ტურისტების რაოდენობა 19%-ით, ხოლო ემიგრანტების გადმორიცხული თანხების მოცულობა 9%-ით გაიზარდა. ამას დაერთო იანვარ-თებერვალში საქართველოში უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ზრდა და მთავრობის ფასიანი ქაღალდების შესაძენად უცხოური ვალუტის შემოსვლა. ერთად აღებულმა ყველა ამ ფაქტორმა ლარი გაამყარა.
თებერვლიდან მცირედით, მაგრამ დაიწყო კლება ექსპორტმა და ტურიზმმა, რადგან ამ დროისთვის ზოგი ქვეყნის ეკონომიკაზე ეპიდემიის უარყოფითი გავლენა უკვე აისახა, მარტში კი ტურისტების რაოდენობა 56%-ით, ექსპორტი 22%- ით, ხოლო ფულადი გზავნილები 9%-ით შემცირდა.
6 მარტის შემდეგ ლარმა სწრაფი გაუფასურება დაიწყო. უცხოური ვალუტის შემცირებულ შემოსავლებს მოსახლეობის მომატებული პანიკა დაერთო, ხალხი პროდუქტებსა და დოლარს იმარაგებდა. უცხოელებმა საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების გაყიდვა დაიწყეს, ყიდდნენ ლარში, ყიდულობდნენ დოლარს და შესყიდული დოლარი ქვეყნიდან გაჰქონდათ. ქვეყანაში შემომავალი დოლარის ნაკადების შემცირებამ, ქვეყნიდან დოლარის გასვლის დაჩქარებამ და ამავე დროს შიდა დანაზოგების გარკვეული ნაწილის ლარიდან დოლარში გადატანამ ლარის კურსის მკვეთრი დაცემა გამოიწვია.
13 მარტისთვის ლარის კურსი 3.0-ს მიუახლოვდა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე დოლარის გაყიდვა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ 13-დან 25 მარტამდე ჯამში 100 მლნ დოლარი გაიყიდა, ლარი დოლარის მიმართ 3.48-მდე გაუფასურდა. სებ- ის მიერ დოლარის გაყიდვამ, სავაჭრო ქსელების დაკეტვით იმპორტის მნიშვნელოვნად შემცირებამ და ლარიდან დოლარში გადასატანი დანაზოგების კლებამ ლარის გამყარებას შეუწყო ხელი. 25 აპრილამდე ლარი 3.20-ის ნიშნულს დაუბრუნდა და მას შემდეგ კურსის მნიშვნელოვანი რყევები აღარ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ აპრილი მარტთან შედარებით გაცილებით მძიმე ეკონომიკური შედეგებით დასრულდა.
აპრილში, 2019 წლის აპრილთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 92%-ით, ფულადი გზავნილები 42%-ით (58 მლნ დოლარით), ხოლო ექსპორტი 28%-ით (86 მლნ დოლარით) შემცირდა. უცხოური ვალუტით შემოსავლების ასეთი კლება დიდწილად იმპორტის 39%-ით, 287 მლნ დოლარით შემცირებამ დააბალანსა.
ლარის კურსის 3.20-ის მიდამოში გაჩერება გარკვეულწილად ხელოვნურადაც მოხდა. ამის მთავარი მიზეზი უცხოური დახმარებების მოზიდვა და მომავლის გაურკვევლობის თანდათან შემცირება იყო. 27 აპრილს სებ- მა 20 მლნ დოლარი და 21 მაისს 40 მლნ დოლარი გაყიდა. ამასთან, სებ- მა გადაწყვიტა, სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის სტაბილურობის მხრივ უფრო აქტიურად ჩარეულიყო. ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: 1. ლარის გაუფასურება აისახება ინფლაციაზე, რაც ისედაც მაღალია ბოლო პერიოდში და სცდება მიზნობრივს, 2. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან მოზიდული სესხებისა და გრანტების სახით სებ-ს გაუჩნდა დამატებით 2 მილიარდ დოლარამდე რესურსი და 3. ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების დაფინანსება – მოკლე პერიოდში ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ სავალუტო ბაზარზე ისევ პანიკა რომ არ გამოიწვიოს.
გარდა ტრადიციული მსხვილი სავალუტო ინტერვენციებისა, სებ- მა ყოველდღიური მცირე ზომის ინტერვენციები დაიწყო. როდესაც დღის განმავლობაში კურსის მერყეობა წინასწარ დადგენილ ნიშნულს სცდება, სებ- ი სავალუტო ვაჭრობებში იღებს მონაწილეობას.
ერთია სურვილი, ლარის კურსი გარკვეულწილად “შევბოჭოთ“, მაგრამ მეორეა, რამდენად გვაქვს ამის შესაძლებლობა? ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან ჩვენი შიდა მცდელობებისა და რესურსების გარდა, ლარის გაცვლითი კურსი საგარეო ფაქტორებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ფაქტორებზე, რომლებიც დღეს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. თუმცა საგარეო ფაქტორებიდან მოსალოდნელი საფრთხე ჯერჯერობით დაბალანსებულია ეკონომიკაში 3.5 მილიარდი დოლარის მოცულობით მოზიდული უცხოური სესხებითა და გრანტებით. მთავარი კითხვა რჩება – რამდენ ხანს გაგრძელდება საერთაშორისო კრიზისი? ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლარის გაცვლითი კურსის მერყეობას გარკვეული სტაბილიზატორის როლი აქვს და მისი სრული ფიქსირება მიზანშეწონილი არ არის. მაგალითად, იმპორტის მნიშვნელოვნად შემცირება და ლარის კურსზე ზეწოლის შემსუბუქება თავად ლარის გაუფასურებამაც განაპირობა. თუკი ხელისუფლება სრულად შეეცდება, გარკვეულ ნიშნულზე დააფიქსიროს ლარის კურსი, ეს ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვებს ამოწურავს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს (უცხოური ვალუტის შემოსვლა-გასვლის სხვაობა) გაზრდის, საბოლოოდ ლარი მაინც მნიშვნელოვნად გაუფასურდება, ეკონომიკა კი კიდევ უფრო დიდ კრიზისში აღმოჩნდება.
ამჟამად გათვლა ემყარება იმედს, რომ 2021 წლიდან როგორც საქართველოს, ასევე ბევრი სხვა ქვეყნის და მათ შორის, ჩვენი ძირითადი ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკები ზრდას დაიწყებენ და მთავარია, 2020 წელი “გადავაგოროთ“. როგორი იქნება 2021 წელი, ეს უფრო მეცნიერებისა და მედიცინის მიღწევებზე იქნება დამოკიდებული, ვიდრე პოლიტიკოსებსა და ეკონომისტებზე.
რაც შეეხება უახლოეს თვეებს და, მაქსიმუმ, წლის ბოლომდე პერიოდს, თუ მთავრობა მნიშვნელოვან შეცდომებს არ დაუშვებს, ლარის მკვეთრი გაუფასურება მოსალოდნელი არ არის.
პირველ რიგში მნიშვნელოვანია ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ტენდენცია, რომელიც ლარის კურსის ცვლილებას არა მხოლოდ დოლართან, არამედ ევროსთან, რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთანაც გვიჩვენებს. გარდა ამისა, ქვეყნებს შორის ინფლაციის დონეებს შორის სხვაობასაც ითვალისწინებს. რეალური ეფექტური კურსი უჩვენებს, რომ დღეს ლარი ბოლო წლების საშუალო სიდიდესთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუფასურებული და, საბაზრო ძალების თვითრეგულირებიდან გამომდინარე, მისი ზრდა, ანუ კურსის გამყარებაა მოსალოდნელი. ოღონდ, აქ დაშვებაა, რომ გარე და შიდა ფაქტორები საქართველოსთვის მეტად არ უნდა გაუარესდეს, ვიდრე ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში.
მნიშვნელოვანია, რა მოცულობის უცხოური ვალუტის რესურსი ექნება სებ-ს კრიზისის პერიოდში სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისთვის. აპრილის ბოლოს სებ- ის უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები 3.3 მილიარდი დოლარი იყო. გასული წლის აპრილთან შედარებით რეზერვები 142 მლნ დოლარით არის შემცირებული, თუმცა გასულ თვესთან, მარტთან, შედარებით 77 მლნ დოლარით გაიზარდა. ოპტიმისტური შეფასებითაც კი 2020 წელს საქართველოს უცხოური ვალუტის შემოსავლების (ექსპორტი, ტურიზმი, გზავნილები, ინვესტიციები) ბალანსი (გასავლების კლების გათვალისწინებით), სულ მცირე, 1.5 მილიარდი დოლარით შემცირდება. ეს შემცირება გარკვეულწილად უკვე აისახა ლარის კურსში და სრულად რომ არ აისახოს, სწორედ ამიტომ საგარეო წყაროებიდან მთავრობისა და სებ- ის მიერ მოზიდული 2 მილიარდ დოლარამდე რესურსის ნაწილი სავალუტო ბაზარზე მოხვდება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, მარტ-მაისში სავალუტო ბაზარს 160 მლნ დოლარი მიეწოდა.
გარდა იმისა, რომ სებ- ის რეზერვებში მოხვდება საგარეო დაფინანსება, ასევე რეზერვების ხარჯვას ხელს შეუწყობს ის, რომ საქართველოში იმპორტი მცირდება. რეზერვების ადეკვატურობის დონე სწორედ იმპორტთან თანაფარდობით განისაზღვრება და რაც ნაკლები იქნება იმპორტი, მით მეტი რეზერვის დახარჯვის შესაძლებლობა გაჩნდება. მთავარია, რეზერვების ხარჯვის მიზანი ლარის კურსის ბუნებრივი ტენდენციის შეჩერება არ გახდეს და მან მხოლოდ მოკლევადიანი რყევები გააუვნებლოს. საბოლოო ჯამში, გაცვლითი კურსი ეკონომიკის მხრიდან უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა- მიწოდებამ უნდა განსაზღვროს.
რეზერვების ხარჯვას ის გამოწვევაც ახლავს, რომ ამცირებს მიმოქცევაში არსებული ლარის მასას და ბანკებს ლიკვიდობის პრობლემას უქმნის. თუმცა ე.წ. სტერილიზაციის გამოყენებით, სებ-ს შეუძლია, ბანკებს ლარის ლიკვიდობა სხვა წყაროებით მიაწოდოს, მაგალითად, რეფინანსირების სესხების ზრდით. თუ ინფლაციური ზეწოლა შემცირდება და, აქედან გამომდინარე, რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება, ლარის კურსის სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ერთდროულად იქნება შესაძლებელი.
წელს შემოდგომიდან, გასული წლებისგან განსხვავებით, არ გვექნება ვალუტის კურსზე სეზონური ზეწოლა, რაც ძირითადად ტურიზმის სეზონურობით იყო გამოწვეული. არ არის გამორიცხული, შემოდგომიდან მეტი ტურისტი შემოვიდეს, ვიდრე ზაფხულის თვეებში. ზაფხულის თვეებთან შედარებით იმპორტი გაიზრდება, თუმცა ზრდა არ იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, რომ კურსზე ზეწოლა მოახდინოს. მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვის მიზანშეწონილობა და ბალანსირება. ბიუჯეტის გაზრდილი ხარჯები რაც მეტად შეუწყობს ხელს მოხმარების (მოთხოვნის) ზრდას, მით მეტად გაიზრდება იმპორტი, ანუ ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება. თუმცა აღნიშნული ეფექტის სრულად არიდება შეუძლებელია. ამასთან, თუ ლარის კურსის დასტაბილურება მოხერხდება, ეს უცხოელებს საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისადმი ნდობას დაუბრუნებს და ისინი კვლავ დაიწყებენ მათ შესყიდვას, რაც უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყარო შეიძლება გახდეს.
ზუსტად არავინ იცის, როდის დასრულდება ეპიდემია მსოფლიოში და შემოდგომიდან როგორი სიმძლავრის ახალი ტალღა იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და ბიზნესის პესიმისტური მოლოდინები თანდათან პოზიტიური მოლოდინებით შეიცვალოს, მათ შორის – ლარის კურსთან დაკავშირებით. ამას კი ხელს უშლის ზოგიერთი მთავრობის წევრი და ექიმების ხშირი განცხადებები შემოდგომიდან ეკონომიკის კვლავ ჩაკეტვაზე. ასეთი განცხადებების ფონზე, არათუ ახალ ინვესტიციებს განახორციელებს ვინმე, დახურული ბიზნესების გაღების მოტივაციაც კი არ ექნებათ. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი, სახელმწიფო ვალის მოცულობა და ჩვენი პარტნიორების ფინანსური დახმარების რესურსები გაცილებით რთულ მდგომარეობაში იქნება, ვიდრე ეს რამდენიმე თვის წინ იყო. ვირუსის წინააღდეგ ნაკლები შეზღუდვებით გასამკლავებლად უნდა მოვემზადოთ, ამაში უკვე მიღებული გამოცდილებაც დაგვეხმარება.