ლეგალიზებული კანაფი

ლეგალიზებული კანაფი

ქალბატონისთვის განკუთვნილი მარიხუანის ფუფუნების პროდუქტების შექმნის გზით, Beboe-ს კლემენტ კუენი და და სკოტ კემბელი სწრაფად მიიწევენ წინ ახალ მწვანე ეკონომიკაში.

ბევერლი-ჰილზის Barneys-ის მეხუთე სართულზე, Burberry-ის $390-იანი ჩუსტებისა და კრისტიან ლაბუტენის $1,995-იანი წვეტიანი სპორტული ფეხსაცმელების სტელაჟების შემდეგ არის ერთი პატარა მაღაზია მაღაზიაში, სახელად High End-ი. შესაძლოა, ეს არის ყველაზე მოდური მაღაზია მსოფლიოში, იმათ შორის, რომლებიც მოსაწევი მოწყობილობებითა და აქსესუარებით ვაჭრობენ.

აქ სტუმრებს ეგებება მარიხუანის პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, გამოფენილი მარმარილოს მტვერისა და კვარცის კრისტალების ფილაზე, ყველა დამზადებული ორი წლის წინ გახსნილი მარიხუანის ფუფუნების ბრენდის, Beboe-ს მიერ. აქ სამოც დოლარად ნახავთ ყუთს შვიდი შეკეთებული ჯოინთით, ოცდახუთდოლარიან “კონსერვის ქილას” სეთაივას (პლანის ბრენდი) პასტილებით და ასევე Barneys  შავ-ვერცხლისფერი ვეპორაიზერი THC (მძიმე “ტისკის”)-ის  120-ნაფაზიანი მუხტით, ძალიან, ძალიან მაღალ ფასად – 60 დოლარად. არ გინდათ გამოშტერება? მაშინ აქვეა კანაბიდიოლით გაჯერებული კრემი და ნიღბები სახისათვის. 

“ჩვენი ყველა პროდუქტი შექმნილია საღამოს წვეულებისათვის ან კოქტეილ-ფართისთვის და რომ მათ შემდეგ გამოხვიდე”, – ამბობს კლემენტ კუენი, Dolce & Gabbana-ს ყოფილი მენეჯერი, რომელმაც  Beboe ლოსანჯელესელ ტატუისტ სკოტ კემბელთან ერთად დააფუძნა. კომპანიის პროდუქტებს ამ უკანასკნელის დახვეწილი გრაფიკა ამშვენებს. . “ჩვენ ავიტაცეთ ეს კრეატიულობა და მივაწოდეთ იგი გარემოს, რადგან საბოლოოდ ეს ტროას ცხენს ჰგავს… მომხმარებელთა შორის, რომლებიც Barneys-ში შოპინგობენ, ხშირად გვხვდება ასეთები: “პლანი დიდი ხანია არ მომიწევია, მაგრამ მოდი, კიდევ რამე მითხარი ამაზე”.

ამერიკაში კანაფის ლეგალიზაციის დაწყებასთან ერთად 11-მა  შტატმა დაუშვა მარიხუანის რეკრეაციული მოხმარება, ხოლო კიდევ 22-მა – მხოლოდ სამედიცინო გამოყენება. მარიხუანის ბიზნესი სწრაფად ვრცელდება, რასაც მისი პროპონენტები წინასწარმეტყველებდნენ. გასულ წელს მარიხუანის ლეგალურმა ბიზნესმა 10 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და 250 ათასი სამუშაო ადგილი შექმნა, ამასთან, ზოგიერთი კვლევის თანახმად, მომავალ წელს გაყიდვებმა შეიძლება 26 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

სწორედ აქ აქვს Beboe-ს ძლიერი პოზიციები. მაგალითად, მათ High End ბუტიკში კონსიერჟი იღებს თქვენს შეკვეთას და შემდეგ მიტანის სერვისს მიაქვს იგი ლოს-ანჯელესის ნებისმიერ წერტილში (კანონი ჯერ კიდევ კრძალავს პროდუქტის გატანას მაღაზიიდან უშუალოდ კლიენტის მიერ). Beboe ასევე ყიდის თავის პროდუქტს ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა MedMen-ი და Neiman Marcus-ი.

Beboe-ს ზრდასთან ერთად მან დაიწყო დარგის ისეთი დიდი მოთამაშეების ყურადღების მიქცევა, როგორიც არის Green Thumb Industries-ი, აქციონერული კომპანია 2 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციით. მიმდინარე წელს ამ კომპანიამ იყიდა Beboe-ს აქციები სვოპ-გარიგებით, რომელიც თებერვალში დაიხურა. გარიგების პირობები არ გასაჯაროებულა, თუმცა ბიზნესის ინსაიდერები მას $80 მილიონად აფასებენ, ხოლო წლიურ შემოსავლებს – მილიონებად. Beboe-ს პროდუქტები ამჟამად კალიფორნიისა და კოლორადოს 125 მაღაზიაში იყიდება, მაგრამ Green Thumb Industries-ის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ბრენდი სავარაუდოდ ამავე წელს გავრცელდება სხვა შტატებშიც.  

“თუ გინდა მოიგო, სასმელი უნდა გქონდეს და არა ბარი, –  ამბობს GTI-ის გენერალური დირექტორი ბენ კოვლერი. – Beboe არის მაგალითი ისეთი ბრენდული, მომხმარებლისათვის საგანგებოდ შეფუთული პროდუქტისა, რომელიც მომხმარებელთან გულწრფელ ურთიერთობას აყალიბებს”.  

Beboe-ს დამფუძნებლებს კანაფის არამხოლოდ მწვანე და მდიდრული მხარე აქვთ ნანახი. კემბელმა, რომელიც დაქორწინებულია მსახიობ ლეიკ ბელზე, დაიწყო ტატუს სალონში, სადაც ჩუმად ნარკოტიკებითაც ვაჭრობდნენ და ამ პროცესში კავშირები ისეთ ვარსკვლავებთან დაამყარა, როგორიც არიან რობერტ დაუნი  უმცროსი და ჯენიფერ ენისტონი. ამასობაში 42 წლის კუენმა მოასწრო კალიფორნიის უნივერსიტეტის დამთავრება ბერკლიში, სადაც თან პლანი მოჰყავდა და ყიდდა, ვიდრე მოდის ინდუსტრიისკენ არ იბრუნა პირი – Diesel-სა და Net-a-Porter-ში.

კემბელი და კუენი ერთმანეთს 2014 წელს, თვითმფრინავში შეხვდნენ და მარიხუანის ფერმის მოწყობა გადაწყვიტეს. ისინი სწრაფადვე მიხვდნენ, რომ მოგება მოაქვს ბრენდის სახელს – ისევე როგორც მოდის ინდუსტრიაში. მათ თავიანთ ბრენდს დაარქვეს კემბელის დედის მხრიდან ბებიის სახელი – ბერნის ბო, რომელიც  მარიხუანის შემცველ ნამცხვარს უცხობდა ხოლმე კემბელის დედას, რათა მისთვის ონკოლოგიური ტკივილი შეემსუბუქებინა, რომელსაც იგი სკოტის მთელი ბავშვობის განმავლობაში ებრძოდა. დუეტმა შეძლო 1.7 მილიონი დოლარის მოზიდვა მეგობრებისაგან და ოჯახებიდან, მაგრამ როდესაც 2017 წელს პირველი პროდუქტი გამოუშვეს, რომელიც ვიზუალით უფრო Hermès-ის ჩანთას ჰგავდა, ვიდრე დაფასოებულ ნარკოტიკს, დისტრიბუტორებმა ვერ გაუგეს.

“ვიცი, რომ სიგიჟეა, მაგრამ მართლაც არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ 24 საათი გაგლეჯილ კაიფში ყოფნა, – იხსენებს 42 წლის კემბელი. – თავიდან ძალიან ძნელი იყო ხალხის დარწმუნება, რომ ნაკლები THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) ზოგს ერჩივნა კიდეც”.

პასუხად კემბელმა და კუენმა სკეპტიკოსებს უფასო ნიმუშები დაურიგეს. ისინი ხომ უეჭველად მობრუნდებოდნენ ახალი ულუფისათვის ერთი და იმავე რეფრენით: “იცი, ეს ჩემს ცოლს ევასება მაგრად”. Beboe-მ დაამკვიდრა “გამოხშირული “და “დაქნეული” სამომხმარებლო ბაზა, რომლის 70-75%-ს ქალები შეადგენენ. კომპანიის უფროს მენეჯმენტს ასევე უპირატესად ქალები შეადგენენ (ფინანსური დირექტორის,  Microsoft-ის კურსდამთავრებული კეროლ კო ევანსის ჩათვლით), რაც ხელს უწყობს კომპანიას მომხმარებელი ქალების უკეთ გაგებაში. “მათ აქვთ კარგი გემოვნება და ჯანმრთელობაც არ ჰკიდიათ ფეხზე, – ამბობს მარკეტინგის დირექტორი კიანა ანვარიპური, – და მათ ასევე სურთ პროდუქტი ლამაზი დიზაინით”.

რა თქმა უნდა, მდიდრული მწვანეს ოქროდ ქცევა გარანტირებული არ არის: ფედერალური რეგულირების საფრთხე არ გამქრალა _ განსაკუთრებით ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში. თუმცა კემბელი და კუენი არ მოელიან, რომ დარგი ჩაქვესკნელდება. GTI-ის აქციების ფლობით მათ სტიმული მიეცათ, იმის კეთება გააგრძელონ, რაც ყველაზე კარგად ეხერხებათ პირობებში, როდესაც მარიხუანა სულ უფრო ლეგალური და სოციალურად მისაღები ხდება. “პლანის ლეგალიზაციაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იგი არ უიოლებს პლანაქეშს გზას გამოტვინებისაკენ, არამედ უბრალოდ იზიდავს მეტ ადამიანს”, – ამბობს კემბელი.  

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *