"ჰუავეის" წარმატების ისტორია

"ჰუავეის" წარმატების ისტორია

1987 წელს დაარსებულმა “ჰუავეიმ” საქართველოში სმარტფონების გაყიდვა 2013 წელს დაიწყო და მალევე დაიკავა გაყიდვებში მესამე ადგილი. მსოფლიო ბაზრის მაჩვენებლები კიდევ უფრო შთამბეჭდავია – 25%-ით გაზრდილი გაყიდვები და 41%-ით გაზრდილი შემოსავალი, როცა მთელი ბაზარი მხოლოდ 3.1%-ით გაიზარდა. წინ ახალი გამოწვევებია – სიახლე კი “ჰუავეის” სტიქიაა. როგორ დაწინაურდება “ჰუავეი” საქართველოსა და მსოფლიო ბაზრებზე? ამაზე “თბილისი ჰუავეის” გენერალურ მენეჯერთან, ლიანგ დონგბოსთან ვისაუბრეთ.

სმარტფონების სწრაფად ცვლადი ბაზრისა და ტრენდების გათვალისწინებით, რა არის “ჰუავეის” გლობალური გამოწვევა? რა ძირითადი მიზანი აქვს კომპანიას უახლოესი მომავლისთვის?

ბოლო წლებია, სმარტფონების ბაზარზე სულ უფრო ძლიერდება კონკურენტული გარემო, რაც ბაზარზე ძველი მოთამაშეების გვერდით ახალი ბრენდების გამოჩენამ განაპირობა და რამაც შედეგად სმარტფონების გლობალური ბაზრის გადანაწილების მკვეთრი ცვლილება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ “ჰუავეი” სმარტფონების წარმოებაში არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩაერთო, ბოლო წლების მონაცემებით მსოფლიო და საქართველოს ბაზარზე გაყიდვებით მესამე ადგილი გვიჭირავს და წლიდან წლამდე ვამყარებთ პოზიციებს. 2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, კომპანიის შემოსავალი 41%-ითაა გაზრდილი. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ IDC-ის მიხედვით სმარტფონების ბაზარი 2016-ში მხოლოდ 3.1%-ით გაიზარდა, “ჰუავეის” გაყიდვებმა 25%-ით იმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ გადაასწრო საბაზრო ტრენდს. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ბაზრის გარეთ 1.6-ჯერ უფრო დიდი ზრდა შეინიშნება, ვიდრე შიდა ბაზარზე.

“ჰუავეიმ” საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია ევროპულ ბაზრებზეც, კერძოდ კი ფლაგმანური სმარტფონების ბაზარზე. GFK-ის მიხედვით, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში “ჰუავეის” საბაზრო წილმა 15%-ს მიაღწია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ 45%-ითაა გაზრდილი “ჰუავეის” ფლაგმანური სმარტფონების გაყიდვებიც. მაგალითად, კომპანიის 2016 წლის ფლაგმანების – Huawei P9-ისა და P9 Plus-ის გაყიდვების მაჩვენებელი 120%-ით გაიზარდა წინამორბედ Huawei P8-ს მაჩვენებელთან შედარებით.

კომპანია სამომავლოდ გეგმავს, მოწინავე პოზიცია დაიკავოს სმარტფონების ბაზარზე, რის მიღწევასაც ხარისხის, ინოვაციებისა და კონკურენტული ფასის მეშვეობით შევძლებთ.

რა გამოარჩევს “ჰუავეის” ბრენდსა და პროდუქტს სხვებისგან? რატომ ირჩევს მომხმარებელი “ჰუავეის”?

რამდენიმე წლის წინ, როდესაც “ჰუავეი” საქართველოს ბაზარზე შემოვიდა, უმეტესწილად აქცენტი კეთდებოდა ბიუჯეტურ მოდელებზე. 2014 წლის აგრესიული მარკეტინგული კამპანიების ხარჯზე, კომპანიის გაყიდვები გაიზარდა და ბაზარზე მესამე ადგილი დავიკავეთ. თუმცა 2015-სა და 2016-ში ძირითადი აქცენტი საშუალო ფასის და ფლაგმანურ მოდელებზე კეთდებოდა. სხვა ბრენდებთან შედარებით ჩვენს უპირატესობას განაპირობებს ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხი, თანამედროვე დიზაინი, ასევე ტექნიკური მონაცემებისა და ფასის იდეალური შეხამება.

ბოლო წლებში “ჰუავეიმ” პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორიცაა Google–ი, ლეგენდარული Leica და Porsche. 2015 წლის ბოლოს Google-თან ერთად შევქმენით ფლაგმანი Huawei Nexus 6P, რომელმაც მთელ მსოფლიოში საყოველთაო აღიარება და სიმპათიები დაიმსახურა. Huawei პირველი ჩინური კომპანიაა, რომელმაც Google-თან ერთად შექმნა Nexus ხაზის პრემიუმ-სმარტფონი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპანიის ნდობა დაიმსახურა. 2016 წელს ლეგენდარულ გერმანულ ოპტიკის მწარმოებელ კომპანია Leica-სთან თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა Huawei P9 – სმარტფონი ორმაგი კამერით. ამ მოდელში ჩამონტაჟებულია Leica-სთან ერთად შემუშავებული ოპტიკა. სულ ახლახან გამოვიდა “ჰუავეის” ახალი P სერიის მოდელები, Huawei P10, P10 PLUS და P10 Lite. ვფიქრობთ, რომ “ჰუავეი” მუდმივად იყურება წინ, ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიები, იზრუნოს ხარისხზე და გადააჭარბოს მოლოდინს.

“ჰუავეი” ქართულ ბაზარზე 2001 წელს გაჩნდა, თუმცა სმარტფონების გაყიდვა მხოლოდ 2013 წელს დაიწყო. რა იყო აქამდე მთავარი ნიში?

სმარტფონების წარმოება “ჰუავეისთვის” შედარებით ახალი ბიზნესია. კომპანია 1987 წელს დაარსდა და მისი მთავარი საქმიანობაა სატელეკომუნიკაციო ქსელების გამართვა, ოპერაციული და საკონსულტაციო მომსახურებისა და აღჭურვილობის წარმოება როგორც ჩინეთის, ისე მის ფარგლებს გარეთ მდებარე საწარმოებში. მის პროდუქციასა და მომსახურებას იყენებენ მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში. მსოფლიოს 50 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორიდან 45-ს ამჟამად “ჰუავეი” ემსახურება. საქართველოში სმარტფონების ბაზარზე შესვლამდე კომპანია აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივ ინტერნეტპროვაიდერებთან და ოპერატორებთან. საქართველოს ბაზარზე საკომუნიკაციო და მობილური ქსელების 75%-მდე “ჰუავეის” შექმნილია. 2013 წლიდან საკმაოდ აქტიურად ჩავერთეთ სმარტფონების ბიზნესში და წლიდან წლამდე ვამყარებთ ამ პოზიციას.

რამდენად კმაყოფილია კომპანია საქართველოს სმარტფონების ბაზარზე შემოსვლით? რა არის მთავარი გამოწვევები და როგორ პასუხობს მათ კომპანია? ზოგადად, რამდენად მნიშვნელო ვანია ქართული ბაზარი “ჰუავეისთვის”?

“ჰუავეი” სმარტფონების ბაზარზე 2013 წელს შემოვიდა და მალევე დაიკავა გაყიდვებში მესამე ადგილი. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და წინააღმდეგობა კომპანიისთვის ის ფაქტი გახლდათ, რომ “ჰუავეი” არის ჩინეთში დაარსებული კომპანია და საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ქვეცნობიერად ვიქეცით უხარისხო ბრენდად. თუმცა, რაც დრო გადის, სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების რიცხვი მკვეთრად მცირდება, რადგან მოსახლეობა თავად დარწმუნდა ჩვენი პროდუქციის ხარისხსა და შესაძლებლობებში. ასევე, ვინაიდან საქართველო ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, საკმაოდ დიდ პრობლემას გვიქმნიდა პარალელური იმპორტი – ე.წ. “ნაცრისფერი ბაზრის” სმარტფონები. “ჰუავეის” არაოფიციალური გამყიდველი ტექნიკის მაღაზიები დუბაიდან ახორციელებენ არაოფიციალური სმარტფონების იმპორტს. თუმცა, 2016 წლის მონაცემებით, პარალელური იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

საქართველოს ბაზარი კომპანიისთვის ძალიან საინტერესო და უნიკალურია. ძალიან მნიშვნელოვანია “ჰუავეის” გლობალური გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის და პირიქით, საქართველოს მაგალითების გამოყენება სხვა ქვეყნებში.

როგორ გამოიყურება თქვენი ქართული გაყიდვები?

“ჰუავეი” საქართველოში უკვე მეოთხე წელია, სტაბილურად იკავებს მოწინავე პოზიციებს. 2017 წელი მხოლოდ ახლა დაიწყო, თუმცა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაყიდული სმარტფონების რაოდენობით, მეორე ადგილს დავიკავებთ. საქართველოში არსებული ტექნიკის ძირითადი ქსელების სმარტფონების გაყიდვებში 15-დან 55%-მდე გვიჭირავს. თუ ადრე საქართველოში იყიდებოდა “ჰუავეის” დაბალფასიანი სმარტფონები, წლიდან წლამდე იზრდება საშუალო და მაღალი კლასის სმარტფონების გაყიდვები. მაგალითად, 2016 წლის ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდა Huawei P9 lite, რომელიც 600-დან 700 ლარამდე საფასო კატეგორიის მოდელია.

“ჰუავეი” მეზობელ ბაზრებზეც წარმოდგენილია? როგორ შეადარებდით გაყიდვებს მეზობელ ქვეყნებში – რა გვაქვს მათთან საერთო და რა – განსხვავებული?

“ჰუავეის” სმარტფონების ბაზარი რეგიონების მიხედვითაა დაყოფილი. საქართველოს გარდა, “ჰუავეი” წარმოდგენილია ყველა მოსაზღვრე ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს სმარტფონების ბაზარზე უფრო დიდი წილი გვიჭირავს. საქართველოში სმარტფონების ბაზარი რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც უფრო განვითარებულია, რაც განპირობებულია მაღალი ხარისხის ქსელებით, სმარტფონების საკმაოდ მაღალი პენეტრაციით, ასევე ტექნიკის საცალო ქსელებისა და კავშირგაბმულობის კომპანიების ჩართულობით.

როგორ დაახასიათებდით სმარტფონის ქართველ მომხმარებელს? რა ახდენს მასზე გავლენას და როგორ არწმუნებთ მას თქვენი ბრენდის გამორჩეულობაში?

საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სმარტფონების მომხმარებლები რამდენიმე ჯგუფად იყოფა. არიან მომხმარებლები, რომელთათვისაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ფასს, ზოგიერთი მომხმარებელი აქცენტს აკეთებს ბრენდზე, ასევე პრესტიჟულობაზე, ტექნიკურ მახასიათებლებზე; არიან მომხმარებლები, რომლებიც ახლობელი ადამიანის ან კონსულტანტის რჩევას ითვალისწინებენ და ა.შ. ზოგადად, საქართველოში სმარტფონების მომხმარებლებს საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვთ ბრენდის მიმართ. “ჰუავეის” ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ ჩვენი მოდელები დაყოფილია სეგმენტების მიხედვით. Y, იგივე Young სერიის სმარტფონები შედარებით ბიუჯეტური მოდელებია, რომლებიც გათვლილია სკოლის მოსწავლეებზე, სტუდენტებზე და ადამიანებზე, რომლებსაც ფუნქციური სმარტფონის ხელმისაწვდომ ფასად შეძენა სურთ. G ანუ Gold სერია საშუალო ფასისა და კლასის სმარტფონებია, რომლებიც ძალიან პოპულარულია ახალგაზრდა ადამიანებს შორის. შემდეგ მოდის P ანუ Premium სერია, ფლაგმანური და საშუალო/ ზედა კლასის სმარტფონები და Mate სერია – ბიზნესკლასის სმარტფონები.

Huawei P10 – თქვენი ამჟამინდელი ფლაგმანი მოდელი – რით სჯობია სხვებს?

Huawei P10 უნიკალური სმარტფონია. პირველ რიგში, აღსანიშნავია მისი კამერა. როგორც P9-ს, ამ ტელეფონსაც ორ კამერასთან ერთად, ჩაშენებული აქვს ორი განსხვავებული მატრიცა – ფერადი 12–მეგაპიქსელიანი და შავ-თეთრი 20–მეგაპიქსელიანი, იმისთვის, რომ სხვადასხვა განათების პირობებში იდეალური კადრები მივიღოთ. ასევე შავ-თეთრი მატრიცით შესაძლებელია ფოტოების გადაღება რეტრო სტილში. წელს ასევე დაემატა Portrait Mode–ი, რაც გვაძლევს საშუალებას, სტუდიურ ხარისხთან მიახლოებული პორტრეტები გადავიღოთ. როგორც უკვე ვთქვით, ეს არის Huawei-სა და Leica-ს მეორე მცდელობა, შეექმნათ განსხვავებული ტიპის კამერაფონი, აწ უკვე Leica Dual Camera 2.0–ის დახმარებით. ორი კამერის საშუალებით შესაძლებელია დიაფრაგმის რეგულირება და ე.წ. “ბოკე” ეფექტების გამოყენება. “ჰუავეის” მიერაა დამზადებული 8-ბირთვიანი Hisilicon Kirin 960, ასევე პირველად მსოფლიოში CAT12 4.5G ინტერნეტის მხარდაჭერით, სწრაფი დატენის ფუნქციით, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ 30 წუთის დატენის შედეგად, ტელეფონი 1 დღის განმავლობაში ვამუშაოთ. “ჰუავეი” P10 საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება აპრილის შუა რიცხვებში.

გეგმავთ, “ჰუავეის” ბიზნესის გაფართოებას საქართველოში? და თუ კი – როგორ?

როგორც უკვე ვთქვით, სმარტფონების გარდა, “ჰუავეის” აქვს ორი ბიზნესმიმართულება: სატელეკომუნიკაციო (Huawei Carrier Business) და კორპორაციული (Huawei Enterprise Business). Telecom მიმართულება საქართველოში საკმაოდ კარგად არის განვითარებული და შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ პირველ ადგილზე ვართ გაყიდვებით როგორც ლოკალურ ბაზარზე, ასევე ევროპისა და აზიის ბაზარზე.

რაც შეეხება კორპორაციულ (Huawei Enterprise) მიმართულებას, არცთუ ისე დიდი ხანია, რაც საქართველოს ბაზარზე შემოვედით და საკმაოდ სერიოზული გეგმები გვაქვს. ვაპირებთ სამთავრობო და კორპორაციულ სექტორს შევთავაზოთ სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები: სერვერები და მონაცემთა შენახვის სისტემები (Storage Systems), ღრუბლოვანი და IT გადაწყვეტილებები (Cloud & IT Solutions), მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურა (Data Centre Infrastructure), ქსელი და ქსელური უსაფრთხოების გადაწყვეტილებები (Network and Network Security Solutions). ასევე გვსურს, განვახორციელოთ გლობალური პროექტები: Smart City, Safe City, eGovernance-ი და ა.შ. აღნიშნული პროექტები აპრობირებული და დანერგილია სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში.

იმედი გვაქვს, რომ კომპანია “ჰუავეის” ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები კორპორაციული სეგმენტის ახალ მომხმარებლებს დააინტერესებს და მათ კონკრეტული ბიზნესამოცანების შესრულებაში დაეხმარება. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *