ნიკარაგუის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება

ნიკარაგუის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება

ფოტო: Leonardo Fernandez Viloria

 

ნიკარაგუის ხანგრძლივი მმართველი, პრეზიდენტი დანიელ ორტეგა აცხადებს, რომ ქვეყანაში არჩევნები აღარ გაიმართება. ეს მას მომავალ წელს საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგაც ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

80 წლის ორტეგამ, რომელიც ნიკარაგუას 2007 წლიდან უწყვეტად მართავს, მანამდე კი პრეზიდენტი 1980-იან წლებშიც იყო, განაცხადა, რომ არჩევნების გაუქმება ოპოზიციისთვის ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობას გამორიცხავს. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, როგორ განხორციელდება აღნიშნული აკრძალვა.

„არჩევნები აღარ ჩატარდება, რათა მათ მთავრობის ხელში ჩაგდება და ძალაუფლების მოპოვება არ სცადონ“, – განაცხადა დანიელ ორტეგამ.

მისი თქმით, დასრულდა პერიოდი, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედ პარტიებსა და სომოსას რეჟიმის წარმომადგენლებს ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი ჰქონდათ.

ნიკარაგუის პრეზიდენტის განცხადებაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს კომენტარი დაუყოვნებლივ არ გაუკეთებია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ორტეგას მთავრობას დიქტატურად აფასებს და ნიკარაგუის 2 350-ზე მეტ მაღალჩინოსანსა და მათ ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა.

ნიკარაგუაში ბოლო არჩევნები 2021 წელს ჩატარდა, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ მისი შედეგები გააკრიტიკა. არჩევნებამდე ორტეგას ხელისუფლებამ დააკავა ოპოზიციის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და განსხვავებულ აზრზე კონტროლი გაამკაცრა.

2024 წელს ორტეგამ საკონსტიტუციო ცვლილებების გზით საკუთარი ძალაუფლება კიდევ უფრო გააძლიერა. ცვლილებებით მისი მეუღლე როსარიო მურილიო „თანაპრეზიდენტად“ დაინიშნა, ხოლო საპრეზიდენტო ვადა ექვს წლამდე გაიზარდა. ორტეგასა და მურილიოს გავლენა სახელმწიფო ინსტიტუტების თითქმის ყველა სფეროზე ვრცელდება, მათ შორის შეიარაღებულ ძალებსა და სასამართლო სისტემაზე.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ორტეგასა და მურილიოს მთავრობა ქვეყნის „ავტორიტარულ სახელმწიფოდ“ გარდაქმნაში და ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევებში დაადანაშაულა. 2018 წელს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებს ძალისმიერი მეთოდებით უპასუხა, რის შედეგადაც 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.