Bloomberg-ის ინფორმაციით, ინვესტორების მოსაზიდად და საკუთარი პოპულარობის გასაზრდელად, ოქტომბრიდან OnlyFans პორნოგრაფიული ხასიათის კონტენტს დაბლოკავს. ბრიტანეთში დაფუძნებულმა ამ სერვისმა გადაწყვიტა, რომ საკუთარ მომხმარებლებს პორნოგრაფიული ხასიათის კონტენტის დაპოსტვა აუკრძალოს. თუმცა, სწორედ ამგვარი შინაარსის კონტენტი გახდა თავდაპირველად კომპანიის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი.
მიუხედავად ამისა, OnlyFans-ის განცხადებით, მომხმარებლებს კვლავ ექნებათ საშუალება ატვირთონ ინტიმური ფოტოები და ვიდეობი, მხოლოდ კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად. OnlyFans საკუთარი პოლიტიკის ცვლილებას კომპანიის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივებით ხსნის. კომპანიამ პირველი ნაბიჯი, შემოეთავაზებინა სექსუალური შინაარსისაგან დაცლილი კონტენტი, მიმდინარე თვის დასაწყისში არასექსუალური კონტენტისათვის უფასო სტრიმინგ მომსახურების სახით გადადგა.
გარდა ამისა, OnlyFans-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია საკუთარი 130 მილიონი მომხმარებლის და 2 მილიონი კონტენტის შემქმნელის მიმართ კვლავ ერთგული რჩება. ცნობისათვის, 2-მა მილიონმა კონტენტ-კრეატორმა OnlyFans-ის გამოყენებით 5 მილიარდი დოლარის გამომუშავება შეძლო.
Bloomberg-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიისათვის პოტენციური 1 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია გახდა. როგორც ჩანს, OnlyFans საკუთარი პროფილისა და კონტენტის შეცვლას და კლასიკურ სოცმედია პლატფორმად გარდაქმნას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ OnlyFans 2016 წელს ბრიტანელმა ანტერპრენერმა, ტიმოთი სტოკლიმ, მამამისმა და მისმა ძმამ დააარსეს. პლატფორმამ კი განსაკუთრებული პოპულარობა 2020 წელს, პანდემიისას მოიპოვა. განსაკუთრებით გაზრდილმა პოპულარობამ კი კომპანიის 75%-იანი წილის მფლობელი, ლეონიდ რადვინსკი, მილიარდერად აქცია. თუმცა, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ამ უკანასკნელის ბუნდოვანი წარსულის შესახებ, რომელზეც ჟურნალისტური გამოძიება Forbes-მა აწარმოა.