ნორვეგია მსოფლიოში გემების პირველი სატრანსპორტო გვირაბის მშენებლობას მალე დაიწყებს. ნორვეგიის სანაპირო ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, მშენებლობა 2022 წელს უნდა დაიწყოს და 2025 ან 2026 წელს დასრულდეს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 1.7 კილომეტრის სიგრძის გვირაბის აშენება, რომელიც სატრანსპორტო გემებს ტვირთის გადატანის შესაძლებლობას მისცემს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გემებს სტადის ნახევარკუნძულის შემოვლა არ დასჭირდებათ და მას სწორედ ამ გვირაბის საშუალებით გადაკვეთენ, ამგვარად ისინი ნახევარკუნძულის ირგვლივ სახიფათო მონაკვეთებს თავს აარიდებენ. ნორვეგიის სანაპირო ადმინისტრაციის მიხედვით, თავის დროზე ვიკინგებიც კი ტოვებდნენ თავიანთ გემებს ხმელეთზე, რათა ცუდ ამინდში ამ ტერიტორიაზე ცურვისთვის თავი აერიდებინათ.
თუმცა, პროექტის მიხედვით, გვირაბი დიდი ზომის გემებს მაინც ვერ გაატარებს.
„ძალიან მაღალი ტალღები ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდება, რაც ხომალდებისთვის კრიტიკულ ვითარებას ქმნის. ცუდი ამინდის შემდეგ ოკეანის მღელვარებამ შესაძლოა, რამდენიმე დღეს გასტანოს – მანამ, ვიდრე ქარი არ ჩადგება, ეს კი გემით მგზავრობას უნალექო ამინდშიც კი ართულებს“, – აცხადებენ სანაპირო ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, ნორვეგიის დასავლეთი სანაპირო ერთგვარ ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენს თევზრეწვისა და აკვაკულტურის კუთხით. ქვეყანა თევზის ექსპორტს 150-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. როგორც მოსალოდნელია, თევზის ექსპორტის მოცულობა ნორვეგიიდან მომდევნო წლებში კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება.
გემების სატრანსპორტო გვირაბის მშენებლობის დაწყება დაახლოებით $8.7 მილიონი ჯდება, რომელიც ქვეყნის 2021 ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს. როგორც მოსალოდნელია, პროექტის საერთო ღირებულება $325 მილიონს მიაღწევს.