ჰარი სტაილზი კოსმეტიკის გენდერულად ნეიტრალურ ხაზს უშვებს

ჰარი სტაილზი კოსმეტიკის გენდერულად ნეიტრალურ ხაზს უშვებს

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი, ჰარი სტაილზი კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების გენდერულად ნეიტრალურ ხაზს, Pleasing-ს უშვებს. ამის შესახებ ინფორმაცია  მან საკუთარ ტვიტერისა და ინსტაგრამის გვერდებზე გაავრცელა. სტაილზმა სოციალურ ქსელში სარეკლამო ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „იპოვე შენი Pleasing-ი“.

ამ დროისთვის Pleasing-ი მომხმარებლებს ფრჩხილის ოთხი ფერის საღებავს, ტუჩსაცხს, ასევე თვალის გარშემო წასასმელად და სახის კანისთვის განკუთვნილ შრატს სთავაზობს. მათი ფასი 20-დან 75 აშშ დოლარამდე მერყეობს. Pleasing-ის ოფიციალურ ვებგვერდზე პროდუქტის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია, მისი მიწოდება კი ნოემბრის ბოლოდან დაიწყება.

„როდესაც გადაწყდა, რომ Pleasing-ი კოსმეტიკური საშუალებების ბრენდი უნდა ყოფილიყო, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, ეს ისეთი პროდუქცია იქნებოდა, რომელსაც თავადაც გამოვიყენებდი. არ მინდოდა, ისინი ადამიანების შესანიღბად შემექმნა, ამ პროდუქტის დახმარებით მათი სილამაზის წარმოჩენა მსურდა“, – განაცხადა ჰარი სტაილზმა.

აღსანიშნავია, რომ Pleasing-ის სარეკლამო კამპანიაში როგორც მოდელი ქალები, ისე კაცები მონაწილეობენ, ვინაიდან პროდუქცია ორივე სქესის წარმომადგენელთათვის არის განკუთვნილი. პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბრენდი ეხმიანება „უნიკალური იდენტობების სიმრავლეს ჩვენს საზოგადოებაში“.

გამოცემა Dazed-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰარი სტაილზმა განაცხადა, რომ კოსმეტიკის ხაზზე კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მუშაობდა. როგორც მომღერალი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში Pleasing-ისგან უფრო მეტ პროდუქტს უნდა ველოდოთ.