მიკროსაფინანსო სექტორის რეიტინგი

მიკროსაფინანსო სექტორის რეიტინგი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საქართველოში ფიზიკური პირებისა და მცირე მეწარმეების დაკრედიტებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ფარგლებში მისო-ებისთვის ყველაზე მოგებიანი სეგმენტი, რაც ონლაინსესხები იყო, ფაქტობრივად გაქრა, შესაბამისად, მიკროსაფინანსო სექტორის ბიზნესმოდელი დღეს უფრო მეტად მცირე მეწარმეთა დაკრედიტებაზე არის ორიენტირებული. პანდემიური ვითარების გათვალისწინებით, მისო-ების საკრედიტო პორტფელის რისკის დონე იზრდება, რაც რამდენიმე კვარტალში სექტორში უმოქმედო სესხების ზრდაში აისახება.

საკრედიტო ბაზარზე არსებული გამოწვევების დასაბალანსებლად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საოპერაციო შემოსავლები სხვა სახის აქტივობაზეც არის დამოკიდებული, ესაა ფულადი გზავნილების მომსახურება და ვალუტის გაცვლის ოპერაციები.

დღეისთვის საქართველოში სულ 40 მისო საქმიანობს, მათი რაოდენობა წლიურ ჭრილში 16-ით შემცირდა. ბაზრიდან გავიდნენ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც წარსულში ძირითადად ონლაინსესხების მიწოდებით იყვნენ დაკავებული. მათ შორის 2020 წელს დაიწყო “4ფინანსის“, ანუ “ვივუსის“ ლიკვიდაციის პროცესიც, რომელიც წარსულში სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოგების მქონე მოთამაშე იყო.

2020 წლის 9 თვეში მისო-ების ჯამურმა მოგებამ 12.7 მილიონი ლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში სექტორის მოგება გაუმჯობესებულია, რადგანაც 2019 წლის მდგომარეობით სექტორის ჯამურ მოგება-ზარალში შედიოდნენ ონლაინგამსესხებლები, რომელთაც, მილიონობით ლარის ჩამოწერის გამო, მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი ჰქონდათ. ეს კომპანიები დღეს ბაზარზე აღარ საქმიანობენ, მათ გარეშე კი სექტორის ჯამური ფინანსური შედეგები შედარებით გაუმჯობესებულია.

თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებიდან ირკვევა, რომ სექტორის არაერთი მსხვილი მოთამაშე წელს ზარალზეა, ხოლო ყველაზე დიდი მოგება “რიკო ექსპრესს” აქვს, რაც 9 თვის მდგომარეობით 21.7 მილიონ ლარს შეადგენს.

წმინდა საკრედიტო პორტფელის ზომით კი ბაზრის ყველაზე დიდი მოთამაშე „კრისტალია“, რაც 296 მილიონ ლარს შეადგენს. ეს რამდენიმე მცირე ზომის ქართული ბანკის საკრედიტო პორტფელსაც აჭარბებს.

          

          

          

          

მეთოდოლოგია – საკრედიტო პორტფელისა და მოგება ზარალის რეიტინგში წარმოდგენილი არიან ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთაც გამოქვეყნებული აქვთ 2020 წლის მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიშგებები.

დატოვე კომენტარი

67 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *