NASA: ევროპაში, აზიასა და აფრიკაში ძლიერი სიცხეები და ხანძრები ფიქსირდება

NASA: ევროპაში, აზიასა და აფრიკაში ძლიერი სიცხეები და ხანძრები ფიქსირდება

2022 წლის ივნისსა და ივლისში, ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის გარკვეულ ნაწილში ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწია და ნაწილში რეკორდებიც კი მოხსნა.

დასავლეთ ევროპაში, სადაც უკვე ფიქსირდებოდა ძლიერი გვალვა, მაღალმა ტემპერატურამ პორტუგალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ნაწილში ხანძრები გააჩინა. მაგალითისთვის, პორტუგალიის ქალაქ ლეირიაში, ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწია და 3,000 ჰექტარზე მეტი გადაწვა. საერთო ჯამში, ქვეყნის ტერიტორიაზე მეხანძრეებს ხანძრის 14 კერასთან  მოუწიათ გამკლავება.

NASA-ს განცხადებით, მსგავსი ექსტრემალური სიცხეები პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და იწვევს სხვადასხვა სახის დამანგრეველ შედეგებს მსოფლიო მასშტაბით. მათ შორისაა ხანძრები, რომლებიც ახლა ჩნდება ევროპასა და აფრიკაში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი აქტიურად მძვინვარებდა ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე.

ვიზუალიზაცია: NASA Earth Observatory

აღსანიშნავია, რომ მაღალმა ტემპერატურამ პრობლემები შექმნა იტალიაშიც, სადაც მარმოლადას მყინვარის ნაწილის ნგრევის შედეგად, თოვლისა და ყინულის ზვავს თერთმეტი მოლაშქრე შეეწირა. ხოლო გაერთიანებულ სამეფოში, მეტეოროლოგიურმა ოფისმა მოსახლეობა ტემპერატურის რეკორდულ მაჩვენებლამდე შესაძლო მატებასთან დაკავშირებით უკვე გააფრთხილა.

ჩრდილოეთ აფრიკაში, კერძოდ კი ტუნისში, ხანძრებისა და სიცხეების გამო ქვეყნის მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა. ტუნისის დედაქალაქში 13 ივლისს ტემპერატურა 48 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა და უკანასკნელი 40 წლის რეკორდი მოხსნა. ირანში კი, ივნისის ბოლოს დაფიქსირებული 52 გრადუსი ცელსიუსის შემდგომ, მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება. რაც შეეხება ჩინეთს, ქვეყნის ნაწილში მაღალი ტენიანობისა და ღამით თბილი ტემპერატურის შედეგად, სიცოცხლისთვის საშიში პირობებიც კი შეიქმნა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *