მოთხოვნის კლების გამო, საფრანგეთს ღვინის ჭარბი მარაგის განადგურება €200 მილიონი დაუჯდება

მოთხოვნის კლების გამო, საფრანგეთს ღვინის ჭარბი მარაგის განადგურება €200 მილიონი დაუჯდება

ღვინის დარჩენილი მარაგის განადგურებისა და მწარმოებლების მხარდასაჭერად საფრანგეთის მთავრობა €200 მილიონს გამოყოფს. ჭარბი წარმოება და ცხოვრების ღირებულების კრიზისი ღვინის ინდუსტრიაზე უარყოფითად მოქმედებს, რასაც კრაფტ-ლუდის პოპულარობის ზრდის პარალელურად ღვინოზე მოთხოვნის კლება ემატება.

საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი დარჩენილი მარაგის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო ალკოჰოლი ისეთი პროდუქციის დასამზადებლად იქნება გაყიდული, როგორიცაა ხელის სადეზინფექციო საშუალებები, საწმენდი საშუალებები და სუნამოები. ჭარბი წარმოების შემცირების მიზნით კი, მევენახეებისთვის თანხა სხვა პროდუქციის, მაგალითად ზეთისხილის მოყვანაზე გადასვლისთვის იქნება შეთავაზებული.

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, მარკ ფესნოს განცხადებით, მთავრობას ფასების კოლაფსის შეჩერება და მეღვინეებისთვის შემოსავლის ახალი წყაროს შექმნა სურს. ფესნოს თქმით, ფინანსური დახმარებების გარდა, ღვინის ინდუსტრიას, მომხმარებელთა მოთხოვნების ცვლილებების შესაბამისად სჭირდება ადაპტაცია. ცნობისთვის, ღვინის ინდუსტრიისთვის ევროკავშირის საწყისი ფონდი €160 მილიონი იყო, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ €200 მილიონამდე გაზარდა.

ევროკომისიის თანახმად, ივნისის წლიური მონაცემებით, ღვინის მოხმარება იტალიაში 7%-ით, ესპანეთში 10%-ით, საფრანგეთში 15%-ით, გერმანიაში 22%-ით, ხოლო პორტუგალიაში 34%-ით იყო შემცირებული. მაშინ, როდესაც, იმავე პერიოდში, ბლოკის მასშტაბით (მსოფლიოში ღვინის უმსხვილესი მწარმოებელი) ღვინის წარმოება 4%-ით გაიზარდა.