მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 2023 წლისთვის ზრდის, 2024-სთვის - ამცირებს

მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 2023 წლისთვის ზრდის, 2024-სთვის - ამცირებს

მსოფლიო ბანკმა ეკონომიკის გლობალური ზრდის პროგნოზები განაახლა. ფინანსური ინსტიტუტი 2023 წელს გლობალური ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალ ზრდას ვარაუდობს, რაც აშშ-ის სამომხმარებლო ხარჯების მატებითა და ჩინეთის პანდემიისგან აღდგენის ტემპების დამსახურებაა.

მსოფლიო ბანკი გლობალური ზრდის პროცესზე საუბრისას ყურადღებას რამდენიმე გამოწვევაზე ამახვილებს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ინფლაცია, შედეგად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი, პანდემიის შემორჩენილი ეფექტები, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები და უკრაინაში მიმდინარე ომია.

მიუხედავად აღნიშნული პრობლემებისა, მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ გლობალური ეკონომიკა წელს 2.1%-ით გაიზრდება. იანვარში გაცხადებული ზრდის პროგნოზი კი 1.7% გახლდათ. მიუხედავად ამისა, დაგეგმილი ზრდა მაინც ჩამორჩება წინა წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს, რომელიც 3.1%-ს შეადგენდა.

სანაცვლოდ, მსოფლიო ბანკმა 2024 წლისთვის იანვარში გაჟღერებული გლობალური ზრდის პროგნოზი სამი ერთეულით, 2.7%-დან 2.4%-მდე შეამცირა.

წლის დასაწყისში მოსალოდნელზე უკეთესმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა განვითარებულ სახელმწიფოებში მაღალი ინფლაციის შენარჩუნებას შეუწყო ხელი. შესაბამისად, აშშ-სა და სხვა მდიდარ ეკონომიკებში ინფლაციის შესამცირებლად, მთავარი ფინანსური ინსტიტუტები საპროცენტო განაკვეთის ზრდას განაგრძობენ. მსოფლიო ბანკის განმარტებით, უფრო დაბალი შემოსავლების მქონე სახელმწიფოებისათვის კი მაღალი საპროცენტო განაკვეთი ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს და ფინანსური კრიზისის რისკს ზრდის.