ამერიკულმა Forbes-მა მილიარდერების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ახალ რეიტინგში შესული უმდიდრესი ქალების ნახევრის ქონება იმაზე ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს იყო და ეს ალბათ გასაკვირი არც არის კორონავირუსის პანდემიის გამო. თუმცა, არიან ცალკეული უმდიდრესი ქალები, რომელთა ქონებაც 2020–ში 2019 წელთან შედარებით გაიზარდა.
ახალ რეიტინგში 234 მილიარდერი ქალია, რომელთა საერთო ქონება $927.4 მილიარდია.
რეიტინგში პირველ ადგილს Walmart–ს მმართველი იკავებს $54,4 მილიარდით. ელის უოლტონის ქონება გასულ წელს $10 მილიარდით ნაკლები იყო. ამგვარად მან გადაუსწრო L’Oréal–ის მფლობელს ფრანსუაზა ბეტანკურ–მეიერს, რომელიც წელს უკვე მეორე ადგილზეა უმდიდრესი ქალების რეიტინგში.
მილიარდერების 2020 წლის რეიტინგში 19 ახალი ქალი შევიდა. მათგან ყველაზე მდიდარი ახალბედა ჯულია კოხია, რომელმაც თავისი მეუღლის დევიდ კოხის 2019 წელს გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით დიდი რაოდენობით სიმდიდრე მიიღო. კიდევ ერთი ახალბედა სიაში მაკენზი ბეზოსია, რომელსაც ჯეფ ბეზოსს გაეყარა და განქორწინების შედეგად სოლიდური თანხა ერგო.
უმდიდრესი ქალების ათეული კი სრულად ასე გამოიყურება:
1. ელის უოლტონი
ქონება: $54.4 მლრდ
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: WALMART
Walmart–ის დამფუძნებლის ერთადერთი ქალიშვილი წელს მსოფლიოს უმდიდრესი ქალების რეიტინგის სათავეში მოექცა. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, უოლტონის ქონება გასულ წელთან შედარებით 23%–ით გაიზარდა.
2. ფრანსუაზა ბეტანკურ–მეიერსი
ქონება: $48.9 მლრდ
ქვეყანა: საფრანგეთი
სიმდიდრის წყარო: L’OREAL
L’Oréal–ის დამფუძნებლის შვილიშვილი საფრანგეთში კომპანიის მემკვიდრე 2017 წელს გახდა, მას შემდეგ რაც დედა ლილიან ბეტანკური გარდაიცვალა, ლილიან ბეტანკური იყო მაშინ მსოფლიოს უმდიდრესი ქალი. აღსანიშნავია, რომ ბეტანკურების ქონება გასული წლის შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო $400 მილიონით შემცირდა. კოსმეტიკური გიგანტის აქციების ფასი მარტის პირველ ორ კვირაში 12%–ით დაეცა. გასულ თვეს L’Oréal-ში განაცხადეს, რომ ისინი ხელის სადეზინფექციო ხსნარის წარმოებას იწყებენ, რათა საფრანგეთის და ევროპის ჯანდაცვის სამსახურებს დეფიციტის აღმოფხვრაში დაეხმარონ.
3. ჯულია კოხი
ქონება: $38.2 მლრდ
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: KOCH INDUSTRIES
წელს კოხი შეუერთდა უმდიდრესი ქალების სიას, ვინაიდან მან და მისმა სამმა შვილმა მემკვიდრეობით მისი მეუღლის, Koch Industries–ის მფლობელისგან აქციების 42% მიიღო. დევიდ კოხი 2019 წლის აგვისტოში 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
4. მაკენზი ბეზოსი
ქონება: $36 მლრდ
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: AMAZON
მაკენზი ბეზოსი Amazon–ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთან განქორწინების შემდეგ პირველად მოხვდა ამ სიაში. არაერთი ჯილდოს მფლობელმა მწერალმა მისი ქმრის გიგანტი კომპანიისგან აქციების მეოთხედი მიიღო.
5. ჟაკლინ მარსი
ქონება: $24.7 მლრდ
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: ტკბილეულობის და ცხოველთა საკვების ბიზნესი
მარსმა და მისმა ძმამ ჯონმა მემკვიდრეობით მიიღეს ტკბილეულობის მწარმოებელი კომპანია M&Ms–ის და Milky Way–ის შემოსავლების მესამედი. ჟაკლინ მარსის კიდევ ერთი ძმის ფორესტ ჯუნიორის ოთხი ქალიშვილი Mars–ის დანარჩენ ნაწილს ფლობს, რომელსაც ასევე აქვს ცხოველების საკვებისა და ვეტერინარული სერვისის ბიზნესი.
6. იან ჰუეიანი
ქონება: $20.3 მლრდ
ქვეყანა: ჩინეთი
სიმდიდრის წყარო: უძრავი ქონების ბიზნესი
58 წლის იან ჰუეიანი ჰონგ–კონგის უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშე Country Garden–ის 57%–ს ფლობს. აღნიშნული კომპანია იანის მამამ დააარსა და ის თავმჯდომარეობს, თავად იანი კომპანიის საბჭოშია. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კომპანიამ ავტომატიზებული საკვების ე. წ სადგურები გახსნა რობოტების დახმარებით ქალაქ ვუჰანში, რათა დახმარებოდა სამედიცინო პერსონალს საკვებით უზრუნველყოფაში.
7. სუზან კლატენი
ქონება: $16.8 მლრდ
ქვეყანა: გერმანია
სიმდიდრის წყარო: BMW, ფარმაცია
კლატენი გერმანელი ავტომწარმოებელი BMW–ის ერთ–ერთი აქციონერია. ის გერმანიაში ყველაზე მდიდარი ქალია. კლატენი ასევე ფარმაცევტული კომპანია Altana–ს კერძო მესაკუთრე და ხელმძღვანელია.
8. ლორენ პაუელ ჯობსი
ქონება: $16.4 მლრდ
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: APPLE, DISNEY
ლორენ პაუელ ჯობსი APPLE–ის შემქმნელის სტივ ჯობსის ქვრივია. „მე არ ვარ დაინტერესებული სიმდიდრის შექმნით და ჩემმა შვილებმა ეს იციან. სტივიც არ იყო ამით დაინტერესებული“, – აღნიშნა თებერვალში პაუელმა New York Times–სთან ინტერვიუში. მისი ქონება გასულ წელთან შედარებით $2.2 მილიარდით შემცირდა, ვინაიდან დაეცა Disney–ის აქციის ფასი.
9. ჟონ ჰუიხუანი
ქონება: $14.6 მლრდ
ქვეყანა: ჩინეთი
სიმდიდრის წყარო: ფარმაცია
ჟონი წამლის მწარმოებელ ჩინურ კომპანია Hansoh Pharmaceutical–ს თავმჯდომარეობს. აღნიშნული კომპანია აწარმოებს ანტი დიაბეტურ, ონკოლოგიურ და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. ამ კომპანიის აქციების ფასი 10%–ით გაიზარდა იანვრის დასაწყისიდან მარტის შუა რიცხვამდე. აღსანიშნავია, რომ ჟონი დაქორწინებულია ასევე მილიარდერ სუნ პიაოიანგზე, რომელიც Jiangsu Hengrui Medicine–ის ხელმძღვანელია.
10. ჯინა რაინჰარტი
ქონება: $13.1 მლრდ
ქვეყანა: ავსტრალია
სიმდიდრის წყარო: სამთო–მოპოვებითი სფერო
ჯინა რაინჰარტი ავსტრალიაში ყველაზე მდიდარი ადამიანია, მან სიმდიდრე რკინის მადნებით დააგროვა. ის სამთო მრეწველობით და სასოფლო სამეურნეო კომპანია Hancock Prospecting Group–ის ხელმძღვანელია 1992 წლიდან. მისი ქონება გასულ წელს $2 მილიარდით შემცირდა კორონავირუსის გამო, თუმცა, ის კვლავ რჩება ერთ–ერთ ყველაზე მდიდარ ქალად მსოფლიოში.