MotorTrend-მა $169,000-იანი Lucid Air-ი წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელა

MotorTrend-მა $169,000-იანი Lucid Air-ი წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელა

პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემა MotorTrend-მა კალიფორნიაში დაფუძნებული სტარტაპის, Lucid Motors-ის მიერ წარმოებული პირველი ელექტრომობილი, Lucid Air-ი წლის საუკეთესო მანქანად დაასახელა. ცნობისთვის, კომპანიამ მომხმარებლებისთვის ავტომობილის მიწოდება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ Lucid Air-ი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია Tesla-ს ელექტრომობილის, Model S-ის უმთავრეს კონკურენტად მიიჩნევა. როგორც ირკვევა, მანქანის სადებიუტო ვერსიამ, რომელიც Dream Edition-ის სახელწოდებით არის ცნობილი და 169 ათასი აშშ დოლარი ღირს, MotorTrend-ის ექსპერტების მოწონება ექვსი კრიტერიუმის გათვალისწინებით დაიმსახურა, მათ შორის – ტექნიკური სრულყოფილების, ეფექტიანობის, დიზაინის, ფუნქციათა შესრულების, უსაფრთხოებისა და ღირებულების.

ამერიკულმა გამოცემამ Lucid Air-ი ისეთ ავტომობილებს შორის შეარჩია, როგორიც 2022 Honda Civic-ი, 2021 Hyundai Elantra, 2021 Mercedes-Benz S-Class-ი, 2022 Mercedes-Benz EQS-ი, 2021 Porsche Taycan-ი და 2022 Toyota GR 86-ია. . შედეგად ის მესამე ელექტრომობილი გახდა, რომელმაც წლის საუკეთესო მანქანის ტიტულის მოპოვება შეძლო. ეს წოდება პირველად 2012 წელს Tesla-ს Model S-ს ერგო, მეორედ კი, 2016 წელს, აღნიშნული სტატუსი Chevrolet-ს Bolt EV-მ დაიმსახურა.

Lucid Air Dream Edition-ი ორი მოდელით არის წარმოდგენილი. აქედან ერთში აქცენტი სისწრაფესა და აჩქარებაზეა გამახვილებული, მეორეში კი – გამავლობაზე. შესაბამისად, Dream Edition P-ის 1,111 ცხენის ძალის მქონე ძრავა აქვს და ელემენტის ერთი დამუხტვით 760 კილომეტრამდე მანძილს გადის. რაც შეეხება Dream Edition R-ს, მისი ძრავა 933 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ელექტრომობილი 840 კილომეტრამდე დისტანციას ფარავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *