ნორვეგია ქვეყანაში რუსი ტურისტების შესვლას თითქმის სრულად აკრძალავს. დასავლური გამოცემების ინფორმაციით, ქვეყანამ აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაში პუტინის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ მიიღო.
ნატოს წევრმა სკანდინავიურმა სახელმწიფომ მეზობელ ქვეყანასთან სავიზო შეზღუდვები ჯერ კიდევ 2022 წელს დააწესა. თუმცა, ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, 29 მაისიდან შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. ცნობისთვის, ქვეყანა რუსეთთან თითქმის 200-კილომეტრიან სახმელეთო საზღვარს იზიარებს.
„ქვეყანაში რუსი ტურისტების შესვლაზე დაწესებული შეზღუდვა თანხვედრაშია ნორვეგიის მიდგომასთან, მხარი დაუჭიროს თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის უკანონო და აგრესიული ომის საპასუხოდ,“ – ნათქვამია ნორვეგიის იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ემილი ენგერის განცხადებაში.
ახალი წესების თანახმად, რუსები, რომლებიც ტურისტული ან სხვა არააუცილებელი მიზნით მოგზაურობენ, ნორვეგიის საზღვრის გადაკვეთას ვეღარ შეძლებენ. განკარგულება ძალაში მიმდინარე წლის 29 მაისიდან შევა.
გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში. მათ შორის იმ პირებისთვის, რომლებიც ქვეყანაში, ნორვეგიაში მცხოვრები ოჯახის ახლო წევრების სანახავად ჩადიან და მათთვის, ვინც ნორვეგიაში, ან შენგენის წევრ სხვა ქვეყნებში, მუშაობენ ან სწავლობენ.