"$1000-იანი შეკითხვა" ევროპას

"$1000-იანი შეკითხვა" ევროპას

ქართველი ჟურნალისტები ლიბეს კომიტეტის თავმჯდომარეს: როდის ველოდოთ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას?

კლაუდი მოარესი: ეგ ათასდოლარიანი კითხვაა.

1999 წლის 28 იანვარს, ჩაბნელებულ თბილისში რამდენიმე საათით რომ მოვიდა ელექტროენერგია, საბჭოთა კავშირის მიერ გამოშვებული ტელევიზორის დახმარებით გავიგეთ, რომ ევროპის საბჭო საქართველოს თავის რიგებში ელოდებოდა.

“მე ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ სწორედ ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი აქ – ევროპის სასახლის ტრიბუნიდან წარმოვთქვა ქართულად ეს რამდენიმე სიტყვა: მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი”, – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ეს განცხადებაც იმ ზამთრის დღეებიდან არის. ჩემი მოკლე პოლიტიკური მეხსიერების მიხედვით, მეორე დღიდან სკოლაში თუ სამეზობლოში გამოვაცხადეთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ.

თითქმის 18 წელი გავიდა. საქართველო დაუახლოვდა და თანამშრომლობს მრავალ ევროპულ სტრუქტურასთან, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასაც მოაწერა ხელი და დღეს გამოწვევა ევროპელების ევროპაში თავისუფლად გადაადგილების უფლებაა.

როდის?

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე ყველა ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის პროცესის და შესაძლო შედეგების რეალისტურად შეფასების მომხრეა, როგორც მოსახლეობის, ისე ხელისუფლების მხრიდან.

“უვიზო რეჟიმი რაღაც ყოვლისშემძლე მექანიზმი არ არის, რომელიც ქვეყანას ყველა პრობლემას მოუგვარებს”, – აღნიშნავს გიორგი რუხაძე. ანალიტიკოსი Forbes-თან ინტერვიუში იხსენებს, ზუსტად ერთი წლის წინ როგორ დამზადდა სატელევიზიო სარეკლამო რგოლები, თუ როგორ უნდა გადაეკვეთა მოქალაქეს საზღვარი, რა საბუთები იქნებოდა საჭირო და ა.შ. “ამ ყველაფრის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ უვიზოდ მიმოსვლის უფლება მალე გვექნება – ჯერ გაზაფხულზე, მერე ზაფხულში, შემდეგ დრო გავიდა და არც ზამთარში სრულდება ეს ამბავი. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ეს ყველაფერი უნდა დაეჩქარებინა და სხვა მოვლენებს – ლტოლვილების კრიზისი, ტერორიზმის აღზევება, სირიის მოვლენები, დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ – არ უნდა დალოდებოდა”, – აცხადებს რუხაძე.

საქართველოს გარკვეული ტექნიკური პროცედურების დასრულება მართლაც დარჩა, თუმცა, გიორგი რუხაძისგან განსხვავებით, საგარეო უწყებაში ფიქრობენ, რომ ქართულმა მხარემ შენგენის ზონის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების უფლების მოსაპოვებლად ყველაფერი გააკეთა, რაც მის შესაძლებლობებში იყო, საბოლოო სიტყვა კი ევროპელ პოლიტიკოსებზეა.

“სწრაფი შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერებამ ევროკავშირის სტრუქტურების შიგნით, დიდი დრო წაიღო. ეს არ არის ცარიელი სიტყვები, რადგან თავად ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტს შორის კონკურენციაა – მაგალითად, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის”, – ასეთია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის განმარტება სპეციალურად Forbes-ისთვის.

როგორც საუბრიდან იკვეთება, ქართულ მხარეს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში ყველაზე მეტი მუშაობა იტალიასთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან დასჭირდა, რადგან ამ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ევროპელ პარტნიორებს შენიშვნები ჰქონდათ.

“წარსულში ამ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან სამწუხარო ინციდენტებიც იყო, ამიტომ მათ სურდათ, რომ ქართულ მხარეს ეს პროცესები მეტად გაეკონტროლებინა. ამის გამო ევროკავშირის მთელ რიგ სახელმწიფოებში პოლიციის ატაშეს თანამდებობა შეიქმნა”, – გვიხსნის ვახტანგ მახარობლიშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის საპროგნოზო ვადები დარჩენილ პროცედურებთან დაკავშირებით ასე გამოიყურება:

2017 წლის 9 იანვრის კვირა – კენჭისყრა ლიბეს კომიტეტში;

2017 წლის 16 იანვრის კვირა – კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე;

2017 წლის 25 იანვრის კვირა – ევროპარლამენტის გადაწყვეტილების ევროპული საბჭოს მიერ დადასტურება.

ამ ეტაპების გავლის შემდეგ, როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, დაახლოებით თვე-ნახევარია საჭირო ტექნიკური დეტალების დასასრულებლად – გადაწყვეტილების ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნება, ყველა ენაზე თარგმნა და წევრი სახელმწიფოებისთვის ინფორმაციის გადაგზავნა.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ვიზიტორებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის განმავლობაში, 90 დღით შეეძლებათ დარჩენა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტთან მგზავრებს ბიომეტრიულ პასპორტთან ერთად შესაძლოა, მოსთხოვონ შემდეგი დოკუმენტაცია: მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბუთი, დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა და სასტუმროს ჯავშანი.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვარაუდით, მარტის ბოლოს საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *