Nvidia ჩიპების ახალ, $30-მილიარდიან ბაზარზე დამკვიდრებას გეგმავს

Nvidia ჩიპების ახალ, $30-მილიარდიან ბაზარზე დამკვიდრებას გეგმავს

ჩიპების მწარმოებელი ტექნოლოგიური გიგანტი Nvidia ბიზნესის გაფართოებას გეგმავს. კომპანიის გეგმა ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ტექნოლოგიის პროცესორებისთვის საჭირო გამოთვლითი ფუნქციების მქონე ჩიპების მიმართულების განვითარებაა.

ცნობისთვის, Nvidia ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ტექნოლოგიების ნახევარგამტარების გლობალური ბაზრის 80%-ს იკავებს, რისი დამსახურებითაც მხოლოდ წელს კომპანიის აქციათა ღირებულება 40%-ით გაიზარდა. Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 2023 წელს თითქმის გასამმაგების შემდეგ, ამჟამად $1.73 ტრილიონს შეადგენს.

Nvidia ჩიპებს ისეთი კომპანიებისთვის ამზადებს, როგორიცაა: OpenAI, Microsoft-ი, Alphabet-ი და Meta Platforms-ი. კომპანიის მიერ წარმოებული H100 და A100 ჩიპები აღნიშნული მომხმარებლებისთვის მრავალფუნქციური პროცესორის დანიშნულებას ასრულებს. ახალი ბიზნესის მიზანი კი მომხმარებლებისათვის პერსონალური საჭიროებებისა და ტექნოლოგიის მქონე ჩიპების დამზადება იქნება.

პერსონალური ჩიპების დამზადების შეთავაზებით Nvidia-ს წარმომადგენლები Amazon-ს, Meta-ს, Microsoft-სა და Google-ს უკვე შეხვდნენ. თუმცა კომპანიის წარმომადგენლები მონაცემთა ცენტრების ჩიპების გარდა, სატელეკომუნიკაციო, ავტოინდუსტრიისა და კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის მომხმარებლებსაც ხვდებიან.

კვლევითი ორგანიზაციების დათვლებით, პერსონალური ჩიპების ბაზრის მოცულობა 2023 წელს $30 მილიარდი იყო. ამჟამად მსგავს ნახევარგამტარების ბაზარზე კომპანიები Broadcom-ი და Marvell-ი დომინირებენ. თუმცა, როგორ შეიძლება ბაზრის განაწილება Nvidia-ს აქტიურად შესვლის შემდეგ, რამდენიმე თვეში გავიგებთ.