იდუმალებით მოცული მწერალი

იდუმალებით მოცული მწერალი

მაქკენზი ბეზოსი არის მწერალი, Amazon-ის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი, მილიარდერი… და ის არ ლაპარაკობს.

მაქკენზი ბეზოსი პრეტენზიული ქალი არ იყო, ეს კი საქმეს ძალიან წაადგა, რადგან 1996-ის დასაწყისში, Amazon-ის სათავო ოფისში პრეტენზიულობის დრო არ იდგა. კაბინეტში უმცროს თანამშრომელთან ერთად იჯდა – სივრცეში, რომელიც კომპანიის სამზარეულოს ერწყმოდა. დღეში 12 საათი – მანამ თანამშრომლები მიკროტალღურ ღუმელთან მისასვლელად ოთახში იჭყლიტებოდნენ – ის საბუღალტრო საქმეს მეთვალყურეობდა. ღამღამობით კი საწყობში მიდიოდა შეკვეთების დასაფასოებლად. „საქმეში სერიოზული წვლილი შეიტანა, – ამბობს მაიკ ჰენლონი, Amazon-ის მეშვიდე თანამშრომელი. – ძალიან ნიჭიერი ადამიანია და იმგვარად ნიჭიერი, რომ მილიარდერის ცოლი თუ ხარ, ვფიქრობ, ეს ნიჭი იკარგება“.

49 წლის მაქკენზის ირგვლივ არსებული იდუმალება თითქოს სახელდახელოდ არის შექმნილი. Amazon-ში გატარებული ადრეული წლების შემდეგ დიდწილად ანონიმურობაში ჩაიკარგა და არც ინტერვიუ მიუცია იანვრის შემდეგ, როცა ქმართან, ჯეფთან, დაშორების ამბავი საჯარო გახდა. წყვილმა განქორწინების პროცესი ივლისში მოიყვანა სისრულეში, რის შედეგადაც მაქკენზის ქმრის Amazon-ის აქციათა 25% ერგო. ეს წილი ამჟამად, $36.1 მილიარდად ფასობს – საკმარისად, რომ წლევანდელ Forbes 400-ში მას მე-15 ადგილი მოეპოვებინა. „კომპანიიდან 50% უნდა აეღო, – ამბობს Amazon-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი, ნიკ ჰანაუერი. – პირველ ხანებში მაქკენზი ჯეფის თანასწორი პარტნიორი იყო“.

თავისი პერსონის შესაფერისად, მაქკენზის ამ სტატიისთვის ჩვენთან არ უსაუბრია. მასზე გარკვეული ინფორმაციის მოსაპოვებლად კვირები გავატარეთ მის 100-ზე მეტ მეგობართან, ყოფილ კლასელსა და თანამშრომელთან დასაკავშირებლად. ამ ძალისხმევამაც კი საკმაოდ ბუნდოვანი სურათი მოგვცა – უკიდურესად პრივატული, თუმცა ნიჭიერი ქალისა, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე ბრწყინვალეა თავის საქმეში.

სან-ფრანცისკოში გაზრდილი მაქკენზი დიასახლისი დედისა და ფინანსური დამგეგმავი მამის შუათანა შვილი იყო. 6 წლის ასაკში 142-გვერდიანი წიგნი დაწერა, სახელად „წიგნის ჭია“. მშობლებმა ის Hotchkiss-ში გაგზავნეს – კონექტიკუტის სკოლა-პანსიონში, სადაც სწავლა დროზე ერთი წლით ადრე დაამთავრა. შემდეგ Cambridge-ში ისწავლა, შემდეგ – Princeton-ში, სადაც ინგლისურში სპეციალიზდა; მისი თეზისის კონსულტანტი ნობელის პრემიის ლაურეტი რომანისტი, ტონი მორისონი გახლდათ. „მისგან, ზოგადად, გაწონასწორებული და მშვიდი ენერგია მოდიოდა, ის ნიჭს ასხივებდა“, – ამბობს მისი ინგლისურის პროფესორი, ჯეფ ნუნოკავა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჰეჯ-ფონდ D.E. Shaw-ში მიიღეს სამუშაოდ, ჯეფ ბეზოსთან ურთიერთობაც იქ დაიწყო, რომელმაც 1994 წელს, Amazon-ის დაფუძნების მიზნით, ჰეჯ-ფონდი დატოვა. მაქკენზი თავიდანვე სერიოზულად იყო ჩართული Amazon-ში. „ოფიციალური თანამდებობები მაშინ რეალურად არავის ჰქონდა… ჰოდა, ისიც პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებდა“, – იხსენებს ტოდ ნელსონი, ასევე ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი.

დაახლოებით იმ დროს, როცა Amazon-ი საჯარო ბაზარზე გავიდა, 1997-ში, მაქკენზი განზე გადგა და მხატვრულ წერაზე კონცენტრირდა. 2005-მდე საჯაროობას ერიდებოდა, 2005-ში კი HarperCollins-მა მისი პირველი რომანი, „ლუთერ ოლბრაიტის გამოცდა“ გამოსცა, რომელიც მორისონმა „იშვიათობად“ მოიხსენია. 2013-ში მაქკენზიმ ახალი წიგნი, „ხაფანგები“ მოაყოლა.

შედარებით ახალი თავები მისი ცხოვრებიდან, ფაქტობრივად, უცნობია. 2018-ში, მან და ჯეფმა $2 მილიარდი გაიღეს უსახლკაროობასთან საბრძოლველად და არაკომერციული სკოლამდელი დაწესებულებების მხარდასაჭერად. მაისში, როცა მათი განქორწინება ფინალურ ფაზას უახლოვდებოდა, მაქკენზიმ Giving Pledge-ს მოაწერა ხელი და პირობა დადო, რომ ქონების, სულ მცირე, ნახევარს ქველმოქმედებას შესწირავდა, თუმცა საკუთარ ბუნებასთან სრულ თანხვდენაში, სიტყვაც არ დასცდენია, რაზე დაიხარჯებოდა ეს მილიარდები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *