ნობელის პრემიის მფლობელები წელს ეკონომიკის დარგში ამერიკელი ეკონომისტები – რობერტ უილსონი და პოლ მილგრომი გახდნენ, მათ ნობელის პრემია აუქციონის თეორიის მიმართულებით შესრულებული მნიშვნელოვანი სამუშაოების გამო მიიღეს.
როგორც Forbes-ი წერს, ეკონომისტებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს აუქციონების მუშაობის პრინციპები და დახვეწეს აუქციონების ჩატარების თეორია. ამის შესახებ შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურმა მდივანმა გორან ჰანსონმა განაცხადა.
“მათმა აღმოჩენებმა სარგებელი მოუტანეს გამყიდველებს, მყიდველებს და გადასახადის გადამხდელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – აღნიშნულია ნობელის პრემიის კომიტეტის განცხადებაში.
როგორც შვედეთის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს, მილგრომისა და უილსონის მიერ შექმნილი თეორია დაეხმარება მსოფლიოს ჰქონდეს ახალი დიზაინის აუქციონების ფორმატები, რომელიც საშუალებას იძლევა გაყიდონ ისეთი პროდუქტი, როგორიცაა რადიო სიხშირე, თევზაობის კვოტა, აეროპორტებში დაფრენის ნებართვები და სხვა მსგავსი პროდუქტები და სერვისები.
ცნობისთვის, ნობელის პრემიის მოცულობა 2020 წელს 10 მილიონი შვედური კრონია, რაც დაახლოებით $1.1 მლნ-ს უდრის. გასულ წელს, ცოტათი ნაკლები – $950 000 იყო.
ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ტრადიციული ცერემონიალი ყოველ წელს სტოკჰოლმში დეკემბრის თვეში იმართება. თუმცა, ამჯერად აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის გამო ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.