მსოფლიო ბანკმა საქართველოს $50 მილიონის ფინანსური რესურსი დაუმტკიცა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $50 მილიონის ფინანსური რესურსი დაუმტკიცა

მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ საქართველოს $50 მლნ დაუმტკიცა. დაფინანსებას საქართველო კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროგრამული განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების ფარგლებში მიიღებს. 

პროგრამის მიზანია ქვეყანაში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საფინანსო სექტორის განვითარება და დივერსიფიკაცია. ასევე, კომპანიებში ინოვაციებისა და ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდა. 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ქვეყანაში გრძელვადიანი დანაზოგების შექმნას და ეკონომიკის სტიმულირებას უნდა მოხმარდება. 

“საქართველოს მთავრობა მოწოდებულია შექმნას კონკურენტუნარიანი ეკონომიკური გარემო, სადაც კერძო სექტორს ეფექტურად შეეძლება სავაჭრო და საინვესტიციო  შესაძლებლობების გამოყენება, რომელსაც ქვეყანას მისი გეოგრაფიული მდებარეობა აძლევს ევროკავშირთან და აზიასთან სიახლოვის თვალსაზრისით. ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას ხელი მაღალმა შემოსავლებმა შეუწყო. მსოფლიო ბანკის ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს ამბიციურ გეგმებს გახდეს დინამიური განვითარებადი ბაზარი”, – განმარტავენ მსოფლიო ბანკში. 

ფინანსური რესურსი, რომელიც საქართველომ მიიღო შემდეგნაირად გადანაწილდება – კორპორატიული მართვა (20%); მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა (20%); პირადი და საკუთრების უფლებების დაცვა (20%) რეგულაციები და კონკურენციის პოლიტიკა (20%); კერძო სექტორის განვითარება (20%).

მსოფლიო ბანკის საქართველოში განხორციელებულმა კაპიტალდაბანდებებმა 1992 წლის შემდეგ დაახლოებით 2.27 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *