ცოტა ხნის წინ Transfermarkt-მა ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებები განაახლა. მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის სტატუსს ამ დროისთვის ოთხი სპორტსმენი ინაწილებს – ჯუდ ბელინგემი, ერლინგ ჰაალანდი, ვინისიუს ჯუნიორი და კილიან მბაპე. ოთხივე მათგანის საბაზრო ფასი 180 მილიონ ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამ ფეხბურთელებიდან სამი ფორვარდია, ერთი კი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. შედარებით დაბალი საბაზრო ღირებულება აქვთ სხვა პოზიციებზე მოთამაშე ფეხბურთელებს. მაგალითად, დაცვაში მოთამაშეებს შორის ყველაზე ძვირად, 80 მილიონ ევროდ, უილიამ სალიბა და რუბენ დიაში ფასობენ. რაც შეეხება მეკარეებს, ამ შემთხვევაში საბაზრო ღირებულება კიდევ უფრო იკლებს. მოცემული დროისთვის, ყველაზე ძვირად ღირებული მეკარის ფასი ყველაზე ძვირად ღირებული მცველის ფასის ნახევარია.
მეკარეებს შორის საბაზრო ღირებულებით პირველობას სამი მოთამაშე იყოფს – დიოგო კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა და გრეგორ კობელი. სამივე მათგანის ფასი 40 მილიონი ევროა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეების ათეულში საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის“ ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი გვხვდება, რომლის ღირებულება მარტში 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 35 მილიონ ევროს გაუტოლდა.
მსოფლიოს ტოპ-10 ძვირად ღირებული მეკარე:
- დიოგო კოშტა (პორტუგალია, „პორტო“) – 40 მილიონი ევრო
- ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია, „პსჟ“) – 40 მილიონი ევრო
- გრეგორ კობელი (შვეიცარია, „ბორუსია დორტმუნდი“) – 40 მილიონი ევრო
- მაიკ მენიო (საფრანგეთი, „მილანი“) – 38 მილიონი ევრო
- გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, „ვალენსია“) – 35 მილიონი ევრო
- გულიელმო ვიკარიო (იტალია, „ტოტენჰემი“) – 35 მილიონი ევრო
- დავიდ რაია (ესპანეთი, „არსენალი“) – 35 მილიონი ევრო
- ედერსონი (ბრაზილია, „მანჩესტერ სიტი“) – 35 მილიონი ევრო
- ანდრე ონანა (კამერუნი, „მანჩესტერ იუნაიტედი“) – 35 მილიონი ევრო
- უნაი სიმონი (ესპანეთი, „ატლეტიკ ბილბაო“) – 30 მილიონი ევრო