დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც დამნაშავედ ცნეს. ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ორდღიანი განხილვის შემდეგ, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი წარდგენილ 34-ვე ბრალდებაში გაამტყუნა.
ტრამპისთვის დამტკიცებული დანაშაულების სპექტრი, მოიცავს ბიზნესთან დაკავშირებული დოკუმენტების გაყალბებასა და 2016 წლის არჩევნებამდე, პორნოვარსკვლავ სტორმი დანიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას.
მოსამართლე ხუან მერჩანი განაჩენს 11 ივლისს, რესპუბლიკელების მხრიდან ტრამპის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადებს. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტიც გეგმავს მონაწილეობის მიღებას, 5 ნოემბერსაა დანიშნული.
ბრალდებიდან გამომდინარე, მაქსიმალურ სასჯელის ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთაა განსაზღვრული. თუმცა, ძირითად შემთხვევებში, სასჯელი უფრო ხანმოკლეა, ანდაც მხოლოდ ფულად ჯარიმასა და პირობით ვადას ითვალისწინებს.
გამარჯვების შემთხვევაში, პატიმრობა ტრამპს საარჩევნო კამპანიის წარმართვასა და თანამდებობის დაკავებაში ხელს არ შეუშლის. ოფიციალურ განჩინებამდე ყოფილ პრეზიდენტს თავისუფლების აღკვეთა არ ემუქრება.
მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და მიმართა: „არჩევანი თქვენზეა. ვერავინ გაიძულებთ გააკეთოთ ის რაც არ გსურთ“. ტრამპმა კი გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდა, დანაშაული უარყო და გასაჩივრებაც დააანონსა. „რეალურ განაჩენს საზოგადოება 5 ნოემბერს გამოიტანს“, – განუცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ტრამპის კომპანია Trump Media-ს აქციების ფასი 9%-ით დაეცა. Forbes-ის შეფასებით, შედეგად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი 532 მილიონ აშშ დოლარს დაკარგავს. შეგახსენებთ, ტრამპი სოციალური მედიაპლატფორმა Truth Social-ის მშობელ კომპანიაში აქციების 65%-ს ფლობს.