თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება

თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება

იყო წარმატებული, ლიდერი ქალი საკმაოდ რთული მისაღწევია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც. ამას უამრავი შრომა, ნებისყოფა და ძალისხმევა სჭირდება. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიუხედავად განათლებისა და მონდომებისა, ლიდერებად ვერ ყალიბდებიან. რა ქმნის ლიდერს, რა როლს თამაშობს იღბალი, რა არის საჭირო ლიდერის უნარების შესაძენად? ამ თემაზე Forbes-ი საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ ადამიანს თამარ კერძაიას ესაუბრა, რომელიც თავის გამოცდილებას გვიზიარებს.

თამარს 14-წლიანი ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული გამოცდილება აქვს. ამჟამად, ევროპის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას იკავებს. ასევე, არის პროფესორი, ტრენერი და სხვადასხვა პუბლიკაციის ავტორი, გერმანიის აკადემის გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიანტი, ბიზნესლიდერთა ფედერაციის – “ქალები მომავლისთვის” – წევრი და სამედიცინო სამართლისა და შრომის სამართლის ექსპერტი.

დიდი ხანია კამათობენ იმის შესახებ, ადამიანები ლიდერებად იბადებიან, თუ შემდეგ ყალიბდებიან ასეთებად. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ლიდერებს გარკვეული თვისებები გამოარჩევს – ენერგეტიკა, მანერები, პროფესიონალიზმი, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ა.შ. თუმცა არის ,,კიდევ რაღაც“. სწორედ ეს ,,კიდევ რაღაც“ არის ალბათ ის თვისება, რომელიც გენეტიკასთანაა კავშირში. თუმცა, ვფიქრობ, ლიდერობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა შესაძლებელია, ამისთვის უბრალოდ დიდი ძალისხმევევაა საჭირო. აქვე აღვნიშნავ, რომ ლიდერობა, მხოლოდ ,,სასიამოვნო“ კომპონენტს არ შეიცავს. ის, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პასუხისმგებლობას. რთულ და კრიტიკულ სიტუაციებში ლიდერმა თავის თავზე უნდა აიღოს როგორც გუნდის გაძღოლა, ისე პრობლემის გადაჭრა და უარყოფითი შედეგის დადგომის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობაც თავად აიღოს, რაც საკმაოდ რთული პროცესია. ამიტომ ლიდერობა ზოგისთვის მტანჯველიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ვიდრე ლიდერობას გადავწყვეტთ, უნდა გავაცნობიეროთ, ნამდვილად გვინდა თუ არა ეს.

იღბალი? რა როლს თამაშობს იღბალი ლიდერების  წარმატებაში?

იღბალმა შესაძლებელია გარკვეული როლი ითამაშოს ლიდერის წარმატებაში ისევე, როგორც უიღბლობამ წარმატების კრახი განაპირობოს. თუმცა, ზოგჯერ ეს „იღბალი“ ჩვენს წინაა და ამის შემჩნევა და გამოყენება ბევრს არ შეუძლია. ერთი ბავშვობის მოგონება მახსენდება. მამასთან სამსახურში, ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, გასაუბრებაზე მისულ ახალგაზრდა გოგონას გამოცდილების არქონის გამო სამსახურში აყვანაზე უარი უთხრეს. ოთახიდან გასვლისას, გოგონამ კარებთან იატაკის გადაკეცილი ხალიჩა შეამჩნია. იგი დაიხარა, გაასწორა ხალიჩა და ისე გავიდა ოთახიდან. სწორედ მისმა ამგვარმა ქცევა, მამას შეაცვლევინა გადაწყვეტილება და გოგონა სამსახურში აიყვანა. მომავალში, იგი ორგანიზაციის ერთ-ერთი ერთგული და პროფესიონალი თანამშრომელი გახდა. ამ გოგონას შემოსვლამდე, არაერთმა აპლიკანტმა გადაუარა გადაკეცილ ხალიჩას, მაგრამ მხოლოდ ერთისთვის აღმოჩნდა ხალიჩა „იღბლიანი“. ამით იმის თქმა მინდა, რომ სინამდვილეში, იღბალი ყველგანაა, მაგრამ მხოლოდ ცოტას თუ შეუძლია მისი გამოყენება.

თქვენ როგორც ერთ-ერთი უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ლიდერის უნარები კომპანიის წარმატებაში?

უმნიშვნელოვანესია. კომპანიის წარმატებული საქმიანობისთვის ასობით ადამიანის რესურსის გაერთიანებაა საჭირო. კარგი ლიდერის გარეშე კი, ეს შეუძლებელია. თანამშრომლების მხოლოდ დილიდან საღამომდე სამსახურში დაყოვნებით, მკაცრი დისციპლინითა და სანქციებით, შედეგი არ მიიღწევა. აუცილებელია იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული თანამშრომელი ბედნიერია, სადაც ადამიანებს აქვთ მოტივაცია, გაერთიანდნენ საერთო საქმის გარშემო, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი და ერთად აიყვანონ კომპანია წარმატების ახალ საფეხურზე. ეს უდიდესი სიამაყისა და ბედნიერების შეგრძნებას იწვევს მათში, ამასთან, ყოველი ახალი წინგადადგმული ნაბიჯი კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას მატებს ადამიანებს და ისეთ მწვერვალებს აღწევენ, რაც ადრე ვერც კი წარმოედგინათ. სწორედ ასეთი გუნდი ქმნის წარმატებულ ორგანიზაციას, ხოლო წარმატებულ გუნდს ქმნიან კარგი ლიდერები.

თქვენს შემთხვევაში, რასთან იყო დაკავშირებული ლიდერული უნარების გამომუშავება?

ძალიან დიდ შრომასა და ნებისყოფასთან. პირველად მუშაობა 13 წლის ასაკში დავიწყე. ეს ასე მოხდა: ერთხელ, როგორც მოდას აყოლილმა თინეიჯერმა, საკმაოდ ძვირი და არცისე აუცილებელი ნივთების ყიდვა მოვთხოვე მშობლებს, მამამ სხვათაშორის აღნიშნა, რომ რაც გინდა, ის იყიდე, როცა შენი შრომით იშოვი ფულსო. მეც ვუპასუხე: მომიძებნეთ სამუშაო და თანახმა ვარ – მეთქი. ასე გავხდი დამლაგებელი მშობლების კომპანიაში. მახსოვს, ჩემი უფროსი ბიძაშვილის, ნინო ლობჟანიძის დახმარებით (ახლა ის წარმატებული ექიმია) შრომის ხელშეკრულება შევადგინეთ და მამამაც სიამოვნებით მოაწერა ხელი. სამუშაო ადვილი არ იყო ჩემი ასაკის ბავშვისთვის. ყოველ დილით, 7 საათზე, სკოლაში წასვლამდე მივდიოდი სამსახურში და ვალაგებდი სამუშაო ოთახებს. რთული იყო, თუმცა უკან არ დავიხიე. მიუხედავად სიძნელისა, ძალიან მეამაყებოდა, რომ დამოუკიდებელი შემოსავალი მქონდა. ვატყობდი, მამასაც ვეცოდებობი, მაგრამ არ იმჩნევდა. მახსოვს, როგორ საყვედურობდნენ ახლობლები ჩემს მშობლებს ამ ფაქტის გამო. ამის შემდეგ იყო ძალიან ბევრი სწავლა, გამოცდები, ოლიმპიადები, საერთაშორისო სტიპენდიები, ევროპული და ამერიკული გამოცდილება, სამეცნიერო კვლევები და რაც მთავარია, ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე.

რა დაბრკოლებები შეგხვდათ იმ გზაზე, რომელიც გაიარეთ და იქონია თუ არა ამან უარყოფითი გავლენა თქვენს კარიერაზე?

დაბრკოლებები ნამდვილად ბევრი შემხვდა. რაც მთავარია, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თითოეულმა მათგანმა, ერთგვარად, დადებითი გავლენა მოახდინა ჩემი პიროვნების განვითარებაზე. რომ არა ეს დაბრკოლებები და ის შეცდომები, რომელიც დავუშვი, დღეს ისეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. უნდა ვაღიარო, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემი უკიდეგანო ოპტიმიზმიც  მშველოდა.

რამდენად კარგად იცავთ ე.წ Work-life ბალანსს?

ვცდილობ. მიუხედავად  იმისა, რომ ორ სამსახურში ვმუშაობ, ვატარებ ლექციებს, ტრენინგებს, ვმუშაობ კანონპროექტებზე და ვეწევი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ყოველთვის ვუთმობ დროს ჩემს შვილებს, კვირაში ორჯერ ან სამჯერ ვახერხებ სპორტდარბაზში ვარჯიშს და მეგობრებთანაც საკმაო დროს ვატარებ, ეს ყველაფერი შესაძლოა, რთულია, თუმცა, თუ დროს სწორად გადაანაწილებ, ყველაფერი შესაძლებელია. ვფიქრობ, იმისათვის, რომ ვიყოთ წარმატებულები, აუცილებელია, დრო მაქსიმალურად რაციონალურად და ნაყოფიერად გამოვიყენოთ და დავიცვათ ბალანსიც.

თქვენი პირადი წარმატების ფორმულა რა არის?

ჩემი ფორმულა ასეთია: ნურავის მოექცევი ისე, როგორც არ გსურს, რომ მოგექცნენ. ეს არის მინიმუმი, ხოლო მაქსიმუმია – სხვას მოექცე ისე, როგორც გსურს, შენ რომ მოგექცნენ. ყოველთვის, ამის შესრულება ძნელია, მაგრამ ლიდერი, უნდა ცდილობდეს ამ ფორმულით ხელმძღვანელობას. მეორე, რაც არსებითად მნიშვნელოვანია, გაანალიზო საკუთარი ღირებულებები. წარმატების პირველი ნაბიჯების გადადგმა სწორედ საკუთარი ღირებულებების გაანალიზების შედეგად დავიწყე; იმის გაანალიზებით, თუ რა მიზანი მაქვს, საით მივდივარ და რატომ. ვეცადე, დამესახა გრძელვადიანი მიზნები და შემედგინა გეგმები, რომლებიც ჩემს ღირებულებებთან იქნებოდა ჰარმონიაში. ამ გეგმების განხორციელება ადვილი არ აღმოჩნდა. თუმცა, დღეს, ჩემი გადმოსახედიდან, მომავალ თაობას შემიძლია დარწმუნებით ვუთხრა, რომ ძლიერი ნებისყოფით, ნებისმიერი მიზნისკენ მიმავალი გზის გამოძებნაა შესაძლებელი.

აქვე გკითხავთ… თქვენი აზრით, რამდენად რთულია ქალებისთვის წარმატების მიღწევა საქართველოში?

მართალია, არის გამოწვევები, რომლებიც კონკრეტულად ქალებს ეხება და განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებს. ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელიც ხშირად მეც მხვდებოდა ცხოვრებაში იყო ის, რომ ახალგაზრდა ქალი ვიყავი ყოველთვის იმ სფეროსთვის, სადაც ვსაქმიანობდი. ამასთან, არის კვლევები, რომელიც აჩვენებს, რომ ხელმძღვანელ პოზიციებზე მამაკაცებს უფრო განიხილავენ, ვიდრე ქალებს. ეს ნამდვილად არის გამოწვევა საქართველოში და არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, მინდა ძალიან დიდი სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩემს ორგანიზაციაში – ევროპის უნივერსიტეტში ქალის როლი არის ძალიან გაძლიერებული. ყველანაირად ვუწყობ ხელს მათ განვითარებაში.

თქვენი ორგანიზაცია ძალიან სწრაფად მიიწევს წინ და უდიდესი წარმატებები გაქვთ. რა მიზნები გაქვთ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში?

როგორც ევროპის უნივერსიტეტის რექტორს, ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი მიზანია, რამდენიმე წელიწადში ვიყოთ საუკეთესო უნივერსიტეტი რეგიონში, სადაც როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები მიიღებენ ხარისხიან ევროპულ განათლებას და შეიძენენ ევროპულ ფასეულობებს. რაც შეეხება საკანონმდებლო ასპექტს, ჩემი და ჩემი კოლეგების მიზანია, რამდენიმე წელიწადში საქართველოს კანონმდებლობა კიდევ უფრო დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს და მნიშვნელოვნად გავზარდოთ დემოკრატიულ ფასეულობათა დაცვის ხარისხი ქვეყანაში.

და ბოლოს, რა არის თქვენი მთავარი მიღწევა?

უპირველეს ყოვლისა, მე ვარ დედა და ბუნებრივია ჩემი ყველაზე დიდი წარმატება ჩემი ორი ვაჟია. კარიერული თვალსაზრისით კი, ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ მაქვს საშუალება, ჩემს კოლეგებთან ერთად, რომლებიც საერთო ღირებულებების ირგვლივ ვერთიანდებით, შევიტანოთ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის ფორმირებაში. კერძოდ, დავეხმაროთ ახალგაზრდებს კვალიფიციური განათლების მიღებაში. სწორედ განათლებული ადამიანები შეძლებენ ქვეყნის განვითარებას. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *