ოკუპირებული ცხინვალი და ყირიმი სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას გააღრმავებენ

ოკუპირებული ცხინვალი და ყირიმი სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას გააღრმავებენ

2 თებერვალს, სიმფეროპოლში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „სამხრეთი ოსეთის“ არაღიარებულ მთავრობასა და ე.წ. „ყირიმის“ არაღიარებული რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პროტოკოლის ხელმოწერის ცერემონიალს მხარეთა წარმომადგენლები დაესწრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ არაღიარებული მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ხელი მოეწერა მხარეებს შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელსაც საფუძველი გასულ წელს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ჩაეყარა.

ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ პრესასთან საუბრისას ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ არაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო ფინანსთა მინისტრმა ძამბოლატ ტადტაევმა განაცხადა, რომ მხარეები სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, მეცნიერების, ინდუსტრიულ და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობას გააღრმავებენ.

ოკუპირებული ყირიმის ე.წ. რესპუბლიკის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეებს შორის განისაზღვრა იმ პროდუქციის სია, რომელიც ორივე მხარისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რომელთა ვაჭრობის მაჩვენებელიც მომავალში გაიზრდება.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დე-ფაქტო ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ყირიმის მხრიდან არსებობს შეთავაზება ცხინვალსა და სიმფეროპოლს შორის საგზაო მიმოსვლის რეგულარული სერვისის დაწესების შესახებაც.