COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე Moderna-მ აშშ-ისგან დამატებით $472 მლნ-ი მიიღო

COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე Moderna-მ აშშ-ისგან დამატებით $472 მლნ-ი მიიღო

ფარმაცევტული კომპანია Moderna, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს, აცხადებს, რომ მან აშშ-ის მთავრობისგან დამატებით $472 მლნ-ი მიიღო. როგორც კომპანიაში ამბობენ, დამატებითი თანხები ვაქცინის კანდიდატის განვითარებას მოხმარდება. შეგახსენებთ, Moderna-ს ვაქცინა მესამე ფაზის ტესტირებას გადის.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ აპრილის თვეშიც მიიღო აშშ-ის ფედერალური სააგენტოსგან $483 მლნ-ის ოდენობის დაფინანსება, მაშინ როდესაც საექსპერიმენტო ვაქცინა ჯერ კიდევ ტესტირების პირველ ეტაპებს გადიოდა.

“პირველი ფაზის მონაცემებით წახალისებულებს, გვჯერა, რომ ჩვენს ვაქცინას შეეძლება დაეხმაროს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესს და სამომავლოდ ეპიდემიების პრევენციას“, – განაცხადა კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა სტეფან ბანსელმა პრესრელიზში.

Moderna-ს ვაქცინის კანდიდატის ტესტირების მესამე ფაზა დღეს დაიწყო, რომელშიც 30 000 ადამიანი იღებს მონაწილეობას. როგორც კომპანიაში ამბობენ, ისინი შეძლებენ წლის განმავლობაში 500 მლნ დოზა ვაქცინის წარმოებას, და შესაძლოა, 1 მილიარდამდეც გაზარდონ აღნიშნული რაოდენობა 2021 წლის დასაწყისიდან.

ამჟამად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის მოწინავე პოზიციებზე არიან კომპანიები Pfizer-ი, Novavax-ი და ბრიტანული AstraZeneca.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *