NASA მარსის მსგავს გარემოში საცხოვრებლად მოხალისეებს ეძებს

NASA მარსის მსგავს გარემოში საცხოვრებლად მოხალისეებს ეძებს

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია, NASA, მარსის სიმულაციურ მისიაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს ეძებს. სიმულაციური მისია დედამიწის ზედაპირზე ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მიზანი სააგენტოსთვის „წითელ პლანეტაზე“ ადამიანის ფუნქციონირების პროცესების შესწავლაში დახმარებაა. საერთო ჯამში NASA-ს სამი ასეთი მისია აქვს დაგეგმილი. აღნიშნული, მეორე მისია CHAPEA-ს სახელითაა ცნობილი და ის 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

CHAPEA-ს ყოველი მისიის ფარგლებში 4-კაციანი ეკიპაჟი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც იცხოვრებს და იმუშავებს ჰიუსტონში, NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში სპეციალურად მოწყობილ 157 კვადრატული მეტრი სიდიდის 3-D-პრინტერით დაბეჭდილ არეალში.

საცხოვრებელი, იგივე ჰაბიტატი პლანეტა მარსზე მისიის პოტენციურ გამოწვევებს ასიმულირებს. სიმულაცია გულისხმობს რესურსების შეზღუდვას, აღჭურვილობის გაუმართაობას, საკომუნიკაციო სისტემების შეფერხებასა და სხვა გარემო ფაქტორებს. ეკიპაჟის წევრების ამოცანა კი სხვადასხვა დავალებისა და სამუშაოს შესრულებაა, რომელთა შორისაც შედის კოსმოსში სიმულაციური გასეირნება, რობოტექნიკის ოპერაციები, ჰაბიტატის შენარჩუნება, ვარჯიში და პლანეტის ზედაპირზე მოსავლის მოყვანა.

აღნიშნული მისიისთვის NASA 30-55 წლის ჯანმრთელ, მოტივირებულ აშშ-ის მოქალაქეებსა და მუდმივ რეზიდენტებს ეძებს, რომლებიც არ არიან მწეველები და კარგად ფლობენ ინგლისურს ეკიპაჟის წევრებთან გამართულად კომუნიკაციისათვის. NASA-ს განმარტებით, აპლიკანტს უნდა ჰქონდეს სურვილი, გამოსცადოს უნიკალური თავგადასავალი და ინტერესი, რომ დაეხმაროს სააგენტოს მარსზე პირველი ეკიპაჟიანი მისიისთვის მომზადებაში.