Nvidia-ს აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

Nvidia-ს აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ხუთშაბათს, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დაწყების შემდეგ, Nvidia-ს აქციების ფასი ყველა დროის მაქსიმუმამდე გაიზარდა. 4.8%-იანი მატების შედეგად, ჩიპების მწარმოებლის ერთი აქციის ღირებულება რეკორდულ $152.89-ს გაუტოლდა.

თუმცა, ახალი რეკორდის დამყარებიდან მალევე, Nvidia-ს აქციების ღირებულება 3.6%-ით, $140.7-მდე დაეცა. Yahoo Finance-ის მონაცემებით, აქციების ფასის რყევები უჩვეულოდ მაღალი მოცულობის სავაჭრო სესიის ფონზე დაფიქსირდა, სადაც Nvidia-ს 340 მილიონზე მეტი აქცია ივაჭრებოდა – ყველაზე მეტი 15 ოქტომბრის შემდეგ.

Companies Market Cap-ზე, დღევანდელი მონაცემებით, Nvidia-ს აქციების ღირებულება $146.6-მდეა გაზრდილი. საინტერესოა, რომ აქციების ფასის $153-დან $141-მდე ვარდნის პერიოდში, კომპანიამ დაახლოებით $300 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა.

Nvidia, $3.59-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. ამჟამად $3-ტრილიონიანი საბაზრო ღირებულების მქონე კომპანიების ელიტარულ ჯგუფში რჩება – Nvidia და Apple-ი ($3.4 ტრილიონი), შესაბამისად, პირველ და მეორე ადგილებზე, და Microsoft-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $3 ტრილიონს უტოლდება.

ანალიტიკოსების ვარაუდით, ზრდის ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, Nvidia შესაძლოა პირველი კომპანია გახდეს, რომლის საბაზრო ღირებულებაც $4 ტრილიონს გადააჭარბებს. ამ ნიშნულის მისაღწევად, კომპანიის ერთი აქციის ფასმა $163-ს უნდა მიაღწიოს.