დასავლეთის მიერ დაფინანსებული 10 უმსხვილესი მიმდინარე პროექტი

დასავლეთის მიერ დაფინანსებული 10 უმსხვილესი მიმდინარე პროექტი

2024 წელს საქართველოში ინფრასტრუქტურული (კაპიტალური) პროექტების განხორციელებაზე 6 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს. აქ იგულისხმება როგორც ახალი, ასევე მიმდინარე, ანუ წინა წლებში დაწყებული პროექტები. სულ 71 პროექტი განხორციელდება, რომლებზეც უკვე არის დახარჯული 18.5 მილიარდი ლარი, ხოლო 2024-2027 წლებში 16 მილიარდ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს. დახარჯული და დასახარჯი თანხის ჯამი 35 მილიარდი ლარია. 71 პროექტიდან 50 პროექტი საერთაშორისო დონორების, ანუ დასავლური ქვეყნების დაფინანსებით ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 15 მილიარდი ლარია. გაგაცნობთ დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებულ ყველაზე მსხვილ 10 პროექტს, რომლებზეც 2024-2027 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი ფული დაიხარჯება.

  1. ქალაქების საინვესტიციო პროგრამა – 159 მლნ ლარი

პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB, ძირითადი დონორები: იაპონია და აშშ) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 160 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 50 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 109 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ძველ ანაგასა და ქვემო ბოდბეში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში და ქალაქ სენაკში საბავშვო ბაღების მშენებლობას;

ახალციხესა და ზუგდიდში სპორტული კომპლექსების მშენებლობას;

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშენებლობას;

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციას.

  1. თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი – 196 მლნ ლარი

პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე ერთი მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 6 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 190 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

თბილისის მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაციას, რაც მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.

  1. ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება – 270 მლნ ლარი

პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და ევროკავშირის (EU) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 46 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 28 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 242 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

ხაშურში და მიმდებარე დასახლებებში წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) სისტემების რეაბილიტაცია-მოწყობას, კერძოდ, 200 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელის და 45 კმ წყალარინების ქსელის მოწყობას, არსებული 2 სათავე ნაგებობის და მასთან დაკავშირებული სატუმბი სადგურის რეაბილიტაციას, რეზერვუარების მშენებლობას და ა.შ.

  1. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მშენებლობა – 270 მლნ ლარი

პროექტი მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 151 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს  – 150 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 120 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-ი, „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრია“.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას;

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის საგარეჯო-ბადიაურის 17-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას.

  1. ქუთაისის წყალარინების (კანალიზაციის) პროექტი – 321 მლნ ლარი

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების ფონდის (EPTATF) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 30 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 42 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 279 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

ქალაქ ქუთაისში 116 კმ სიგრძის მაგისტრალური წყალარინების ქსელის (კანალიზაციის), 25 კმ სიგრძის კოლექტორისა და 19 სატუმბი სადგურის მოწყობას. ასევე, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას.

  1. იმერეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – 322 მლნ ლარი

პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW, გერმანიის სახელმწიფო ბანკი) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 56 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს 75 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 247 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

სამტრედიაში, ბაღდათში, ვანსა და ყაზბეგში წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) სისტემების რეაბილიტაცია-მოწყობას და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების აშენებას.

  1. ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა – 380 მლნ ლარი

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 4 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 9 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 371 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-ი, „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრია“.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

ალგეთი-სადახლოს 29-კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაციას.

  1. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობა – 472 მლნ ლარი

პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 867 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 250 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 222 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-ი, „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრია“.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 13.7-კმ-იანი საავტომობილო გზის და 9-კმ-იანი გვირაბის მშენებლობას.

  1. თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის მშენებლობა – 579 მლნ ლარი

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 12 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 1.5 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 577 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-ი, „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრია“.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის 32-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას.

  1. თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ავტობანის) მშენებლობა – 685 მლნ ლარი

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“ ახორციელებს, დამფინანსებელი კი ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), აზიის განვითარების ბანკი (ADB), მსოფლიო ბანკი (WB) და ევროკავშირი (EU) არიან. აღნიშნულ პროექტზე 4 მილიარდი ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 515 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 170 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. ეს თანხა არ მოიცავს ავტობანის დასრულებული მონაკვეთების მშენებლობების ხარჯებს. ეს არის მხოლოდ მიმდინარე მშენებლობების დაფინანსება. 

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის 51-კმ-იანი საავტომობილო გზისა და 41 სახიდე გადასასვლელის მოდერნიზაცია-მშენებლობას. აღნიშნულ მონაკვეთზე 2024-2027 წლებში 280 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის 11-კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (რომელიც მოიცავს 17 სახიდე გადასასვლელსა და 3 გვირაბს). აღნიშნულ მონაკვეთზე 2024-2027 წლებში 135 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;

ზემო ოსიაური-რიკოთის მონაკვეთის 14-კმ-იანი საავტომობილო გზის (რომელიც მოიცავს 11 სახიდე გადასასვლელსა და 5 გვირაბს) მშენებლობას. აღნიშნულ მონაკვეთზე 2024-2027 წლებში 120 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის 14-კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (რომელიც მოიცავს 17 სახიდე გადასასვლელს და 10 გვირაბს). აღნიშნულ მონაკვეთზე 2024-2027 წლებში 110 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;

უბისა-შორაპნის მონაკვეთის 13-კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (რომელიც მოიცავს 27 სახიდე გადასასვლელსა და 18 გვირაბს). აღნიშნულ მონაკვეთზე 2024-2027 წლებში 22 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;

ხევი-უბისას მონაკვეთის 12-კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (რომელიც მოიცავს 36 სახიდე გადასასვლელს და 20 გვირაბს). აღნიშნულ მონაკვეთზე 2024-2027 წლებში 18 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.