NASA-ს კუთვნილმა ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა დედამიწიდან 6,500 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავთაშორისი აირისა და კოსმოსური მტვრის ღრუბელი დააფიქსირა, რომელსაც „შემოქმედების სვეტების“ სახელწოდებით მოიხსენიებენ. შთამბეჭდავი ფოტოსურათი აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„შემოქმედების სვეტები“ არწივის ნისლეულის ერთ-ერთ რეგიონს წარმოადგენს, სადაც ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობს. კოსმოსური ღრუბელი პირველად ასევე NASA-ს კუთვნილმა ჰაბლის ტელესკოპმა 1995 წლის აპრილში დააფიქსირა. ამის შემდეგ კი, 2014 წელს „შემოქმედების სვეტები“ აპარატის ობიექტივში კიდევ ერთხელ მოექცა.
მსგავსი ფოტოები მეცნიერებს ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესზე დაკვირვებისა და კომპიუტერული მოდელის შექმნის საშუალებას აძლევს, რათა უკეთესად გავიგოთ, თუ როგორ იბადებიან და კვდებიან მნათობები მილიონობით წლის განმავლობაში.
NASA-მ ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი, სამეცნიერო ხარისხის ფოტო ივლისში გაასაჯაროვა. ამის შემდეგ აპარატმა არაერთი შთამბეჭდავი სურათი გადაიღო და ციური სხეულების ატმოსფერული მონაცემები შეაგროვა.
შეგახსენებთ, დაახლოებით 30-წლიანი დაგეგმვისა და საფუძვლიანი სამუშაოების შემდეგ აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ $10 მილიარდის ღირებულების ჯეიმს ვების ტელესკოპი კოსმოსში გასული წლის 25 დეკემბერს რაკეტა Ariane 5-ის დახმარებით გაგზავნა.