მოზამბიკის შეიარაღებულმა ძალებმა, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მებრძოლ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში მყოფი ჯიჰადისტური ჯგუფის ლიდერი მოკლა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბონომადე მაჩუდე ომარი, ასევე ცნობილი, როგორც იბნ ომარი, მეამბოხეებს 2017 წელს დაწყებული კონფლიქტის პირველივე დღიდან ხელმძღვანელობდა.
ერთი თვით წინ, მოზამბიკის არმიამ, რუანდასა და სამხრეთი აფრიკის რამდენიმე ქვეყნის ჯარისკაცთა მხარდაჭერით, ისლამისტების წინააღმდეგ შეტევა წამოიწყო. მთავრობის განცხადებით, იბნ ომარი და მისი ორი თანამოაზრე, ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული დაჯგუფებიდან, მაკომიას ტყეში, სწორედ მოკავშირეებთან ერთად ჩატარებული ოპერაციისას მოკლეს.
ცნობისთვის, ორი წლის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ომარი ტერორისტულ ლიდერად და კაბო დელგადოს პროვინციაში თავდასხმებში, მათ შორის სასტუმრო „პალმაში“ ათობით ადამიანის მკვლელობაში, დამნაშავედ ცნო. ამ ეტაპზე, მოზამბიკის მთავრობის გარდა, არც ერთი დამოუკიდებელი წყარო, იბნ ომარის ლიკვიდაციას არ ადასტურებს.
გაეროს განცხადებით, ჩრდილოეთ მოზამბიკში არსებულმა ძალადობამ მილიონობით ადამიანს საკუთარი სახლების დატოვებისკენ უბიძგა. კონფლიქტის შედეგად, შეჩერებულია რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირის პროექტიც.
გაზითა და ლალით მდიდარი პროვინცია კაბო დელგადო, სწორედ შემოსავლიანი ბუნებრივი რესურსების გამო, ისლამისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველ ტერიტორიად იქცა. პროვინციაში რამდენიმე მრავალეროვნული კომპანიაც ოპერირებს.