აშშ-ის სასამართლომ Anthropic-ის საავტორო უფლებების დავაზე $1.5-მილიარდიანი შეთანხმება დაამტკიცა

აშშ-ის სასამართლომ Anthropic-ის საავტორო უფლებების დავაზე $1.5-მილიარდიანი შეთანხმება დაამტკიცა

ფოტო: Getty Images

 

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ AI-კომპანია Anthropic-სა და მოსარჩელე ავტორთა ჯგუფს შორის მიღწეული $1.5-მილიარდიანი მორიგების შეთანხმება დაამტკიცა. მოსარჩელეთა წარდგენილი ბრალდებით, კომპანიამ AI-ჩატბოტ Claude-ის ტრენინგისთვის ავტორთა წიგნების პირატული ვერსიები ნებართვის გარეშე გამოიყენა.

ისტორიული შეთანხმების კანონიერება დაადასტურა სან-ფრანცისკოს ფედერალურმა მოსამართლემ, არასელი მარტინეს-ოლგუინმა, და უგულებელყო ავტორთა ნაწილის პრეტენზია, რომ კომპენსაციის ოდენობა არასაკმარისი იყო. ეს აშშ-ის ისტორიაში საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული ყველაზე მსხვილი შეთანხმებაა და ასევე პირველი მასშტაბური საქმე, რომელიც AI-მოდელების გაწვრთნასთან დაკავშირებულ სასამართლო დავებში შეთანხმებით დასრულდა.

ცნობისთვის, ავტორთა ჯგუფმა Anthropic-ს 2024 წელს უჩივლა. მათი მტკიცებით, კომპანიამ ნებართვის გარეშე გამოიყენა მათი წიგნების პირატული ვერსიები, რათა თავისი AI-ჩატბოტი Claude-ი ადამიანების მოთხოვნებზე პასუხების გენერირებისთვის გაეუმჯობესებინა.

მოსამართლე უილიამ ოლსაპმა გასულ წელს დაადგინა, რომ Anthropic-ის ქმედება ნაშრომთა „სამართლიანი გამოყენების“ პრინციპებს არ არღვევდა. თუმცა დარღვევად მიიჩნია კომპანიის მიერ საკუთარ საცავში 7 მილიონზე მეტი პირატული წიგნის შენახვა, რომელთა გამოყენება AI-მოდელებისთვის აუცილებელი არ იყო.

ამერიკული კომპანიის ინფორმაციით, შეთანხმებით გათვალისწინებული კომპენსაციის მისაღებად მოთხოვნა ავტორებისა და გამომცემლების 91%-ზე მეტმა უკვე წარადგინა. ავტორთა ნაწილმა შეთანხმება უარყო და Anthropic-ის წინააღმდეგ ცალკე სარჩელი შეიტანა, რომლებიც ამჟამად განხილვის პროცესშია.