ოფიციალური მოსკოვი და რიადი ძალიან ახლოს არიან ნავთობის შეთანხმებასთან, რომელიც ე.წ შავი ოქროს წარმოების შემცირებას გულისხმობს. ამის შესახებ რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელმა განაცხადა.
“ვფიქრობ, მთელ ბაზარზე კარგად ესმით, რომ ეს შეთანხმება არის მნიშვნელოვანი და ის სტაბილურობას მოუტანს ბაზარს, ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ“, – განაცხადა კირილ დმიტრიევმა, რომელიც RDIF-ს ხელმძღვანელობს.
OPEC-ისა და მისი მოკავშირე ქვეყნების ვირტუალური შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი, თუმცა, შესაძლოა ხვალისთვის გადაიდოს. როგორც დაგეგმილია, მხარეებმა ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ უნდა იმსჯელონ, რაც ნავთობზე ფასების ე.წ ომის დასრულების წინაპირობა იქნება.
შეგახსენებთ, გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის მხარეებს სთავაზობს დღეში 10 მილიონი ბარელით წარმოების კომბინირებულად შემცირებას.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა. ამჟამად WTI-ის ტიპის ნავთობი 27.94 დოლარი ღირს ბარელზე, ხოლო “ბრენტის“ ტიპის 33.79 დოლარი.